მაშინ, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო სტრიქონები იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კალამარის ჰოსპიტალში აღმოჩნდა და 1997 წლის 12 ივნისს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა... მით უფრო არ იცოდა, რომ ეს ფურცელი წლინახევრის შემდეგ მოსკოვში, ამ პიჯაკის ჯიბიდან გადმოვარდებოდა, როდესაც მისი ქვრივი ოლია ძველი ტანსაცმლის გადალაგებას მოინდომებდა.
„მე გავიხუმრე, და ის კი პიჯაკს,
სერიოზულად ხელახლა კერავს
და ისე ღელავს,
არ შეეშალოს“...
ორი კომისარი
ბულატ ოკუჯავას დიდი ბაბუა მამის მხრიდან, პაველ პერემუშევი ქუთაისში მე-19 საუკუნეში ჩავიდა რუსეთიდან. მკერავად მუშაობდა. ცოლად ქართველი ქალი შეირთო და სამი გოგონა ეყოლათ. უფროსი გადამწერ სტეფანე ოკუჯავაზე გაათხოვა, ბულატის მომავალ ბაბუაზე. ამ ოჯახში 8 ბავშვი გაჩნდა, მათ შორის ოლღაც, რომელიც 1915 წელს გალაკტიონ ტაბიძეს გაჰყვა ცოლად, ანუ დიდი პოეტის ცოლი მისი მამიდა იყო.
ბულატის მამა, შალვა დაზე უმცროსი იყო. რევოლუციური იდეებით გამსჭვალული 1915 წელს ჯერაც გიმნაზიაში დადიოდა. 1918 წელს, 17 წლისა საკავშირო კომუნისტურ პარტიაში (ბოლშევიკების) შევიდა, ხოლო 18 წლის უკვე ქუთაისის კომკავშირის გუბერნიულ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. მალე დაწინაურდა, თბილისში (მაშინ ჯერ კიდევ ტიფლისში), ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნეს. სწორედ იქ შეხვდა პირველ სიყვარულს - მშვენიერ სომეხ ქალს, აშხენ ნალბანდიანს, სხვათა შორის, ისიც სომეხი კლასიკოსის ძმისწული იყო - ვაჰან ტერიანის.
„ტანადი, ლამაზი და მკაცრი სახის იყო, კავკასიელი თავადის ქალი გეგონებოდა“.
მალევე დაქორწინდნენ. მაგრამ აშხენი - ეპოქის სულისკვეთებისამებრ - თავადაც პარტიული იყო. ამიტომ 1924 წელს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოსკოვში, პარტიულ სასწავლებელში გაუშვეს და არბატზე კომუნალურ საცხოვრებელში ორი ოთახიც გამოუყვეს. სწორედ იქ დაიბადა 1924 წლის 9 მაისს ბულატ ოკუჯავა.
ამავე წლის ბოლოს შალვა ოკუჯავა მოსკოვიდან ისევ თბილისში დააბრუნეს, სადაც ჯერ ქართული სამხედრო-სამეთაურო სკოლის კომისრად დანიშნეს, შემდეგ - დივიზიის კომისრად. მოსკოვში ხშირად არ ჩადიოდა. ბულატი დედასთან იზრდებოდა. აშხენმა სასწავლებელი რომ დაამთავრა, ბამბა-ქაღალდის ტრესტში ეკონომისტად მოეწყო. მოგვიანებით საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) რაიკომის მდივანიც კი გახდა. ოჯახი მხოლოდ მაშინ იკრიბებოდა, როცა ბულატი და აშხენი საქართველოში ნათესავებს სტუმრობდნენ.
1932 წელს შალვას ლავრენტი ბერიასთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. სერგო ორჯონიკიძემ ურჩია, თბილისს გაერიდეო და ისიც პარტიის ორგანიზატორის სტატუსით ურალში, ვაგონმშენებელი ქარხნის მშენებლობაზე წავიდა.
მალევე, ნიჟნი ტაგილის მახლობლად დასახლდა და ცოლ-შვილიც მასთან გადავიდა. მოსკოვსა და თბილისთან შედარებით თითქმის სიღატაკეში ცხოვრობდნენ, თუმცა გარშემო არსებული რეალობა კიდევ უფრო საშინელი იყო: უსასრულო ბარაკები, სახედაკარგული ადამიანები, სიცივე, კატორღული შრომა და სიკვდილი, სიკვდილი...
ამბობენ, რომ შალვა ოკუჯავა მშენებლების უფლებების დაცვას ცდილობდა. ბარაკებში დადიოდა, „ზემოთ“ მოხსენებებს წერდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სტალინისთვის ეს ხალხი, მხოლოდ სახარჯი მასალა იყო ისევე, როგორც საკუთარი „პარტიული კადრები“.
ბერია პრობლემას აგვარებს
ურალში ბულატ ოკუჯავამ ხუთი წელი გაატარა, მერე კი მამა დაუპატიმრეს. ბერიას წყენა არ ავიწყდებოდა და 1937 წელს შალვა ოკუჯავა „პირველი კატეგორიის“ რეპრესირებულად გამოაცხადეს, რაც დახვრეტას ნიშნავდა. იმავე წელს დახვრიტეს მისი ორი ძმაც - ყოფილი ტროცკისტები. მოგვიანებით მოკლეს ოლღა ოკუჯავაც.
ბულატის დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ის შვილთან ერთად არბატის კომუნალურ ბინაში დაბრუნდა და ორი წელი უწყებიდან უწყებაში სიარულით ქმრის „გათავისუფლებას“ ცდილობდა. ამბობენ, 1938 წელს ბოლოს და ბოლოს მოახერხა და მოხვდა ბერიასთანო. მან მოუსმინა, ხელები გაშალა და წამოიძახა: „რა თქმა უნდა! დედას გეფიცები, მოვაგვარებთ ამ პრობლემას!“ და „მოაგვარა“ - მეორე ღამეს ბულატის დედა დააპატიმრეს და ეტაპით ყაზახეთში გაგზავნეს.
ბულატი, რომელიც მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო, სრულიად მარტო დარჩა.
„ნარზე ჩამომჯდარხარ შუაგულ მოსკოვში
დარდისგან მოღუშული.
შორს თავისუფლება, აქ - კარი დახშული,
გაწყდა კავშირი“.
წელიწად-ნახევარი ბებიასთან ერთად არბატზე კომუნალურში ცხოვრობდა, მერე კი ეს ბინა სამუდამოდ დატოვა და საქართველოში ნათესავებთან ჩამოვიდა.
ომი რომ დაიწყო, ჯერაც სკოლის მოსწავლე იყო. პირველივე დღეებში მეგობრებთან ერთად სამხედრო კომისარიატი აატალახა, უნდოდა როგორმე ფრონტზე მოხვედრილიყო. მხოლოდ 1942 წლის ზაფხულში წაიყვანეს, ისიც ორიოდე თვით, რადგან მოზდოკთან დაიჭრა. გერმანული თვითმფრინავიდან ნასროლმა ტყვიამ ფეხში დაჭრა. მოქმედ ჯარში ოკუჯავა აღარ დაბრუნებულა, ბათუმში სათადარიგო საარტილერიო პოლკში მსახურობდა.
1945 წელს თბილისის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
1946 წელს ბანაკიდან დედა გათავისუფლდა, თბილისამდე ჩამოაღწია და შვილს შეხვდა (ამას ოკუჯავა იხსენებს თავის ბოლო რომანში „დახურული თეატრი“). თუმცა მასთან მხოლოდ ერთი თვე დარჩა. სომხეთში ნათესავებთან წავიდა. მაშინ ბანაკებიდან დაბრუნებულები დიდ ქალაქებში ხანგრძლივად არ რჩებოდნენ, ისევ რომ არ დაეპატიმრებინათ. აშხენიც შეეცადა სადმე გადაკარგულიყო. არ გამოუვიდა: სამი წლის შემდეგ, 1949 წელს, ისევ დააკავეს და გადაასახლეს. ეს გადასახლება ამჯერად 1954 წელს დასრულდა და საბოლოოდ დაუბრუნდა შვილს.
იმ პერიოდში ბულატი შედარებით კარგად ცხოვრობდა. 40-იანი წლების ბოლოს კურსელზე - გალინა სმოლიანინოვაზე დაქორწინდა. ამბობენ, რომ სწორედ მან ურჩია, საკუთარი ლექსები აემღერებინა. 1950 წელს ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კალუგის ოლქის სოფელ შამარდინოში გაანაწილეს. იქ ოკუჯავა სამი წელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ვაჟიც იქვე შეეძინათ და იმ სიმღერებისა და ლექსების წერა იქვე დაიწყო, რომლებმაც სახელი მოუხვეჭა. რაღაცები უკვე იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთებში, 1956 წელს კი მისი პირველი პოეტური კრებულიც გამოვიდა - ჯერ კიდევ სრულიად შეუმჩნეველი.
ეპოქა იცვლებოდა და ჰორიზონტზე გამოჩნდა "იმედი" (Надежда) - ოკუჯავას საყვარელი სიტყვა და საყვარელი ქალის სახელი. სტალინი მოკვდა, ბერია დახვრიტეს. 1954 წელს დედა გადასახლებიდან დაბრუნდა, ხოლო 1956-ში მიიღეს დოკუმენტები როგორც დედის, ისე მამის სრული რეაბილიტაციის შესახებ. დედას მოსკოვში ბინა მისცეს - არა არბატზე, არამედ კრასნაია პრესნიაზე, მაგრამ მაინც ცალკე, თან ოროთახიანი! შვილი ოჯახით მაშინვე მასთან გადავიდა და მოსკოვური ცხოვრებაც დაიწყო.
„და კომისრები მტვრიან ჩაფხუტებში...“
1957 წელს ბულატ ოკუჯავა უკვე გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიაში“ მუშაობდა. რეგულარულად ატარებდა პატარ-პატარა კონცერტებს, რომელზეც სულ უფრო მეტი მსმენელი მოდიოდა. 1956 წელს, XX ყრილობისა და მშობლების რეაბილიტაციის შემდეგ, კომუნისტურ პარტიაში შევიდა. შესაძლოა დედის გავლენით, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი იყო (აშხენი სტალინს ვერ იტანდა, მაგრამ ბოლომდე „ლენინისტი“ იყო და კომუნიზმისაც სიკვდილამდე სჯეროდა). ან იქნებ ეს იყო სიმბოლური ნაბიჯი, ხარკი მშობლების ახალგაზრდობის, მათი კომისრობისა და „კომკავშირის ღმერთებისადმი“. მათ ცხოვრებაში სხვა არაფერი ყოფილა ამ „პარტიული“ ახალგაზრდობის გარდა - დანარჩენი სტალინმა და ბერიამ წაჰგლიჯეს. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა… ეს სჯეროდა დედას, და სჯეროდა ბულატსაც.
ასე იყო თუ ისე, ეს ნაბიჯი დროული აღმოჩნდა - ბულატ ოკუჯავას გამომცემლობებისკენ გზა გაეხსნა და საერთოდაც (როგორც მტრები ირონიულად აღნიშნავდნენ), „ზურგის ქარმა დაბერა“. ვერ ვიტყვით, რომ პარტიაში მისაღებად განცხადების წერისას, ბულატი ამაზე ფიქრობდა. თუ ფიქრობდა კიდეც, პარტმუშაკების შვილს, ეს ბუნებრივ რამედ მოეჩვენებოდა, დაახლოებით ისეთ საქმედ, როგორიც დედისთვის მოსკოვში ბინის გამოყოფა იყო. ის, რომ სტალინის ბანაკებიდან დაბრუნებულთა უმეტესობას კომუნალურ ბინაში მაქსიმუმ კუთხეს აძლევდნენ, ბულატს მაშინ შეიძლება არც სცოდნოდა.
და აი, 1957 წელს, „ახალი ცხოვრების“ ტალღაზე თითქოს თავისით დაიბადა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა - „სენტიმენტალური მარში“.
„და კომისრები მტვრიან ჩაფხუტებში მდუმარედ დაიხრებიან ჩემკენ.“
შემდეგ რამდენჯერ სცადეს ეს სიმღერა თავიანთ ჭკუაზე განემარტათ, ვითომ კომისრები დაჭრილს ადგანან თავზე, ბოლო რომ მოუღონო. ფიქრობდნენ, რომ კაცი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამ ოჯახი წაართვა, მის სადიდებელ ჰიმნს არ დაწერდა. მაგრამ მაშინ ბულატი უბრალოდ საკუთარ მშობლებსა და მათ ახალგაზრდობაზე წერდა. „კომისრები“ მისთვის სწორედ ისინი იყვნენ - შალვა ოკუჯავა და აშხენ ნალბანდიანი. ეს იყო სიმღერა ოჯახსა და სიყვარულზე და არა საბჭოთა ხელისუფლებაზე. ეს სიმღერა რევოლუციასა და სამოქალაქო ომს რაღაც უფრო დიდის და მნიშვნელოვნის ნაწილად მოიაზრებდა - ადამიანის ცხოვრების ნაწილად და არა პირიქით.
სხვათა შორის, ეს მოულოდნელად იგრძნო ვლადიმირ ნაბოკოვმაც, რომელსაც ეს სიმღერა მაგნიტოფონით მოასმენინეს. ნაბოკოვს საბჭოთა ყველაფერი ეჯავრებოდა, მაგრამ მწერალი უცებ დაინტერესდა და თავის ამერიკულ რომან „ადაში“ მისი რამდენიმე გადაკეთებული სტრიქონიც კი შეიტანა, „უნიკალური გენიის შექმნილი ჯარისკაცური ჩასტუშკა“.
ხანგრძლივი დიდება
როდესაც XX საუკუნის სასწაულებრივი გამოგონების - მაგნიტოფონის - წყალობით სსრკ-ში „თვითშემოქმედებამ“ იჩინა თავი, ბულატ ოკუჯავა მოულოდნელად ამ ჟანრის „დამფუძნებელ მამებს“ შორის აღმოჩნდა. თვითონ თავს ჯერ პოეტად მიიჩნევდა, მერე - პროზაიკოსად, მომღერლად კი - ყველაზე ნაკლებად. მაგრამ გარემოებას უნდა დამორჩილებოდა და კონცერტებზეც სულ უფრო ხშირად გამოდიოდა. ფილმებისთვის სიმღერებს უკვეთდნენ, პოეტურ კრებულებს ბეჭდავდნენ…
რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდ არაფერი ხდებოდა. 60-იანი წლების დასაწყისში, მაშინ ჯერაც უცნობ ოკუჯავას დროდადრო დევნიდნენ კიდეც. ერთხელ მოსკოვის კინოს სახლში სტვენით აიკლეს. მაგრამ შემდეგ ლენინგრადის ხელოვნების სასახლეში გამართულ „ოფიციალურ“ კონცერტზე მაყურებელი უცებ გაიყურსა, მოუსმინა და ტაშიც დასცხო. მაშინვე გაზეთ „სმენაში“, შემდეგ კი „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამანადგურებელი სტატიები გამოქვეყნდა, მაგრამ სსრკ-ში ეს საუკეთესო რეკლამად ითვლებოდა. ამიტომ მომდევნო კონცერტებზე ბილეთები დაიტაცეს. ამის შემდეგ დიდება თითქოს თავად იცავდა მას, მით უფრო, რომ მის სიმღერებში „კრიმინალური“ არაფერი იყო - პირიქით, რევოლუციაზე, კომისრებზე მღეროდა…
60-იანი წლების შუაში ის რეგულარულად გამოდიოდა მცირე საკონცერტო დარბაზებში. ზოგჯერ საზღვარგარეთაც მიემგზავრებოდა, 1968 წელს საფრანგეთში მისი პირველი დიდი ჩანაწერი გამოვიდა - Le Soldat en Papier, რის გამოც კინაღამ პარტიიდან გარიცხეს. მაშინ საქმის ჩასაფარცხავად პირადი გავლენაც გამოიყენა და მეგობრებიც ჩარია. 1976 წელს მისი პირველი დიდი ფირფიტა გამოვიდა „მელოდიაზე“, უზარმაზარი ტირაჟით, ხოლო 1978-ში - მეორე. ეს სიმღერები მაშინვე მთელმა ქვეყანამ აიტაცა.
„ხელი ჩავჭიდოთ, მეგობრებო“ თითქმის ჰიმნად იქცა. ამ მუსიკით იწყებოდა თვითშემოქმედებითი სიმღერის კლუბების ფესტივალები. ამ ფესტივალებს ათასობით ადამიანი ესწრებოდა, თუმცა თავად ოკუჯავა - არასოდეს. მას მოულოდნელი პოპულარობა ეუხერხულებოდა. ალბათ, ბოლომდე ვერც მის მიზეზს მიხვდა და ვერც იმას, თუ ვინ იყვნენ მისი მსმენელები. ვინ იყო ეს ხალხი, ვინც ხარბად იჭერდა მის თითოეულ სიტყვას, მისი ფოტოს კი პირველი ფირფიტის კონვერტიდან კედელზე კიდებდა, როგორც რაღაც საიდუმლო ორდენის სიმბოლოს. ფოტოზე ბულატს სიგარეტი ეჭირა და მოღუშული იყურებოდა.
„ერენდოპელი“
რუსეთის ისტორიისა და ეკლესიისთვის ერთი მნიშვნელოვანი ცნება არსებობს - „სობორნოსტი“. ეს არის ადამიანების სულიერი, ძმური გაერთიანება როგორც საეკლესიო ცხოვრებაში, ისე საეროში. თითქოს კარგი იდეაა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი საყრდენიც, მაგრამ ამ იდეას ხელისუფლება ყველა ეპოქაში სათავისოდ იყენებდა, მაშინაც კი, თუ ეს ხელისუფლება ათეისტური იყო. რუსეთში კომუნისტებიც, მეფეებიც და პრეზიდენტებიც ერთ აზრზე არიან: ერთი ადამიანი ძმური კოლექტივის გარეშე, არაფერია, კოლექტივს კი ხელმძღვანელობა სჭირდება. ამიტომ სახელმწიფოს გარეშე ვერ იქნები და ადამიანიც, რომელიც სახელმწიფოს არ ემორჩილება, საკუთარ ძმების წინააღმდეგ მიდის.
საეჭვოა ყველა, ვინც ამ „სურათიდან“ ამოვარდება და „თავისთვის ცხოვრობს“, განსაკუთრებით ინტელიგენცია, მას მთელი XX საუკუნის განმავლობაში ეჭვის თვალით უყურებდნენ.
„ინტელიგენცია“ - ეს წმინდა რუსული სიტყვაა, რომელიც დაახლოებით 1860 წელს მწერალმა პიოტრ ბობორიკინმა მოიგონა. მას საერთოდ უყვარდა ახალი, სახალისო სიტყვების გამოგონება, მაგალითად სალათა „ერენდოპელი“, რომელსაც მისი რომანის პერსონაჟი უკვეთდა: ერთმანეთში გადარეული ბოსტნეული, თევზი და წითელი ხიზილალა. ტერმინი „ინტელიგენციაც“ ასეთივე ყოვლისმომცველია: რუსეთში მას ყველა თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებს.
კლასად ინტელიგენცია ლენინმა გამოაცხადა, რომელმაც სცადა, მუშათა კლასის გარდა ყველა სხვა კლასი გაენადგურებინა. არც ინტელიგენციას ეხატებოდა გულზე ლენინი. ყველა არ უჭერდა მხარს მის საყვარელ რევოლუციას. ამიტომ შთამომავლობას დაავალა შეექმნათ ერთგვარი ჰომუნკულუსი - „საბჭოთა ინტელიგენცია“. შთამომავლობაც დიდხანს ცდილობდა - ასახლებდა, ხვრეტდა, ისევ ასახლებდა. მაგრამ საბოლოოდ მაინც „ერენდოპელი“ გამოდიოდა.
მოაზროვნე ადამიანების ერთ კლასში გაერთიანება რთულია. ისინი განსხვავებულად ფიქრობენ და იშვიათად თანხმდებიან. ამიტომ საბჭოთა კლასიფიკაციაში „ინტელიგენტი - არაინტელიგენტი“ განსასაზღვრად მეორეხარისხოვანი ნიშნები გამოიყენებოდა: სათვალე, უმაღლესი განათლების დიპლომი, ჭამის წინ ხელების დაბანა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლებოდა უბრალო მუშასაც ჰქონოდა, ხოლო ინტელიგენციაში ხანდახან თვითნასწავლი, მაგრამ კარგი მხედველობის ადამიანები გვხვდებოდნენ. როგორღა უნდა გაერჩიათ?
და უცებ 70-იან წლებში გაჩნდა ერთი უნივერსალური და ეფექტური ნიშანი: ინტელიგენტები ისინი იყვნენ, ვინც ბულატ ოკუჯავას სიმღერებს უსმენდნენ და მღეროდნენ. ამ ინტელიგენციას თითქოს თავისი „სობორნოსტიც“ აღმოაჩნდა - არა სახელმწიფოებრივი, არამედ შინაგანი. ისინი ამ ტექსტებს შესაძლოა ბოლომდე ვერ იგებდნენ, მაგრამ იზეპირებდნენ. თითქოს ამ სიმღერების ინტონაციით სუნთქავდნენ, მისი ჩუმი სევდით.
სამი აკორდი და მარტივი ვოკალი - ამ სიმღერების შესრულება ადვილი იყო, თითქოს თავად მღეროდნენ. როგორც მოგვიანებით ვიქტორ ცოის შემთხვევაში, მათი დაკვრა შეიძლებოდა ნებისმიერ მდგომარეობაში, გაფუჭებულ გიტარაზეც კი და საერთოდ მის გარეშეც. მთავარი იყო, ვინმეს ემღერა.
რუსი პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი ამბობდა: „ჩვენ გვყავს ფენომენალური პოეტი. ლექსები ჩვეულებრივი, მუსიკა ჩვეულებრივი, შესრულება საშუალო, ხმა არაფრით გამორჩეული - მაგრამ ყველაფერი ერთად გენიალურია!“
სინამდვილეში ანდრეი ვოზნესენსკი, ალბათ, არცთუ კარგად კითხულობდა ოკუჯავას ლექსებს, რომლებიც სავსეა ყველაზე ნატიფი ალუზიებითა და შინაარსობრივი კავშირებით. მათ თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას. მაგალითად, ცოტას თუ მოსვლია თავში, რომ სიმღერა „ჩემო ნაძვო, ჩემო ნაძვო...“ („გამომშვიდობება საახალწლო ნაძვის ხესთან“), რომელიც თითქოს უბრალოდ წარსულ სიყვარულზეა სინამდვილეში ანა ახმატოვას გარდაცვალების შემდეგ დაიწერა - პოეტის, რომელსაც ბულატ ოკუჯავა ეთაყვანებოდა.
ბევრ მის სიმღერას ადგას მსგავსი „მეორე სართული“.
ერთი მოსმენით კი ყოველთვის მხოლოდ ზედაპირული მნიშვნელობა და ინტონაცია გესმის. თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ მოქმედებენ, როცა ნაწარმოებს მკითხველისა და მსმენელისთვის შეუმჩნეველი სიღრმე აქვს. სწორედ ამიტომ მოქმედებდა ოკუჯავას სიმღერებიც. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ყველაფრისგან, რაც ოფიციალური და „დაშვებული“ იყო. მათში იყო რაღაც შეუმჩნევლად არასაბჭოთა - მინიშნება იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვებები, იდეები და დიდი მიზნები. და სულ ერთია, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. „ვინც ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის, დაე, გაძღნენ ძალაუფლებით“ - მღეროდა ბულატ ოკუჯავა და საბჭოთა ხელისუფლება თითქოს თავისით გაქრა მისი კონცერტებიდან. ეს იყო სიმღერები მწარე თავისუფლებაზე, რომელიც „დედის ცრემლებივით სულ თან გდევს“. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს...
გამომშვიდობება დილეტანტებთან
ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას გაურბის, ან ცხოვრობს „მის გვერდით“, მაგრამ არა მასთან, არ სურს მისთვის სიკვდილი - ეს არის ოკუჯავას სიმღერებისა და რომანების მთავარი პერსონაჟი. მისი პირველი რომანი „ჯანმრთელი იყავი, მოსწავლევ!“ თითქმის ავტობიოგრაფიული წიგნია ომზე. 1961 წელს მის გამოსვლას მაშინვე სკანდალი მოჰყვა. კრიტიკოსები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ „დიდ“ ომზე ასე წერა დაუშვებელია, რომ გმირი სუსტია, მშიშარა და სიცოცხლეს ებღაუჭება.
სინამდვილეში ეს იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა რომანი, სადაც ომი ნაჩვენებია ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია - ხორცსაკეპი მანქანა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს.
ოკუჯავას გმირები არ ერგებიან სახელმწიფოს მექანიზმს: ისინი არ არსებობენ ქვეყნის ისტორიაში, არამედ - საკუთარ მშვენიერ „აქ და ახლა“-ში, საკუთარ ცხოვრებაში, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მომავალი ისტორიის სახელმძღვანელოები. „დილეტანტები“, როგორც მათ ოკუჯავამ უწოდა, ნიშნავს დისტანციას „სწორი“ და იერარქიული სახელმწიფოებრივი ცხოვრებისგან - იმ მექანიზმისგან, რომლის კბილანებად ქცევაც მათ არც სურთ და არც შეუძლიათ. ბევრი კრიტიკოსი ფიქრობდა, რომ სიტყვაში „დილეტანტები“ ოკუჯავა ინტელიგენციას გულისხმობდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ზედმეტად უხეში პარალელია ასეთი ნატიფი სტილისტისთვის.
ოკუჯავას რომანებიც, ისევე როგორც მისი სიმღერები, მიუხედავად გარეგნული სიმარტივისა (და ზოგჯერ თითქმის ლიტერატურული ლაფსუსებისაც კი), ძალიან უჩვეულოდ არის აგებული.
სწორედ ოკუჯავას პროზამ და არა მისმა სიმღერებმა გამოიწვია 70-იან წლებში მძაფრი კრიტიკის ტალღა სტანისლავ კუნიევისგან და „რუსული ეროვნული იდეის“ სხვა მიმდევრებისგან. მათ ინტელიგენციაც სძულდათ და მასთან დაკავშირებული სხვა ყველაფერიც. მათი აზრით, „ოკუჯავასნაირებს რუსულ ისტორიასთან შეხების უფლებაც არ ჰქონდათ“.
ეს სიძულვილი წლების განმავლობაში არ განელებულა; ის ვრცელდებოდა ყველაფერზე, რაც ოკუჯავას უკავშირდებოდა - მის მკითხველებზე, მის სიმღერებზე და იმ ფილმებზეც კი, რომლებშიც ეს სიმღერები ჟღერდა. როგორც ჩანს, ის პოზიცია, რომელიც ოკუჯავამ პროზაში გამოხატა (და არა პოეზიაში, სადაც „ყველაფრისგან თავს იძვრენ“) მათთვის ზედმეტად მტკივნეული გახდა. თუმცა ბოლოს ის პოეზიაშიც კი დააზუსტა, თან ძალიან მკაფიოდ:
„ძალაუფლება - ადმინისტრაციაა და არა ღმერთი
ჩვენ კი ყველას ძალაუფლებისადმი თაყვანისცემას გვასწავლიდნენ.
ეს იყო ჩვენი სტიმულიც და ბედნიერებაც…
აი, ამიტომაც ვემორჩილებით ყველანი ერთნაირად, როგორც ყმები.
ვემონებით, ვწვალობთ, ქედს ვუხრით…“
თითქოსდა ამ ხელისუფლებას თავად ბულატ ოკუჯავასთვის არაფერი დაუშავებია. მას მეტ-ნაკლებად ბეჭდავდნენ, უხალისოდ იღებდნენ პარტიაში და მწერალთა კავშირში, გულგრილად უშვებდნენ საზღვარგარეთ, აძლევდნენ საშუალებას, ეყიდა მოკრძალებული კოოპერატიული ბინა. არც თავად უკვირდა, მისთვის ეს ბუნებრივი იყო - „შენც ყველას ცოტ-ცოტა დაურიგე და არც მე დამივიწყო“.
როცა პერესტროიკის დრო დადგა, მან მშვიდად ჩადო პარტბილეთი კონვერტში და პარტკომში მიიტანა. მდივანმა გაიცინა:
- აჰა, თქვენც მოიტანეთ? ახლა ყველა მოაქვს…
„რაზე ფიქრობდი მაშინ, მამაჩემო დახვრეტილო,
როცა სცენიდან ჩამოვედი, დაბნეული, მაგრამ ცოცხალი?
თითქოს სცენიდან პირდაპირ ღამის მოსკოვურ სიმყუდროვეში ჩამოვედი,
სადაც არბატის ძველ ბიჭებს უფასოდ ურიგებენ ბედს…“
XX საუკუნე სრულდებოდა, და ბედიც თითქმის აღარ რჩებოდა. მსმენელები და თაყვანისმცემლები გაქრნენ, დაიფანტნენ, ისტორიაში გაითქვიფნენ, ისევე როგორც სიტყვა „ინტელიგენცია“, რომელიც ბოლომდე არც არასდროს ერგებოდა მათ. ძნელია ახლა ახსნა, ეს საერთოდ როგორ მოხერხდა, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთობას განიცდიდნენ. რაზე იდგა მათი „სობორნოსტი“? რა ჯადოსნური პოეტური ინსტრუმენტი აერთიანებდა მათ ეპოქის ერთ ნოტად?
ბევრი, ვინც დღეს ცოცხალია, ამას ირონიით იხსენებს, ზოგჯერ კი გაღიზიანებითაც. ბევრი აღიარებს, რომ ოკუჯავა აღარ უყვარს. რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიმღერები იყო და მეტი არაფერი, დიდი ამბავი, განა მათ რამე შეცვალესო.
იმ ფირფიტებს ახლა ვეღარც დაუკრავ ვერაფერზე. არადა, სხვაგვარად თითქოსდა ვერც ააჟღერებ ამ სიმღერებს. ეს უბრალოდ კარგი ლექსებია, რომლებიც საკუთარ დროში დარჩა, როგორც ბუზი ქარვაში. ახალ დროს ეს აკორდები და სიტყვები ვეღარ ერგება და 70-იანი წლების ის ალქიმია, რომელმაც ადამიანები გააერთიანა, აღარ განმეორდება.
მაგრამ ამით მას რა?
ის წავიდა და თუ ხანდახან მოგვინდება, მაინც შევეხოთ, მუსიკაც და სიტყვები უკვე თავად უნდა შევარჩიოთ.
ფორუმი