Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებაზე?


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ.

დღეიდან მარიხუანის მოხმარება არის აბსოლუტურად დაუსჯელი, ანუ ისეთივე ლეგალური ქმედება, როგორიც ღვინის დალევა ან თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ... თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილება საერთოდ არ ეხება ფლობას და საუბარია მხოლოდ მოხმარებაზე...
გიორგი მახარაძე

საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მოქმედებდა მარიხუანის მოხმარებისთვის. თუმცა პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როცა ასეთი ქმედება ხდება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ გამოაცხადა:

„დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი 1282, საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე მუხლში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის“.

მოსარჩელეები, "გირჩის" წარმომადგენლები, ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებდნენ, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფეროა, მისი მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე და არ უქმნის საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ, საჯარო ინტერესს. მოსარჩელეთა განცხადებითვე, მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი ლომთაძე განმარტავს, რას ნიშნავს დღევანდელი გადაწყვეტილება:

5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ამაზე კვლავ დაეკისრებათ მოქალაქეებს 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა, ან 15 დღემდე პატიმრობა....
გიორგი მახარაძე

„საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა რომ, მართალია, მარიხუანის აკრძალვა ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის - ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი ბლანკეტური აკრძალვა, იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული ინდივიდის მიმართ დაწესებული აკრძალვა მარიხუანის მოხმარებისათვის, არის არათანაზომიერი საშუალება ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის და აღნიშნული ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარება არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მესამე პირებს და აღნიშნული ფაქტი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს კანონის გამომყენებლის მიერ“.

ადვოკატ გიორგი მახარაძის თქმით, „დღეიდან მარიხუანის მოხმარება არის აბსოლუტურად დაუსჯელი ანუ ისეთივე ლეგალური ქმედება, როგორიც ღვინის დალევა ან თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ“.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც განმარტა თავის გადაწყვეტილებაში რომ მარიხუანის მოხმარება დასჯადი იქნება, მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით, ზოგიერთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. თუმცა ეს განმარტებაც პრობლემურია, ამბობს გიორგი მახარაძე:

„ვინაიდან ჩვენ მოხმარებაზე ვსაუბრობთ, მოხმარება უნდა დადგინდეს ბიოლოგიურ მასალაში მარიხუანის შემცველობით, შესაბამისად, სად მოვიხმარე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თუ სახლში ამის განსაზღვრა სასამართლოსთვის რთული იქნება.

რაც შეეხება, ფაქტზე წასწრებას, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა კვლავ დარჩება, ვინაიდან, სასამართლოს არაფერი უთქვამს ფლობაზე. 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ამაზე კვლავ დაეკისრებათ მოქალაქეებს 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა, ან 15 დღემდე პატიმრობა.

დღევანდელი გადაწყვეტილება საერთოდ არ ეხება ფლობას და საუბარია მხოლოდ მოხმარებაზე, ანუ ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს ბიოლოგიურ მასალაში მარიხუანის აღმოჩენაზეა ლაპარაკი“, - ამბობს გიორგი მახარაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG