Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ისახავდა მიზნად დნესტრისპირეთის სეპარატისტების ყრილობა


„დნესტრისპირეთის სახალხო დეპუტატების კონგრესის“ შეკრება. 28 თებერვალი.
„დნესტრისპირეთის სახალხო დეპუტატების კონგრესის“ შეკრება. 28 თებერვალი.

მოლდოვის დნესტრისპირეთში სეპარატისტული „კონგრესი“ განიხილებოდა, როგორც ათწლეულების განმავლობაში გაყინული კონფლიქტის ესკალაციის შესაძლო ნიშანი.

28 თებერვალს, კიშინიოვმა, როგორც ჩანს, აიცილა პრორუსი სეპარატისტების მიერ გამიზნული ტყვია, რომელიც ამ რეგიონში მათ მიერ ეკონომიკური გავლენის ხელახალი დამყარების მცდელობისკენ იყო მიმართული.

„დნესტრისპირეთის სახალხო დეპუტატების კონგრესის“ იშვიათმა შეკრებამ, იყო ის ინიციირებული ტირასპოლში თუ მოსკოვის კულისებში, კრემლს მიმართა დაცვის მოთხოვნით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მთავარი ყოველწლიური გამოსვლის წინა დღეს.

კონგრესის საბოლოო განცხადება, როგორც ჩანს, შემუშავებული იყო, რათა დახმარებოდა კრემლის ნარატივს ალყაში მოქცეული რუსი მოქალაქეების და რუსულენოვანი ადამიანების უფლებების დაცვის საჭიროებების შესახებ. თუმცა, მას პირდაპირ არ მოუთხოვია მოსკოვის მიერ აღიარება ან ანექსია.

„კონგრესი სთხოვს რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს (რუსეთის პარლამენტის ზედა პალატას), განახორციელონ ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად მოლდოვის რესპუბლიკის მხრიდან მზარდი ზეწოლის პირობებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგრამ პუტინს 29 თებერვლის გამოსვლაში არ უხსენებია დნესტრისპირეთი, მიუხედავად იმისა, რომ ვრცლად ილაპარაკა საფრთხეებზე, რომლებიც, მისი აზრით, რუსეთის მეზობლებისაგან და დასავლეთიდან მოდის.

დნესტრისპირეთის სახალხო დეპუტატთა კონგრესის ბოლო შეხვედრა 2006 წელს, დაძაბულობის პიკზე ჩატარდა. მაშინ სეპარატისტებმა მოაწყვეს არაღიარებული რეფერენდუმი „რუსეთში პოტენციური მომავალი ინტეგრაციის შესახებ“ და უარყვეს რეინტეგრაცია დანარჩენ მოლდოვაში.

ამ კვირის სეპარატისტთა კონგრესი, რომელიც მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის ჩრდილქვეშ ჩატარდა, მოჰყვა ორ მღელვარე წელს, როდესაც მოლდოვა შიშს გამოთქვამდა, რომ შესაძლოა მეორე რუსული ფრონტი გამხდარიყო და მოსკოვს ადანაშაულებდა ქვეყნისა და მისი პროდასავლური მთავრობის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

რუსული ჯარები 1992 წელს ჩაერივნენ ომში, სადაც სეპარატისტები მოლდოვის მაშინდელი პროდასავლურ ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ. ამ ომმა ათწლეულების განმავლობაში შეუშალა ხელი კიშინიოვის ევროპულ მისწრაფებებს. მოსკოვი ჯარების კონტინგენტს ინარჩუნებს მდინარე დნესტრსა და უკრაინის საზღვარს შორის მდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა მათ გაყვანას ითხოვს.

მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიანიჭეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტმა მაია სანდუმ და მოლდოვის პროევროპულმა მთავრობამ დაიწყო საჯარო კამპანია დნესტრისპირეთის ეკონომიკის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილებზე გავლენის აღსადგენად. ამ კამპანიის ნაწილია ახალი საბაჟო კოდექსი და რეგიონის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ნაკადების რეინტეგრაცია ეროვნულ ჩარჩოში.

დნესტრისპირეთის სეპარატისტების ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი (ცენტრში) ესწრება 9 მაისის აღლუმს ტირასპოლში. 2021 წელი.
დნესტრისპირეთის სეპარატისტების ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი (ცენტრში) ესწრება 9 მაისის აღლუმს ტირასპოლში. 2021 წელი.

სეპარატისტების ლიდერმა ვადიმ კრასნოსელსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეცდება მიაღწიოს დნესტრისპირეთის ინტეგრაციას რუსეთში - 2006 წლის არაღიარებული რეფერენდუმის შესაბამისად.

შემდეგ, თებერვლის ბოლოს, კრასნოსელსკიმ მოიწვია „დნესტრისპირეთის სახალხო დეპუტატების ყრილობა ყველა დონეზე“, რათა განეხილათ „მოლდოვის რესპუბლიკის მიერ განხორციელებული ზეწოლა“. მან განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის ხალხის „უფლებებსა“ და „სოციალურ მდგომარეობას [და] ეკონომიკას“ საფრთხე ემუქრებოდა. ლაპარაკია მოლდოვის მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეხუთედზე, რომლებიც მდინარე დნესტრის ე.წ. მარცხენა სანაპიროზე, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა ცხოვრობენ.

კონგრესის წინ ტირასპოლს, სეპარატისტების დე ფაქტო დედაქალაქს, ახალი ამბები აღარ გაუვრცელებია.

თუმცა, შიში გამოიწვია სეპარატისტების ყოფილი ჩინოვნიკის სპეკულაციამ, რომ კონგრესი მიზნად ისახავდა გამოექვეყნებინა ის, „მოთხოვნა… მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები მოქალაქეების სახელით რუსეთს მიეღო დნესტრისპირეთი Რუსეთის ფედერაციაში".

გენადი ჩიორბა
გენადი ჩიორბა

გენადი ჩიორბამ, რომელიც ამჟამად კრასნოსელსკის რეჟიმთანაა დაპირისპირებული, ფეისბუკზე დაწერა, რომ კონგრესის ჩატარება პირდაპირ კავშირში იყო პუტინის გამოსვლასთან. მისი ვარაუდით, „ბრძანება ამ კონგრესის ჩატარების შესახებ პირდაპირ მოსკოვმა გასცა“.

„კონგრესი შეახსენებს მსოფლიოს 2006 წლის რეფერენდუმს რუსეთთან შეერთების შესახებ“, განაცხადა მან და ივარაუდა, რომ ”29 თებერვალს პუტინი ამას თავის მიმართვაში ახსენებს და ფედერალური ასამბლეა, დაჩქარებული წესით, გადაწყვეტს თხოვნის დაკმაყოფილებას”.

ტირანაში, უკრაინა-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე, სანდუმ უპასუხა შეკითხვას დნესტრისპირეთის შესახებ და თქვა, რომ მოლდოვა "დღეს უსაფრთხოა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის წყალობით". მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიშინიოვი დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტის ძალადობის გარეშე გადაჭრას აპირებს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

„მოლდოვა ერთგულია დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა“, - თქვა სანდუმ. „ის, რასაც დღეს მოლდოვის მთავრობა აკეთებს, არის მცირე ნაბიჯების გადადგმა რეგიონის ეკონომიკური რეინტეგრაციისთვის“.

სეპარატისტთა მიმართვას მოსკოვისადმი თან ახლდა თხოვნა გაეროს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ევროკავშირისადმი. ეს ორი უკანასკნელი წარსულში ცდილობდა მუდმივი მშვიდობის მიღწევას და "გაყინული კონფლიქტის" დასრულებას. კონგრესმა ამ საერთაშორისო ჯგუფებს მოუწოდა „თავიდან აერიდებინათ მოლდოვის ზეწოლა“ და განეახლებინათ მოლაპარაკებები.

დნესტრისპირეთის საკითხი დღესაც რჩება პოტენციურ დაბრკოლებად მოლდოვის ევროკავშირში წევრობის გზაზე.

ბევრი რამ, რისი გაკეთებაც მოლდოვის მთავრობამ გადაწყვიტა - დნესტრისპირეთში ეკონომიკური აქტივობის მოწესრიგება, სეპარატიზმის დასჯა და რუსეთის მფარველობის შეჩერება სეპარატისტებისთვის სუბსიდირებული ბუნებრივი გაზის მიწოდებით - საფრთხეს შეუქმნის სეპარატისტულ ელიტას, რომელმაც სტატუს-კვოს პირობებში უზარმაზარი ქონება დააგროვა.

ეს აჩვენებს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო დნესტრისპირეთის სეპარატისტთა კონგრესის რეალური მიზანი და ნაადრევი გაფრთხილებები გარდაუვალი რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ ანექსიისკენ სწრაფვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG