Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აკრძალა რუსეთმა ქართული სასმელები და რა შუაშია "რუსოფობია"?

რუსულ მედიაში, სავაჭრო ქსელების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ აკრძალული პროდუქცია დახლებიდან იხსნება (ილუსტრაცია).
რუსულ მედიაში, სავაჭრო ქსელების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ აკრძალული პროდუქცია დახლებიდან იხსნება (ილუსტრაცია).

ლუდი, ღვინო, კონიაკი, მინერალური წყალი - რუსეთმა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხი დაიწუნა და პროდუქციის შეტანა, “სანიტარული” მიზნებით, "დროებით" აკრძალა. ეს ცნობილი სადამსჯელო ბერკეტია, რომელსაც რუსეთი პოლიტიკური მიზნებით იყენებს.

წინასწარი ინფორმაციით, როსპოტრებნადზორმა აკრძალვა დააწესა - მინერალურ წყალ “ნაბეღლავსა” და საქართველოში წარმოებულ “კოკა-კოლაზე” ასევე - „თელიანი ველის“, „თბილღვინოსა“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“პროდუქციაზე.

აკრძალვის მიზეზად “ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა” დასახელდა.

რუსულ მედიაში, სავაჭრო ქსელების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ აკრძალული პროდუქცია დახლებიდან იხსნება. ამ ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა კომპანიებში, რომლებიც "შავ სიაში" მოხვდნენ.

"ქართული ოცნების" მთავრობას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

სია გაფართოვდება?

პრორუსული პარტია - “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი, ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ აკრძალული კომპანიებისა და პროდუქციის სია თანდათან გაფართოვდება.

“სამწუხარო ფაქტია და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ იქნება 2-3 ტალღა. სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას ეხება და ჯერჯერობით მხოლოდ მინერალურ წყალს, ლუდსა და ალკოჰოლს შეეხო, თუმცა შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება!”, - დაწერა ბიზნესმენმა ფეისბუკზე, 10 ოქტომბერს და მკაფიოდ მიანიშნა, რომ ეს სწორედ იმ პროცესის დასაწისია, რომელსაც ის რამდენიმე თვის წინ აანონსებდა.

რადიო თავისუფლებამ ფიფიას დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართა, თუმცა ჯერჯერობით გამოხმაურება არ არის.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ქართული კომპანიების ნაწარმის შეტანის აკრძალვას გეგმავდა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ ივნისში გაავრცელა.

მაშინ მან რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ - “ასაკრძალ” კომპანიებს ბრალი ედებოდათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში.

“შესაძლოა, კონკრეტული ბრალდებები წაუყენონ რუსოფობიური და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში. ამასთანავე, ამ ფირმებში ასევე ირიცხებიან არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეები და აქციონერები ნატოს წევრი ქვეყნებიდან. მე ვნახე ეს სია და მისი გაჩენის მიზეზები კარგად მესმის. როგორც ჩანს, ამ ნუსხამ უკვე ყველა შესაძლო ინსტანცია გაიარა და ახლა რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად ვინ შეადგინა ის თავდაპირველად”, - უთხრა ბიზნესმენმა რადიო თავისუფლებას, ივნისში.

ფიფია ლაპარაკობდა ალკოჰოლური [ღვინო, კონიაკი], უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების [მინერალური წყლები, გაზიანი სასმელები, ლუდი] მწარმოებელ კომპანიებზე და კომპანიებზე, რომლებიც სასურსათო პროდუქციას [თხილეული, “მშრალი ნარევები”] აწარმოებენ.

10 ოქტომბერს მამუკა ფიფიამ აკრძალვას "სამწუხარო" უწოდა. ივნისში კი ის ამგვარ მოსალოდნელობას მიესალმებოდა.

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ფიფიამ მაშინ თქვა, რომ კომპანიების სია საქართველოს “მრავალრიცხოვანი მშრომელების” თხოვნის საფუძველზე შედგა და ეს დიდი შრომის შედეგია.

საჯარო წყაროების თანახმად, ქართული კომპანიების პროდუქციის აკრძალვაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო და გავრცელდა სია კომპანიებისა, რომელთა რუსულ ბაზარზე აკრძალვასაც „რუსულ-ქართული“ ბიზნეს საბჭო უწევდა რეკომენდაციას . უწევდა ; ეს საბჭო 2023 წლის 6 თებერვალს დაარსდა და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП РФ) ბაზაზე ფუნქციონირებს.

სადამსჯელო მექანიზმი

რუსეთის ხელისუფლება, მრავალი წელია - სავაჭრო ემბარგოს ბერკეტებს ქვეყნებთან პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს და სხვადასხვა დროს აკრძალვები საქართველოსაც შეეხო.

ბოლო პერიოდში აშკარა იყო რუსეთის ძლიერი წნეხი სომხეთში, სადაც, ბოლო არჩევნებში, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა პრორუსულმა ძალებმა ვერ გაიმარჯვეს. აკრძალვა შეეხო სომხეთში წარმოებულ მინერალურ წყალსა და ღვინოს - არასათანადო სტანდარტების მოტივით. რუსეთმა აკრძალა თევზისა თუ ყვავილების შეტანაც.

სომხეთს დახმარების ხელი ევროკავშირმა გაუწოდა და პროდუქციის რეალიზების ალტერნატიული გზები შესთავაზა.

"ქართული ოცნება" განსაკუთრებით უფრთხილდება ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და მათ შორის - სწორედ ამით ხსნიდნენ ქვეყნის უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაზე. ბოლო პერიოდში თბილისი ღიად დაუპირისპირდა "რუსოფობიასაც".

თბილისი მოსკოვიდან ძირითადად ქებას იმსახურებდა - დასავლელ პარტნიორებთან წინააღმდეგობის გამო, მაგრამ აკრძალვა მაინც დაწესდა.

დამოუკიდებელი ექსპერტები რუსულ ბაზარს ყოველთვის უკიდურესად არასტაბილურად და უსამართლო სივრცედ მიიჩნევდნენ და შესაბამისად, სარისკოდ თვლიდნენ საქართველოს ეკონომიკურ ბმას რუსეთთან.

ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის და ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღემატება.

ზრდა თვალსაჩინოა იყო 2022 წლიდან:

- 2020 წელს - 56.8%;

- 2022 წელს - 63.7%

- 2025 წელი - 63.7%

თუმცა, 2026 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობა 8%-ით იყო შემცირებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიზეზად ექსპორტიორები, მათ შორის - რუსეთში ღვინოზე სააქციზო გადასახადის ზრდისა და ომის ფონზე - რუსეთში გაყიდვების ზოგად შემცირებას ასახელებდნენ.

2026 წლის ივნისში, ფიფიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “დიდი ბლეფი” უწოდა ,,ქართველ და რუს ხალხთა ერთობის’’ ფონდის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ხომერიკმა.

"მეგობრებო დამშვიდდით! რუსეთი ამგვარს არაფერს არ აპირებს!" - წერდა ის და ფიფიას უპირისპირდებოდა. ბოლო ინფორმაციას ხომერიკი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG