Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მიღებული "ახალი იმპულსი"?


ვილნიუსის ნატოს სამიტის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის ადგილი
ვილნიუსის ნატოს სამიტის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის ადგილი

11 ივლისს ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილით, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველი მინისტრის გარდა, ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე შვედეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ილია დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის დასკვნით კომუნიკეში ერთად აღარ არიან ნახსენები, ვილნიუსის ნატოს სამიტზე საქართველომ „ახალი იმპულსი“ მიიღო.

კობა ლიკლიკაძე: რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რომ საქართველო კომუნიკეს მხოლოდ მე-80 მუხლშია ნახსენები, ხოლო თქვენ მონაწილეობდით მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად და არა უკრაინის კონტექსტში, რომელთან ერთადაც ჩვენ 2008 წელს დავიწყეთ მოძრაობა ნატოს მიმართულებით?

ილია დარჩიაშვილი: "ამაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა. უკრაინა დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ქვეყანა არის ომში და მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება ჩვენი პარტნიორების. სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნები განსაკუთრებულად უჭერენ უკრაინას მხარს დღეს ამ ყველაზე რთულ პირობებში და ეს არის ძალიან ძლიერი ბონუსი უკრაინისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ შეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საკუთარი თავის დაცვა და გაძლიერება. რაც შეეხება საქართველოს, ვისაუბრე, საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ჩანაწერია კომუნიკეში. ეს არის ახალი იმპულსი ჩვენი ურთიერთობებისა. საქართველო ძალიან ძლიერად არის მხარდაჭერილი პარტნიორების მხრიდან, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველო გააძლიერებს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაწევას, იმისთვის, რომ ჩვენს ხელთ არსებულმა ყველა მექანიზმმა მოიტანოს კონკრეტული შედეგები, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს პროგრესირებადი ინტეგრაცია ნატოს მიმართულებით“.


გარდა ამისა, 11 ივლისის სამიტზე უკრაინისათვის წერტილი დაესვა თითქმის 15-წლიან ვარაუდებს იმაზე, ალიანსის საგზურის მოსაპოვებლად სჭირდება თუ არა ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება.

„დღეს ჩვენ ვაღიარებთ, რომ უკრაინის სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებს“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის მე-11 მუხლში.

ამ სადავო საკითხში კონსენსუსის მიღწევას ნატოს გენერალურმა მდივანმა „უპრეცედენტო“ ნაბიჯი უწოდა. იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინის შემთხვევაში მოხსნილია "მაპის" საჭიროების საკითხი, რაც ნიშნავს გაწევრიანების ორსაფეხურიანი პროცესის ერთსაფეხურიანი პროცესით შეცვლას.

ალიანსის კიდევ ერთი დაწინაურებული ქვეყნისთვის, საქართველოსთვის კი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა კვლავ აუცილებელ პირობად რჩება.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრულ ნაწილს წარმოადგენს“, - ნათქვამია ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების ვილნიუსის სამიტის დასკვნით კომუნიკეში.

კობა ლიკლიკაძე: უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უკვე აღარ არის მოთხოვნა, ანუ დარჩა ერთი ნაბიჯი ორის მაგივრად. რა პირობების შემთხვევაში შეიძლება, რომ საქართველოსთვის MAP-ი აღარ იყოს აუცილებელი?

ილია დარჩიაშვილი: “პირველ რიგში, უკრაინასთან მიმართებით არის ეს ჩანაწერი. თუმცა იქ სხვა ჩანაწერიც არის, რომელსაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ. იქ ცალსახად საუბარია იმაზე, რომ ალიანსი იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, რომ მოიწვიოს უკრაინა, თუკი ამაზე შეჯერდება ალიანსი და ამის შესაბამისი პირობები იქნება შესრულებული“.

„შევთანხმდით, რომ უკრაინას ალიანსში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა და დაადასტურა, რომ უკრაინის შემთხვევაში მოხსნილია "მაპის" საჭიროების საკითხი, რაც ნიშნავს გაწევრიანების ორსაფეხურიანი პროცესის ერთსაფეხურიანი პროცესით შეცვლას.

11 ივლისს ალიანსის სამიტის პირველი სამუშაო დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უზრუნველყოფს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის მიწოდებას, რაც მას დაეხმარება გაწევრიანებამდე, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ომის დასრულება.

სტოლტენბერგის თქმით, შეიქმნება NATO-უკრაინის ახალი საბჭო, რომელზეც ალიანსი და უკრაინა თანაბარი უფლებებით შეიკრიბებიან. პირველი ასეთი, საინაუგურაციო შეხვედრა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად 12 ივლისს გაიმართება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG