Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წარმოადგენს რუსეთის ნახევრად გასაიდუმლოებული დანაყოფი "შტორმი გლადიატორი"?


რუსეთი ომში ყოფილი პატიმრებისგან შემდგარ ნახევრად საიდუმლო "სასტიკ მოიერიშეთა" ბატალიონს იყენებს
რუსეთი ომში ყოფილი პატიმრებისგან შემდგარ ნახევრად საიდუმლო "სასტიკ მოიერიშეთა" ბატალიონს იყენებს

2022 წლის შემოდგომიდან რუსეთის არმია უკრაინასთან საომრად პატიმრებს იბირებს, მათგან აკომპლექტებს მოიერიშე რაზმებს, რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ უბანზე იბრძვიან.

მაგრამ ასეთ მებრძოლებს შორისაც კი არსებობს ელიტა - ესაა სპეციალური ძალების ბატალიონი, რომელშიც რამდენიმე ასეული, წინა ომებში გამოცდილი მსჯავრდადებული მსახურობს.

ისინი საკუთარ თავს უწოდებენ „გლადიატორებს“, „სპარტაკის“ ფსევდონიმით ცნობილი, 58-ე არმიის შერისხული ყოფილი გენერლის პატივსაცემად.

„პრესტიჟულ“ ბატალიონს მეთაურობს სასტიკი მკვლელობისთვის ნასამართლევი ყოფილი პოლიციელი, ხოლო ზოგიერთი ასეულის პირადი შემადგენლობის ე.წ. გადარჩენის კოეფიციენტი ბრძოლის ველზე 40%-ს არ აღემატება.

საგამოძიებო პროექტი „სისტემა“ შეეცადა იმის გარკვევას, თუ როგორ შეიქმნა ბატალიონი „გლადიატორი“ და რატომ აღარ დარჩება მისგან მალე არაფერი.

"ღამე მშვიდობისა, ჩემო საყვარელო გლადიატორებო, საყვარლებო, ნათესავებო, საერთო ოჯახო"

ამ სიტყვებით იწყება 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთი სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის თანამდებობიდან გადაყენებული მეთაური, გენერალ-მაიორ ივან პოპოვი (ფსევდონიმი „სპარტაკი“) „თავისი მეომრებს“ - 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.

პოპოვი მშვიდი ტონით ჰყვება, რომ ის მეთაურობიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც პრეტენზია წაუყენა რუსეთის არმიის ხელმძღვანელობას. მან დააყენა „საკითხთა წრე“, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებელ გადაჭრას მოითხოვდა.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის თანახმად (ISW), პოპოვს რისხვა დაატყდა რუსეთის შძ-ის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ ვალერი გერასიმოვის სახელზე დაწერილი პატაკის გამო, რომელშიც იგი ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცების როტაციას ითხოვდა.

სულ მალე გენერალი პოპოვი სირიაში „ერთ-ერთ ხელმძღვანელად“ გაგზავნეს.

პოპოვის მონოლოგი შემთხვევით როდი იწყება „გლადიატორებისადმი“ მიმართვით.

გენერალი, რომლის ფსევდონიმია „სპარტაკი“, ასე მოიხსენიებდა 58-ე არმიის მებრძოლებს, მათ შორის, ნახევრად გასაიდუმლოებული ბატალიონ „შტორმ გლადიატორის“ მოიერიშეებს.

ეს დანაყოფი - „შტორმი გლადიატორი“ - არ არის ერთადერთი რუსული ფორმირება, რომელიც პატიმრებისგან შედგება.

ასე მაგალითად, „შტორმ Z“-ის მებრძოლებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2023 წლის სექტემბრამდე გააფორმეს, ხოლო „შტორმ V“-ის მებრძოლების კონტრაქტების მოქმედება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

„გლადიატორი“ კი სხვა „შტორმის“ სახელით ცნობილი დანაყოფებისაგან იმით განსხვავდება, რომ ამაყად ატარებს „სპეცნაზის“ (სპეცდანიშნულების ნაწილის) სტატუსს.

„გლადიატორი“ - ეს არის სპეცდანიშნულების რაზმი“, - უთხრა პროექტ „სისტემას“ ფორმირების ერთ-ერთმა მებრძოლმა.

იმ დოკუმენტებში, რომელსაც რედაქცია გაეცნო, „შტორმი გლადიატორი“ მოხსენიებულია, როგორც სპეცდანიშნულების რაზმი, თუ ბატალიონი, მისი სახელწოდების გასწვრივ ასევე ფიგურირებს რუსული აბრევიატურა ОБСН, რაც იშიფრება, როგორც სპეცდანიშნულების ცალკეული ბატალიონი.


ის ფაქტი, რომ მოგვიანებით შექმნილ დოკუმენტებში განმარტება „რაზმი“ შეიცვალა „ბატალიონით“, შესაძლოა „გლადიატორის“ შემადგენლობის ზრდაზე მოწმობდეს.

ჩვეულებისამებრ ბატალიონი შედგება რამდენიმე ასეულისგან, ხოლო მისი რიცხოვნობა 300-დან 1000-ჯარისკაცამდე მერყეობს.

„გლადიატორის“ წარმოშობა და პირადი შემადგენლობის შერჩევის კრიტერიუმები

გამოგზავნეთ ფრონტზე „ნაკლები კონფეტები და ნამცხვრები“ და უფრო მეტი შეიარაღება და უახლესი კავშირის საშუალება, - „რუსეთის მზრუნველი მოქალაქეებისადმი“ ასეთ თხოვნას შეიცავს „გლადიატორების“ შტაბის უფროსის, „კორნეტის“ (მასზე ქვემოთ იქნება საუბარი - რ. თ.) წერილი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბატალიონი „შტორმი გლადიატორი“, ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში შექმნილა, მაგრამ სხვაგვარად იწოდებოდა - „სპეცდანიშნულების რაზმი "შტორმი Z"“ (არ აგვერიოს ჩვეულებრივ „შტორმ Z“-ში).

ამ მოწოდების ასლი თავის ტელეგრამის არხში განათავსა მოსკოველმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა ალექსანდრ ბაბენკომ. რომელიც რეგულარულად გამოდის კონცერტებით ფრონტის ხაზზე მყოფი „გლადიატორების“ წინაშე.

მისმა ჯგუფმა „როკთეატრმა“ სიმღერაც კი ჩაწერა, რომელსაც მოიერიშეთა სარდლობა „58-ე არმიის არაფორმალურ ჰიმნს“ უწოდებს.

„ჩვენ მივიწევთ წინ, როგორც ქარიშხალი,
შემდეგ კი სინათლით აივსება ჩვენს სახლი.
დავამარცხებთ სიბნელეს, ჯოჯოხეთის გავლით.
უკან გზა მოჭრილი გვაქვს, „შტორმი“ მიიწევს წინ“.

ქვედანაყოფ "შტორმ გლადიატორის" მებრძოლები
ქვედანაყოფ "შტორმ გლადიატორის" მებრძოლები

2023 წლის შემოდგომისთვის, მისი შექმნიდან ერთი წლის შემდეგ, სპეციალური ძალების დანაყოფს „შტორმ Z“-ს ოფიციალურად გადაერქვა სახელი და „შტორმი გლადიატორი“ ეწოდა. და თითქმის მაშინვე, 18 სექტემბერს, „გლადიატორების“ რიგებში რეზონანსული ამბავი მოხდა - ორმაგი მკვლელობა. ტელეგრამის არხ „ასტრას“ ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში, ერთ-ერთი ასეულის მეთაურმა და მისმა მოადგილემ თავიანთი ორი ქვეშევრდომი დახვრიტეს.

კიდევ ერთი ტელეგრამის არხის ვერსიით, მკვლელობა ჩადენილი იყო იმ ფულისთვის, რომელსაც მზრუნველი რუსები რაზმს სწირავენ.

2023 წლის შემოდგომაზე რუსეთის არმიამ დაიწყო მასშტაბური შეტევა ფრონტის ერთბაშად რამდენიმე მიმართულებაზე. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პატიმართა რაზმებისგან შემდგარმა „შტორმმა“, მათ შორის - ელიტურმა ბატალიონმა „გლადიატორმა“, რომელშიც მებრძოლებს შემდეგნაირად არჩევენ:

„თავდაპირველად [კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ] ჩვენ [მსჯავრდადებულებს] გვავარჯიშებდნენ "შტორმ Z"-ში, შემდეგ კი ჩვენთან მოვიდნენ და ქვედანაყოფ "გლადიატორში" წაგვიყვანეს. იქ ყველა ჩვენგანი გამოსასწორებელი კოლონიიდან ვიყავით“, - უთხრა „სისტემას“ ერთ-ერთმა ყოფილმა მოიერიშემ. „გლადიატორში“ მოხვედრის ასეთ სქემაზე საუბრობს რუსი სამხედრო ტყვე, დმიტრი კნაევი იმ ვიდეოში, რომელიც ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს.

„გლადიატორში“, პირველ ყოვლისა, „კარგ ფიზიკურ ფორმაში“ მყოფი, ძალოვან და სამხედრო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანების და, ასევე საბრძოლო მოქმედებების (ძირითადად 1990-იან წლებში ჩეჩნეთში) მონაწილე ვეტერანების ჩარიცხვას ცდილობენ, - უთხრა „სისტემას“ რამდენიმე ანონიმურმა წყარომ, რომლებიც კარგად იცნობენ „შტორმ გლადიატორის“ პირად შემადგენლობას. წყაროების თანახმად, სასწავლო პოლიგონზე „გლადიატორებს“ გამოცდილი ინსტრუქტორები, მათ შორის, ყოფილი „ვაგნერელები“ და ჩეჩნურ დანაყოფ „ახმატის“ მებრძოლები ავარჯიშებენ.

ცდილობენ, რომ ბატალიონში არ მოხვდნენ ცოლიანი მამაკაცები, შესაბამისად, პირადი შემადგენლობის უმრავლესობა ან უცოლოა, ან დაურეგისტრირებელ ქორწინებაში იმყოფება.


„შტორმ გლადიატორის“ მებრძოლებისადმი მოთხოვნები, პრაქტიკულად სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პარამეტრებს, რომლითაც პირველი მსოფლიო ომის დროს მოიერიშეების შერჩევისას ხელმძღვანელობდა გერმანიის სარდლობა. ჯარისკაცი არ უნდა ყოფილიყო 25 წელზე მეტი ასაკის, უნდა ყოფილიყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ამტანი, ათლეტური აღნაგობის და არ უნდა ჰყოლოდა ცოლი“, - ამბობს საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის ექსპერტი რუსლან ლევიევი.

მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის ციხეები არ გამოირჩევიან კარგი კვებითა და განვითარებული სპორტდარბაზებით, რის გამოც ისეთი მსჯავრდადებულიც კი, ვინც გარეთ მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, ციხეში ძალიან სწრაფად კარგავს პირვანდელ ფორმას.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ელიტურ ბატალიონ „შტორმ გლადიატორში“ ყოველთვიური ხელფასი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ბრძოლის ველზე მოქმედ სხვა დანაყოფებში მყოფი ყოფილი პატიმრები იღებენ - ეს არის 100 000 რუსული რუბლი (დაახლოებით 1100 ამერიკული დოლარი). ამასთან, როგორც „სისტემას“ უთხრა ერთ-ერთი „გლადიატორის“ ნათესავმა, ანაზღაურებისა და შეღავათების მიღების მხრივ პრობლემები ელიტური დანაყოფის მებრძოლებსაც ექმნებათ, ხშირად დაბრკოლება დაღუპულ „გლადიატორთა“ ცხედრების ევაკუაციის შემთხვევაშიც იჩენს თავს.

ბატალიონის ხელმძღვანელობა


2013 წლის ნოემბერში ყაბარდო-ბალყარეთის ბაქსანსკის რაიონში რეზონანსული მკვლელობა მოხდა: 23 წლის მამაკაცი ჯერ უნომრო „ლადა პრიორის“ მარკის ავტომობილში ჩაცხილეს, შემდეგ კი დაწვეს. პოლიციამ მალევე დააკავა ეჭვმიტანილი, ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მკვლელი აღმოჩნდა ნალჩიკის მკვიდრი, ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომელი ასლან შურდუმოვი.

სასამართლო სხდომაზე განსასჯელი დაჟინებით იმეორებდა, რომ მოკლული „უკანონო შეიარაღებული ფორმირების“ თანამზრახველი იყო, მაგრამ სასამართლომ ვერ იპოვა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტი.

რუსული მედიის თანახმად, სასამართლომ შურდუმოვს ჯერ 12-წლიანი ციხე მიუსაჯა, მოგვიანებით, 2016 წელს, ყაბარდო-ბალყარეთის უზენაესმა სასამართლომ მისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე შეამცირა.

„ყველა, ვინც ამ ხანმოკლე და ერთობ ემოციური შეხვედრის მონაწილე გახდა, ძლივს იკავებდა ცრემლებს“.
„ყველა, ვინც ამ ხანმოკლე და ერთობ ემოციური შეხვედრის მონაწილე გახდა, ძლივს იკავებდა ცრემლებს“.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 48 წლის შურდუმოვი, როგორც ჩანს, პირდაპირ კოლონიიდან გაემგზავრა ომში და ყოფილი პატიმრებისგან დაკომპლექტებულ ზემოხსენებულ „შტორმ გლადიატორს“ ჩაუდგა სათავეში.

ასლან შურდუმოვი, როგორც „გლადიატორის“ მეთაური, სტავროპოლის გამოცემა „ვეჩერკას“ სტატიაშიც არის ნახსენები. პუბლიკაციაში ლაპარაკია მის შეხვედრაზე 88 წლის პენსიონერ ქალთან, რომელმაც მოიერიშეებისათვის წინდების პარტია მოქსოვა. „ყველა, ვინც ამ ხანმოკლე და ერთობ ემოციური შეხვედრის მონაწილე გახდა, ძლივს იკავებდა ცრემლებს“, - წერდა გამოცემა „ვეჩერკა“. შურდუმოვის სამხედრო წოდებაა პოლკოვნიკი.

„შტორმ გლადიატორის“ შტაბის უფროსია ოფიცერი, მეტსახელად „კორნეტი“.

როგორც „სისტემამ“ შეიტყო, „კორნეტის“ ნამდვილი სახელია ვლადისლავ ოლენსკი, ყოფილი ადვოკატი, რომელსაც ქრთამის აღების ბრალდებით 2019 წელს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ვლადისლავ ოლენსკი კამერის წინ მოკითხვას გადასცემს
ვლადისლავ ოლენსკი კამერის წინ მოკითხვას გადასცემს

საადვოკატო საქმიანობის დაწყებამდე, ოლენსკი პროფესიონალი სამხედრო იყო. მას დამთავრებული აქვს პენზის უმაღლესი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელი, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და მსახურობდა სადესანტო-საპარაშუტო პოლკში. როგორც „სისტემამ“ დაადგინა, „გლადიატორში“ ვლადისლავ ოლენსკი უკვე მაიორის რანგში მსახურობს და შტაბის უფროსის თანამდებობა უკავია.

"საზარბაზნე ხორცი" და მათი კურატორები

მას შემდეგ, რაც 58-ე არმიის სარდალს, გენერალ ივან პოპოვს („სპარტაკი“) სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის რისხვა დაატყდა თავს და 2023 წლის ივლისში ჩამოაშორეს არმიას, რომლის შემადგენლობაშიც შედის „შტორმი გლადიატორი“, - პოპოვი ამ პოსტზე 44 წლის გენერალ-ლეიტენანტმა, დენის ლიამინმა შეცვალა.

უკრაინის წინააღმდეგ ომში პატიმართა მოიერიშე რაზმებს გენერლები გენადი ანაშკინი და დენის ლიამინი ხელმძღვანელობენ
უკრაინის წინააღმდეგ ომში პატიმართა მოიერიშე რაზმებს გენერლები გენადი ანაშკინი და დენის ლიამინი ხელმძღვანელობენ

„სისტემამ“ მოახერხა გასცნობოდა დოკუმენტს, რომელშიც სამხედრო უწყების მიერ, პატიმრებისაგან დაკომპლექტებული მოიერიშე ქვედანაყოფების შექმნის კონცეფციაა ჩამოყალიბებული. დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის თებერვლით არის დათარიღებული, თავდაცვის სამინისტროს მიერ მსჯავრდადებულების სტატუსი განისაზღვრა, როგორც „საზარბაზნე ხორცი“.

2024 წლის იანვრის შუა რიცხვებში „მედიზონისა“ და „ბიბისის“ ჟურნალისტებმა შეძლეს უკრაინაში საომრად გადაბირებული 7,8 ათასზე მეტი პატიმრის დაღუპვის დადასტურება. სწორედ ყოფილი პატიმრებისგან შემდგარი მოიერიშე ბატალიონები გამოიყენება მოწინააღმდეგის პოზიციის ნებისმიერ ფასად დაკავების სასტიკ იერიშში, რომელშიც მებრძოლის გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია.


პატიმრები და მათი ნათესავები აწყდებიან ბევრ პრობლემას, რომელთა გადაწყვეტას არ ჩქარობს სახელმწიფო: პატიმრებმა. ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის თქმით, „სისხლით უნდა გამოისყიდონ დანაშაული“. როგორც ეს იყო სტალინის ეპოქაში, როდესაც ჰიტლერულ გერმანიასთან ომის დროს იქმნებოდა საჯარიმო ასეულები და ბატალიონები.

ამას გარდა, ექსპერტები საუბრობენ მთლიანად რუსეთის საზოგადოების უსაფრთხოების მხრივ არსებულ მზარდ პრობლემაზე.

„პატიმრები საჭიროებენ რესოციალიზაციას, ფსიქოლოგიურ დახმარებას“, - მიიჩნევს უფლებადამცველ პროექტ „რუს სიდიაშჩაიას“ დამფუძნებელი ოლგა რომანოვა. „რუსეთის სახელმწიფო ჯინს უშვებს ბოთლიდან, რაც ბევრ შეკითხვას წარმოშობს უსაფრთხოებაზე საზოგადოების უფლების კუთხით. ვიდრე მკვლელობისა თუ შეიარაღებული ძარცვისათვის მსჯავრდადებულებს გავათავისუფლებდეთ, ან ფრონტზე გავგზავნიდეთ, მათ "მკურნალობა" უნდა გაიარონ, გახდნენ ნორმალური, საზოგადოებისათვის უსაფრთხო ადამიანები“, - ამბობს ოლგა რომანოვა.

გასული წლის ნოემბერში გამოცემა „სააგენტომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 2022 და 2023 წლებში, რუსეთში მკვლელობისთვის ნასამართლევი სულ მცირე 17 ადამიანი შეიწყალა. ყველა მათგანი მონაწილეობდა უკრაინის ომში და ფრონტიდან გათავისუფლებული დაბრუნდა. მათგან ზოგიერთმა შემდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG