Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იკრძალება პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლები?


„ევროპული საქართველო“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოლიტიკური პარტიებისა და მაუწყებლების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლაპარაკია არაწინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსების აკრძალვაზე, რაც, „ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, მაუწყებლების შემოსავლებზეც აისახება და პოლიტიკურ ძალთა გზავნილების საზოგადოებამდე მიტანასაც უშლის ხელს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იზიარებს „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს და რადიო თავისუფლებას უპასუხებს, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსებას კრძალავს არა კომისია, არამედ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, თუმცა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ხსენებულ კანონში მსგავს ჩანაწერს ვერ პოულობს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება „ართმევს საშუალებას მედიაორგანიზაციებს, რომ მიიღონ შემოსავალი, განახორციელონ შეუფერხებლად სამეწარმეო საქმიანობა და, ამავე დროს, ართმევს საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავიანთი გზავნილები მასმედიის საშუალებით მიაწოდონ მოქალაქეებს და მოსახლეობას“, - განაცხადა 13 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები მოკლებული არიან შესაძლებლობას, განათავსონ რეკლამები, მაგალითად, მათი პარტიის პროგრამის, საკანონმდებლო ინიციატივების, საპროტესტო აქციებისა თუ პარტიის საქმიანობის შესახებ, მაშინ როცა ხელისუფლება „შეუზღუდავად ათავსებს საკუთარ რეკლამებს და მათ სოციალური რეკლამის სტატუსი აქვთ“.

ოთარ კახიძე პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

ოთარ კახიძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ უკვე მიმართა უწყებათშორის საბჭოს ამ „აბსოლუტურად უსამართლო და არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რათა აღდგეს კონკურენტული, სამართლიანი გარემო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, „არაწინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ეთერში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაშია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, დასაშვებად მიეჩნია პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვა (იხ. საქმე Animal Defenders International გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ)“.

კომისიაში განმარტავენ, რომ სწორედ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოხდა „რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობა 2015 წლის 15 ივნისს, 2017 წლის 24 მარტსა და 18 აპრილს ეთერში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების გამო. „კომისიის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომელშიც სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ სარეკლამო მასალაში დარღვეულია მისი შინაარსი, ვინაიდან გავრცელებულია არასათანადო, კერძოდ, პოლიტიკური შინაარსის მქონე ვიდეორგოლი, რითაც მაუწყებლის მიერ დარღვეულია “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში დაუშვებელია და გაიზიარა კომისიის პოზიცია იმის თაობაზეც, რომ შპს ,,რუსთავი 2“-მა პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებით დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი. მისი თქმით, სამართლებრივი დავა „რუსთავი 2“-ის შემთხვევის გარშემო, რომელიც კომისიას თავის განმარტებაში მოჰყავს და რომელიც „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო რგოლს შეეხებოდა, ჯერ დასრულებული არ არის და დავა მეორე ინსტანციაში გრძელდება. ლევან თარხნიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი (28 ოქტომბერი) უკვე გამოაცხადა და სტარტი აიღო საარჩევნო მარათონმა, პოლიტიკური პარტიები ჰაერში გამოკიდული აღმოჩნდნენ, რადგანაც ისინი ვერ ახერხებენ ტელევიზიების საშუალებით ხმა მიაწვდინონ თავიანთ ამომრჩეველს.

გადმოწერა

არც საარჩევნო კოდექსში და არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არ დევს პირდაპირი აკრძალვა იმისა, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში (მაშინ, როცა არჩევნებამდე 60 დღეზე მეტია დარჩენილი) ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სამაუწყებლო ბადეში განთავსდეს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ნინო რიჟამაძე. შესაბამისად, მისი განმარტებით, მაუწყებლებს არ უნდა აეკრძალოთ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება და ეს შესაძლებლობა დაშვებული უნდა იყოს არაწინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე არ ამოქმედდება ვალდებულება კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის თანაბრად გამოყენების შესახებ, რაც აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 3 132 ლარით დააჯარიმა „მედია-კავშირი ობიექტივი“ , თავის ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო. კომისიის განმარტებით, ჯარიმის დაწესებამდე არასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი მსგავსი დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით იქნა გაფრთხილებული. მაუწყებელს დაევალა სამაუწყებლო ბადიდან სარეკლამო რგოლის დაუყოვნებლივ ამოღებაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG