Accessibility links

რა სარგებელს იძლევა ავტობუსის ზოლის გზის შუაში გატარება?


საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლები შუაში განთავსდება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შესაბამისად იგეგმება ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

ურბანული გარემოს რეალური გაუმჯობესება ხდება არა რიყის ტრუბებით და მეტროს პლასტიკატში ჩასმით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობის და სიჩქარის გაზრდით.
გიორგი ბაბუნაშვილი

„კომპანია „სისტრამ“ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. შესაბამისად, ასევე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა-გადასასვლელებით, რათა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა. საინტერესო წინადადებაა. ამ მიდგომით აქვთ გაკეთებული, რომ შუაში იყოს ავტობუსის ზოლები და გვაჩვენეს გრაფიკულად, როგორი იქნება გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალირებეისას.

კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებას, ავტობუსების ზოლები განთავსდეს გზის შუა ნაწილში, იწონებენ სპეციალისტებიც. არასამთავრობო ორგანიზაციის „ურბანული ლაბორატორიის“ ხედლმძღვანელის გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, აშკარაა, რომ ავტომობილებისთვის მოკლებულ ზოლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ეფექტიანად გამოიყენებს.

„კარგია, რომ პოლიტიკის დონეზე ხდება იმის გააზრება, რომ ავტობუსი რამდენიმე ათეული მგზავრით არ უნდა იდგეს საცობში მანქანების გამო, ხოლო ურბანული გარემოს რეალური გაუმჯობესება ხდება არა რიყის ტრუბებით და მეტროს პლასტიკატში ჩასმით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობის და სიჩქარის გაზრდით“, - ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

მეტი „ზებრა“ უნდა დაიხაზოს, მეტი ღილაკიანი შუქნიშანი უნდა დაიდგას და ასევე უნდა მოეწყოს კუნძულოვანი პლატფორმები გზის შუაში, თუმცა ამ უკანასკნელის გარდა, „ზებრები“ და შუქნიშნები ისედაც უნდა გაკეთებულიყო.
ბექა ნინიკური

რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლების შუაში განთავსება რომ ავტობუსების გადაადგილების სიჩქარეს გაზრდის, ამაში ეჭვი არ ეპარება არასამთავრობო ორგანიზაციის „თბილისის ტრამვაის“ წარმომადგენელს, ბექა ნინიკურს.

„როცა ავტობუსის ზოლი კეთდება ნაპირზე, ყოველთვის იქმნება პრობლემები: რამდენი შესახვევიცაა მარჯვნივ, იმდენჯერ მოუწევს მძღოლს სიჩქარის შენელება, შესაბამისად, ასეთი „ბასლაინი“ ვერ იმუშავებს ეფექტიანად. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყოველ 100-200 მეტრშია შესახვევი. გამოდის არა განცალკევებული, არამედ შეთავსებული ზოლი. როცა „ბასლაინი“ შუაშია, ეს შენელებები აღარ არის და ავტობუსის მოძრაობის სიჩქარეც შესაბამისად მაღალია“, - ამბობს ბექა ნინიკური, რომლის თქმითაც, ავტობუსების ზოლების შუაში გადატანა გაზრდის ინფრასქტრუქტურულ ხარჯებს.

„მეტი „ზებრა“ უნდა დაიხაზოს, მეტი ღილაკიანი შუქნიშანი უნდა დაიდგას და ასევე უნდა მოეწყოს კუნძულოვანი პლატფორმები გზის შუაში, თუმცა ამ უკანასკნელის გარდა, „ზებრები“ და შუქნიშნები ისედაც უნდა გაკეთებულიყო“, - ამბობს ბექა ნინიკური.

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია თბილისის მერიას 13 მილიონი ლარი უჯდება. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG