Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ შეატყობინა შსს-მ მშობლებს მოზარდის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ?


15 წლის მოზარდი, რომელიც 20 იანვარს, საღამოს, თბილისში, ტელეფონის ქურდობის ფაქტზე დააკავეს, სამართალდამცავებმა ისე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ მისი ოჯახისათვის არ შეუტყობინებიათ.

მოზარდის დედა, ლიკა ქოიავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციის წარმომადგენელი მას ტელეფონით საღამოს ცხრის ნახევარზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო გადაყვანილი:

„დამირეკა ოფიცერმა. მივედით დიღომში, პოლიციის განყოფილებაში. ოფიცერს ტელეფონით ველაპარაკეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვი დავაბინავეთ, ხვალამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოვათავსეთ, ხვალ დილით დაგირეკავთ და მოდით სანახავადო. ბავშვი არ მაჩვენეს. არც თვითონ ჩამოსულან“.

ლიკა ქოიავას არ აქვს ინფორმაცია რომელ საათზე დააკავეს მისი შვილი და რა დრო დაჰყო მან მარტო პოლიციის თანამშრომლების პირისპირ: „ბავშვი სახლიდან ხუთის ნახევრისკენ გავიდა. პოლიციას არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია რომელ საათზე დააკავეს ბავშვი. გამომძიებელმა მითხრა, რომ დღეს უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები და დღეს, ჩემი თანდასწრებით უნდა გამოკითხონ ის. მითხრეს, რომ ბავშვისთვის ჩვენება არ ჩამოურთმევიათ, მაგრამ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, ესეც არ ვიცი“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, მოზარდი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო დააკავეს: „დაკავების შესახებ ეცნობა მის კანონიერ წარმომადგენელს. არასრულწლოვანთან დაკავების შემდეგ რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მოზარდი დაკავების შემდეგ შესახლებულ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 49-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის დაკავების შემთხვევაში, სამართალდამცავები მისი დაკავებისთანავე იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნის მშობელს ან სხვა ახლო ნათესავს დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს. ამავე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, პოლიციის დაწესებულების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ სისხლის სამართლის იურისტი, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს მოზარდის დაკავების ზუსტი დრო. მისი თქმით, თუკი მოზარდი პირობითად შვიდ საათზე დააკავეს, მაშინ საინტერესოა, რამ შეუშალა ხელი პოლიციელებს, რომ ცხრის ნახევრამდე დაერეკათ მშობლისთვის და შეეტყობინებინათ ეს ინფორმაცია:

„კოდექსის თანახმად, როგორც კი პოლიციამ მოზარდი დააკავა და უთხრა, რომ ის ბრალდებულია, იმ წამიდანვე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა დაერეკა გამომძიებელს ბავშვის კანონიერი წარმომადგენლისთვის. თუკი მშობელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, მაშინ სხვა ახლო ნათესავთან ან იმ პირთან, ვისაც ბავშვი მიუთითებდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაირკვეს, ბავშვის დაკავების ზუსტი დრო. არ აქვს მნიშვნელობა, დაკავების შემდეგ, მაშინვე ჩატარდება თუ არა საგამოძიებო მოქმედებები, მთავარია, რომ მოზარდის დაკავებისთანავე, მშობელი ან მოზარდის კანონიერი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული“.

შსს-ში რადიო თავისუფლებას არ დაუკონკრეტეს მოზარდის დაკავების ზუსტი დრო. მხოლოდ ის უთხრეს, რომ 15 წლის ბიჭი დღის მეორე ნახევარში დააკავეს. შესაბამისად, უცნობია, რა დრო დაჰყო მოზარდმა პოლიციელების პირისპირ მარტო, მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის თუ ადვოკატის გარეშე.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და სამართალდამცავების ურთიერთობის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში, „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვაში დადანაშაულებულმა 15 წლის მოზარდმა, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ ფაქტის შემდეგ, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც მოზარდის გამოკითხვას ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

დეკებრის ბოლოს დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გახადა თვალნათელი სისტემაში არსებული ხარვეზები. დღის წესრიგში დადგა უწყებათაშორისი (შსს, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ექსპერტები) ჯგუფის შეკრების საკითხი, რომელმაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში გაჩენილი ღრმულები უნდა ამოავსოს.

სწორედ სამუშაო ჯგუფის პირველივე შეხვედრაზე აღიარა შსს-მ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ასობით პოლიციელს ამზადებს და ასწავლის, როგორ მოიქცნენ მოზარდებთან, საბოლოოდ, სისტემაში მაინც პრობლემად რჩება მოზარდებთან ურთიერთობა.

ამის შესახებ ლაპარაკობენ ის ფსიქოლოგებიც, რომლებიც პოლიციის განყოფილებებში მოზარდების გამოკითხვის პროცესს ესწრებიან. მათი თქმით, გამომძიებლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარი იმისა, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა მოზარდებთან და ისინი გამოკითხვისას გამოხატავენ არასაჭირო ემოციებს, აქვთ მკაცრი ტონი, იყენებენ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს.

XS
SM
MD
LG