Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არ იცოდნენ ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ადამიანებმა კორონავირუსზე?


2-4 მარტისთვის საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე, ჯანდაცვის სფეროში არმომუშავე და მოსახლეობის დაუსაქმებელ ნაწილს შორის წარმოდგენები და ცოდნა ახალი კორონავირუსის შესახებ მსგავსი იყო. ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების 20% ფიქრობდა, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები, ზოგადად, არსებობს, მაგრამ ისინი საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე. კვლევის ჩატარების დროს უკვე არსებობდა 100-ზე მეტი ინფიცირებული.

ქართველი ექიმებისა და მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ medRxiv-ში 19 მაისს გამოქვეყნდა. კვლევის მიზანი ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობიერების დონის განსაზღვრა იყო. კვლევის ავტორები (მაია ბუწაშვილი, ლაშა გულბიანი, გიორგი კანჩელაშვილი, მარიკა კოჭლამაზაშვილი, გიორგი ნიორაძე და გიორგი კამკამიძე) აღნიშნავენ, რომ პანდემიის დროს დაბალი ცნობიერება, შესაძლოა, პანიკის საფუძველი გახდეს და ვირუსის შეკავების საზოგადოებრივი მცდელობის წარმატებით განხორციელებას ხელი შეუშალოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე მაღალი იყოს.

კვლევა, რომელიც ონლაინ ჩატარდა და რომელშიც 5 228 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ღია იყო სამი დღის განმავლობაში, 2020 წლის 2-დან 4 მარტამდე.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 25.8% ფიქრობდა, რომ ახალი კორონავირუსი და ინფლუენზა ერთი და იგივე ვირუსებია, 10.9 %-მა კი არ იცოდა, რა განასხვავებს ამ ორი ტიპის ვირუსს ერთმანეთისგან. 95.2% ამბობდა, რომ სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართავდა, 68.9%-ს მიაჩნდა, რომ კარგად იყო ინფორმირებული ეპიდემიის შესახებ, 22.5% კი რეგულარულად ატარებდა პირბადეს ვირუსისგან დასაცავად.

კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა სწორად ასახელებდა ახალი კორონავირუსის გადაცემის გზებსა და სიმპტომებს [96.9% და 98.0%, შესაბამისად]. რაც შეეხება განწყობებს, 19.1 % ფიქრობდა, რომ საქართველო მზად იყო ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, 55%-ს ეგონა, რომ ქვეყანა მოუმზადებელი იყო, თუმცა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები, შეძლებისდაგვარად, კარგად ართმევდნენ თავს ამ კრიზისს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ამბობს, რომ საზოგადოების ინფორმირებულობას სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით, წლებია, იკვლევენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დაბალი ინფორმირებულობა ახალი ვირუსების ან დაავადებების შესახებ ყოველთვის თვალშისაცემი და პრობლემურია. მიუხედავად ამისა, კვლევის დასაწყისში იმედი ჰქონდათ, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩართული ადამიანების ცოდნა ახალი ვირუსის შესახებ იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე დანარჩენი საზოგადოების.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლევა საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მალევე ჩატარდა, მოლოდინი იმისა, რომ ჯანდაცვის მუშაკებში ცოდნის დონე უფრო მაღალი იქნებოდა, გვქონდა და გაგვიკვირდა, რომ დანარჩენი საზოგადოების მსგავსი იყო. ასევე უცნაური იყო ის, რომ გრიპისგან განსხვავება ნაწილმა არ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ამაზე იყო ლაპარაკი, რომ ეს არ არის გრიპი. გვინდა, რომ კიდევ ჩავატაროთ ასეთი კვლევა და ვიმედოვნებთ, რომ ცოდნის დონე მომატებული იქნება, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში“, - ამბობს მაია ბუწაშვილი. მისი თქმით, ამის შემდეგ სამედიცინო სფეროსთვის არაერთი ტრენინგი დაიგეგმა და მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მეორე კვლევა ამ ტრენინგების ეფექტურობის საზომადაც გამოდგება.

„ჩვენ მიერ ჯანდაცვის მუშაკებში სხვადასხვა კვლევები, რომელსაც ვატარებდით პაპილომა ვირუსთან, ტუბერკულოზთან, შიდსთან დაკავშირებით, ყოველთვის აჩვენებდა, რომ ჩვენს მოლოდინთან შედარებით უფრო დაბალი იყო ცნობიერების დონე“, - გვიყვება მაია ბუწაშვილი და ამბობს, რომ ახალი ინფორმაციისთვის დამოუკიდებლად თვალის გადევნება სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს უჭირთ და ცოდნის სიმწირეს ჯერჯერობით ყველაზე ეფექტურად ტრენინგები შველის.

იმის დასადგენად, როგორ იცვლება ცნობიერება კორონავირუსის შესახებ, მეორე კვლევა იდენტური მეთოდოლოგიით და კითხვარით ივნისში იგეგმება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG