Accessibility links

რა დგას სინამდვილეში ახალი ალიანსის, „ანტიბრიუსელის“ უკან?


ბრიუსელში ამ კვირაში ზოგი აღტაცებული, ზოგი კი შეშფოთებით ადევნებდა თვალს იტალიის გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ულტრამემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინის გულთბილ შეხვედრას პოლონეთის მმართველ პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელებთან ვარშავაში.

ვარშავაში სალვინი გამოვიდა მოწოდებით „ახალი ევროპული გაზაფხულისაკენ“, რომელსაც იტალია და პოლონეთი უნდა გაუძღვნენ, მისი თქმით, „საფრანგეთ-გერმანიის ღერძის“ ჩასანაცვლებლად. მან პირობა დადო, რომ ამას მოჰყვება „ნამდვილი ევროპული ფასეულობების რენესანსი“.

და რახან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტიდან დადებითად აფასებს ვარშავა-რომის ახალ პოტენციურ ალიანსს, დაიხატა სურათი, რომ კონტინენტის დიდ ნაწილში იბადება ბრიუსელის საწინააღმდეგო ალიანსი.

ქაღალდზე ეს სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება. „სამართალი და სამართლიანობა“, „ჩრდილოეთის ლიგა“, ისევე როგორც ორბანის პარტია „ფიდესი“, ეწინააღმდეგებიან იმას, რასაც უწოდებენ „ბრიუსელის ელიტას“ თავის ლიბერალურად მიჩნეული სოციალური, ისევე როგორც ეკონომიკური დღის წესრიგით. მაგრამ ევროკავშირის მომხრეები გამოყოფენ კიდევ ორ აშკარა ასპექტს: როცა ნაციონალისტები საერთაშორისო ალიანსს ქმნიან, საკმაოდ მალე შეიძლება ფეხი წამოკრან ერთმანეთის ინტერესებს და რომ ევროკავშირის სტაჟიან პოლიტიკურ ოჯახებს გაცილებით უფრო ძლიერი კავშირები აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე ზოგს ჰგონია.

დავიწყოთ პირველით. „სამართალი და სამართლიანობისა“ და „ჩრდილოეთის ლიგის“ რომანსს ხელს უშლის პრინციპული განსხვავება ორი საკითხის გარშემო. პირველია რუსეთი. მაშინ, როცა სალვინი პუტინს აქებს და აქტიურად მუშაობს მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გასაუქმებლად, „სამართალი და სამართლიანობის“ დე ფაქტო ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოუკლა საყვარელი ტყუპისცალი ძმა ლეხ კაჩინსი 2010 წელს, სმოლენსკის ავიაკატასტროფის დროს. და პოლონეთზე რომ იყოს დამოკიდებული, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ორი პარტიის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ისეთი საკვანძო საკითხის მიმართ, როგორიც რუსეთია, ძალიან ართულებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

იგივე ეხება მეორე მნიშვნელოვან თემას, რომელიც თავსატეხს უჩენს ევროკავშირს: იმიგრაციას. მართალია, როგორც იტალიის, ისე პოლონეთის პარტიებს სძულთ ევროპაში მეტი იმიგრანტის მიღების იდეა, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან, როცა საუბარია იმაზე, თუ რა უნდა მოუხერხო ევროპაში უკვე ჩასულ ხალხს. სალვინის სურს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელმა წევრებმა იტალიის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინონ და ამ ქვეყანაში ჩასული ლტოლვილები გაინაწილონ კვოტების სისტემით, რომელიც ევროკავშირმა შექმნა. რაც შეეხება „სამართალი და სამართლიანობას“, თუნდაც ოდნავ უკან დახევას წინასაარჩევნო დაპირებიდან, რომ ერთ ადამიანსაც კი არ მიიღებდა კვოტების სისტემით, ის სავარაუდოდ, აღიქვამს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების ღალატად.

ამ ყველაფრის გარდა, არსებობს პოლიტიკური ოჯახები.

ბრიუსელში სალვინი-კაჩინსკის ალიანსს ევროპარლამენტის მოახლოებული მაისის არჩევნების პრიზმაში უყურებენ.

თუ ამ კომბინაციას „ფიდესსაც“ დავამატებთ, ერთად აღმოჩნდებიან სამი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. „ჩრდილოეთის ლიგა“ მიეკუთვნება ულტრამემარჯვენე ENF-ს (ერებისა და თავისუფლების ევროპა) - პარტიების მომცრო ოჯახს, რომელიც ვერ ახდენს რეალურ გავლენას ევროკავშირის კანონმდებლობაზე. „სამართალი და სამართლიანობა“ შედის ECR-ში (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები) - ოჯახში, რომელიც ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ შექმნა. ევროსკეპტიკურობის მიუხედავად, ამ პოლიტიკურ ჯგუფს ძლიერი პოზიცია აქვს ბრიუსელში და სიდიდით მესამეა ევროპარლამენტში. ხოლო „ფიდესი“ მიეკუთვნება EPP-ს (ევროპის სახალხო პარტია) - უდიდეს ჯგუფს და ევროკავშირის პოლიტიკის დომინანტურ ძალას. მართალია, ბევრი მოუწოდებს EPP-ს „ფიდესის“ გარიცხვისაკენ, მაგრამ ამის გაკეთებას ის არ აპირებს. ჯგუფს სჭირდება უნგრელების ხმები, რათა ქალაქში ყველაზე მრავალრიცხოვან ძალად დარჩეს და შეძლოს გავლენის მოხდენა როგორც კომისიის პრეზიდენტის არჩევაზე, ისე წელს მოგვიანებით კომისიის ახალი წევრების ვინაობის განსაზღვრაზე. ორბანს მოსწონს ასეთი პატრონის ყოლა და არ უღალატებს თავის პოლიტიკურ ოჯახს.

ამას არ გააკეთებს არც „სამართალი და სამართლიანობა“. ECR-ის წევრობა მას დამაჯერებლობასა და გავლენას ანიჭებს. და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი კონსერვატორები ბრექსიტის გამო ევროპარლამენტს დატოვებენ, ჯგუფი მოელის თავის რიგებში მრავალრიცხოვანი პარლამენტარების მიღებას, რადგან ვარაუდობენ, რომ მაისის არჩევნებში წარმატებას მოიპოვებენ შვედი დემოკრატები, ჩეხეთის სამოქალაქო დემოკრატიული პარტია და ბელგიის ფლანდრიული ალიანსი. ასეთია კონტექსტი, რომლის ფონზეც სცენაზე გამოდიან სალვინი და მისი „ჩრდილოეთის ლიგა“ და რომლითაც შეიძლება აიხსნას ზამთრის ვარშავაში ნანახი დაახლოება.

სალვინიმ იცის, რომ ENF შესაძლოა ვერ გადარჩეს, როგორც ჯგუფი, მაისის შემდეგ, ან თავი ვერ დააღწიოს საკუთარ უმნიშვნელობას. მავანთა, მათ შორის თეთრის სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგის, სტივ ბენონის მცდელობა, ევროპაში შექმნან ახალი ნაციონალისტური ძალა, ჯერჯერობით მცდელობად რჩება.

ხოლო ECR-ის კარი ღიაა და თუ ამ ჯგუფის წევრთა უმრავლესობას იტალიელების მიღება სურს, ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს. ამდენად, ვარშავაში სალვინის ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს ადგილის მოსინჯვად ჯგუფში სამომავლო წევრობისათვის. ბრიტანელი კონსერვატორების ჩანაცვლება „ჩრდილოეთის ლიგით“ შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ECR-ში შესუსტდება მხარდაჭერა თავისუფალი ვაჭრობის მიმართ და შესუსტდება კრემლის საწინააღმდეგო განწყობა.

მაგრამ ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ „ჩრდილოეთის ლიგა“ მჭიდროდ დაუკავშირდება ევროპულ მეინსტრიმს და უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრიუსელის პოლიტიკაში, სადაც კომპრომისები, ერთმანეთში გარიგება და პოლიტიკური ბრძოლა კვლავაც საჭირო რჩება განხეთქილებებით მოცული კონტინენტისათვის კანონმდებლობის მოსაფიქრებლად და მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG