Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰყვებიან დაშავებული ჟურნალისტები


50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად.

თბილისის ცენტრში შეკრებილი ჰომოფობიური, აგრესიული ჯგუფები, რომლებიცთბილისი პრაიდისკვირეულს აპროტესტებდნენ, მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ანადგურებდნენ მათ აპარატურას.

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან „პალიტრანიუსის“ ოპერატორი რომა ტარუღიშვილი, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა და „პირველი არხის“ ოპერატორი ილია თვალიაშვილი. საავადმყოფოში არიან ასევე „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლაშვილი და „ფორმულას“ ფოტოგრაფი ვახო ქარელი. რადიო თავისუფლება 5 ივლისს დაშავებულთა მონათხრობებს გთავაზობთ.

რატი წვერავა, „ფორმულა

მე და ჩემი ოპერატორი პარლამენტის წინ ვმუშაობდით. დაახლოებით, პირველი საათი იყო, როცა შეკრებილებში ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი) დავინახე. ამ დროს სხვადასხვა ჯგუფს უკვე დარბეული ჰქონდა „პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები. ვიფიქრე, მეუფე იოანეს ამის შესახებ კითხვას დავუსვამ-მეთქი. ბარიკადებს მიღმა იდგა, მივედი, მაგრამ მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა ჩემ მიმართ აგრესია გამოხატეს: აქ რა გინდა, აქ როგორ აღმოჩნდიო. იქ იყვნენ როგორც საერო, ასევე სასულიერო პირები. ამ ადამიანებმა ამიყვანეს ხელში და გამომათრიეს იქიდან. ჯერ ერთმა დამარტყა, მერე მეორემ, მესამემ. გავიქეცი, მაგრამ საითაც არ გაიხედავდი, ყველა მხრიდან მოიწევდნენ. თან მირტყამდნენ და თან მივრბოდი. ერთმა პერანგი შემომახია, კიდევ ერთი მამაო იყო ჩემს მარცხნივ, ყავა ეჭირა ხელში და სხეულზე გადამასხა. დაახლოებით, 10 წუთი გრძელდებოდა ეს ყველაფერი. საბოლოოდ, მივედი ქაშუეთთან. პირველი სამართალდამცავი აქ დავინახე. ისიც ვერ დამიცავდა, რადგან 60 კაცი მომდევდა. ავტომობილში რომ ჩავჯექი, იქაც მივარდებოდნენ. ფოტო რომ გავრცელდა, მამაო რომ არის, მას, სავარაუდოდ, გავყავდი იქიდან. თუ გავყავდი, მადლობა მინდა გადავუხადო. მაგრამ ერთს გავყავდი და დანარჩენი ათი მირტყამდა ხელს, ხელკეტს, ჯოხს. ერთმა ჯვარი ჩამარტყა.

ახლა დაჟეჟილობები მაქვს. ტვინის შერყევას, საბედნიეროდ, გადავურჩი, მაგრამ ორდღიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს. მითხრეს, რომ საქმე აღიძრა. უკვე დააკავეს ვინმე თუ არა ჩემს საქმეზე, არ ვიცი.

რომა ტარუღიშვილი, „პალიტრანიუსი

დილა იყო. რუსთაველზე კარვები რომ დაშალეს, მას მერე ვიღებდი და რაღაც მომენტში ჩემს კამერას ჯოხი ჩაარტყეს. შევეცადე იქაურობას გავრიდებოდი და ამ დროს მუშტი მომხვდა. მერე რამდენიმე ადამიანი მირტყამდა. კამერაც დაამტვრიეს.

ახლა საავადმყოფოში ვარ. ცხვირი მაქვს გატეხილი და თვალი - დაზიანებული.

ვახო ქარელი, „ინტერპრესნიუსი

5 ივლისს ყველაზე თვალშისაცემი პოლიციელების ძალიან მცირე რაოდენობა იყო. დიდ მანძილს ისე გაივლიდი, ერთი პოლიციელიც არ შეგხვდებოდა. 10 წელია, აქციებს ვიღებ და მსგავსი რამ თითქმის არ ყოფილა.

მომხდარს დეტალებში ვერ ვიხსენებ. გოგოს მისდევდნენ, ამას ვიღებდი და უცებ მივხვდი, რომ მეც მირტყამენ. რამდენიმე ადამიანი მირტყამდა. სახეზე ხელები ავიფარე, რომ სახე და თავი დამეცვა. მეფარა ჩაფხუტი, მაგრამ რა დროს მომძვრა, ეგეც არ ვიცი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ის, რომ ტვინის შერყევა მივიღე. მაინც მგონია, რომ იმ ყველაფერთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა, კიდევ კარგად გადავრჩი. ახლა საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ ვარ.

ქეთი ციცქიშვილი, „მთავარი არხი

აგრესიული ჯგუფებიდან ერთ-ერთი მრგვალი ბაღისკენ დაიძრა, ჩვენც მას მივყვებოდით. ჭავჭავაძეზე ჩართვისთვის ვემზადებოდით, როცა ერთმა წყალი შემასხა და ლანძღვა დაგვიწყო. ჩემი ოპერატორი, თორნიკე ბარნაბიშვილი, ამას იღებდა. მას ფეხი მოუქნიეს და წააქციეს. მერე მე დამარტყეს, ბოთლიც მესროლეს. ვყვიროდი, პოლიცია სად არის-მეთქი. ახლოს არ იყო პოლიცია და მერე როცა მოვიდა, სამი ჟურნალისტი პატრულის მანქანაში ჩაგვსხეს, მაგრამ იქაც გვაფურთხებდნენ და ხელებს გვირტყამდნენ.

თიკო სუსარეიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჭავჭავაძეზე ვიყავი, სადღაც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის იყო შუადღის ჩართვა დავასრულე, რომ დავინახე, „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. იქითკენ გავემართეთ და გაშუქება დავიწყეთ. უცებ ამ ხალხმა ჩვენკენაც გამოიწია. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა დამიჭირა, რომ ჟურნალისტები გავეყვანეთ. პატრულის მანქანაში ჩაგვსვეს სამი გოგო, მაგრამ მანქანასაც შემოეხვივნენ, ცდილობდნენ გადმოვეყვანეთ. ჩემს მხარეს კარის გამოღება მოახერხეს და თავში ჩამარტყეს. მგონი, მუშტი იყო. მანქანაც დააზიანეს. ვკიოდი, მიშველეთ-მეთქი. ხელები ავიფარე სახეზე და ვცდილობდი თავი არ ამეწია. რომ გადმოვეყვანეთ მანქანიდან, არც ვიცი, რას იზამდნენ, ამის წარმოდგენაც არ მინდა. ახლაც ძალიან ვღელავ, ამას რომ ვიხსენებ. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ იქაურობას გავცლოდით. იმ ქაოსში ოპერატორები სამივემ დავკარგეთ. შემდეგ რომ შევხვდი ჩემს ოპერატორს, აღმოჩნდა, რომ ის ამ ყველაფერს იღებდა და არც იცოდა, რომ მე იმ მანქანაში ვიჯექი.

შსს-ს მონაცემებით, 5 ივლისსთბილისი პრაიდისმიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. კვე გამოიკითხა 25 ჟურნალისტი. მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG