Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე დიდი და ყველაზე რთული მუნდიალი ისტორიაში: რა უნდა ვიცოდეთ ტურნირის წინ

2026 წლის მუნდიალის ლოგო ნიუ-იორკში, ტაიმს-სკვერზე
2026 წლის მუნდიალის ლოგო ნიუ-იორკში, ტაიმს-სკვერზე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება პირველი ტურნირი, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ჩატარდება 104 მატჩი და მას 3 მასპინძელი ქვეყანა ეყოლება.

რეკორდული მაჩვენებლებით, ექსტრემალური სიცხის რისკებითა და ამერიკული „სუპერბოულის“ სტილის სანახაობით, მუნდიალი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისამდე გასტანს.

ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 ამბავს, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ ბურთი პირველად გაგორდება.

სად ტარდება 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი?

აშშ ტურნირს 1994 წლის შემდეგ მეორედ მასპინძლობს, მექსიკაში კი ეს უკვე მესამე ხდება (1970 და 1986 წლების შემდეგ).

კანადა პირველად იქნება მასპინძელი. მათი ნაკრები მუნდიალზე ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მესამედ მოხვდა, სადაც პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

როდის იწყება 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი?

მექსიკა საშინაო ტურნირს 11 ივნისს, „აცტეკას“ სტადიონზე, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მატჩით გახსნის.

მეხიკოს ამ საკულტო არენამ უკვე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალს, ამჯერად კი 2010 წლის ტურნირის გახსნითი მატჩის რეპეტიციას მიესალმება.

მატჩი მექსიკის დედაქალაქის დროით 13:00 საათზე, თბილისის დროით კი 23:00 საათზე დაიწყება.

სტადიონი „აცტეკა“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს უმასპინძლებს
სტადიონი „აცტეკა“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს უმასპინძლებს

რამდენი გუნდი მონაწილეობს და რა ფორმატით?

ტურნირზე რეკორდული რაოდენობის - 48 გუნდი იასპარეზებს, რაც აღემატება 1998-დან 2022 წლამდე არსებულ 32-გუნდიან ლიმიტს.

ეს ასევე ახალ ფორმატს ნიშნავს: 8 ჯგუფის ნაცვლად იქნება 12 ჯგუფი და ვინაიდან პირველ-მეორე ადგილოსნები კვლავ ავტომატურად გადიან, პლეი-ოფში მათთან ერთად საუკეთესო მესამეადგილოსანი რვა გუნდიც გადაინაცვლებს. შესაბამისად, ემატება ახალი ეტაპი - 1/16 ფინალი (32 საუკეთესო გუნდი).

რომელ ქალაქში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი?

ნიუ-იორკი/ნიუ-ჯერსი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც პირველი იქნება აშშ-ში ბოლო 32 წლის განმავლობაში.

„ნიუ-იორკ ნიუ-ჯერსის სტადიონს“ 82 500 გულშემატკივარს იტევს.

„ნიუ-იორკ ნიუ-ჯერსის სტადიონი“, სადაც მუნდიალის ფინალი გაიმართება
„ნიუ-იორკ ნიუ-ჯერსის სტადიონი“, სადაც მუნდიალის ფინალი გაიმართება

რამდენ სტადიონზე ჩატარდება მატჩები?

სამი ქვეყანაში სულ 16 სტადიონია შერჩეული: 11 აშშ-ში, სამი მექსიკაში და ორი კანადაში.

მათ შორისაა ვანკუვერის „BC Place“, 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, და „აცტეკა“ - ერთადერთი არენა, რომელსაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მანამდეც უმასპინძლია.

ისტორიული დებიუტანტები

მონაწილე გუნდების 48-მდე გაზრდამ გზა გაუხსნა ოთხ ქვეყანას, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვედრილიყვნენ:

  • კიურასაო და კაბო-ვერდე (პატარა გიგანტები): კიურასაო, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 150 000-ია, ხდება ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელსაც ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია. მათ გვერდითაა კაბო-ვერდეც - ნახევარმილიონიანი კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკული ფეხბურთის გრანდი, კამერუნი ჩამოიტოვა და მსოფლიო გააოცა.
  • უზბეკეთი და იორდანია: ამ ორმა აზიურმა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა გაზრდილი კვოტები და მრავალწლიანი იმედგაცრუება ისტორიულ გამარჯვებად აქცია.


მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი 48 გუნდამდე გაფართოვდა, ევროპისთვის (UEFA-სთვის) გამოყოფილი კვოტები მხოლოდ 3-ით გაიზარდა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებისთვის მუნდიალზე მოხვედრა კვლავ რთული ბარიერი აღმოჩნდა. გუნდმა შესარჩევი ციკლის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, მომდევნო ეტაპზე კი ესპანეთი და თურქეთი გავიდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ექვსიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ექვსიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო

მუნდიალი და ამერიკული გასართობი ინდუსტრია

წელს ფინალური მატჩის შესვენების დროს მუსიკალური შოუ ჩატარდება, რაც ამერიკული მასშტაბური სპორტული ღონისძიებების, მაგალითად, „სუპერბოულის“ ტრადიციული ფორმატით არის შთაგონებული.

მუსიკალური პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენებაზე ნამდვილი სიახლეა - აქამდე გასართობი პროგრამა ტრადიციულად მხოლოდ გახსნითი მატჩის დაწყებამდე, ან გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე ტარდებოდა.

ფინალის შესვენებაზე ვარსკვლავები გამოვლენ - შაკირა, მადონა და სამხრეთკორეული ჯგუფი BTS.

ფინალის Halftime Show-ის ბანერი
ფინალის Halftime Show-ის ბანერი

ლოგისტიკური კოშმარი და კლიმატური ანომალიები

ვინაიდან ჯგუფური ეტაპის მატჩები სამი დიდი ქვეყნის (აშშ, კანადა და მექსიკა) 16 მასპინძელ ქალაქშია გადანაწილებული, გუნდებს მხოლოდ ფეხბურთის თამაში არ მოუწევთ - ეს გეოგრაფიული გადარჩენის ნამდვილი გამოცდაა.

ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ ნაკრებს მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე 8 000 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწევს, რაც ყოველ 3-4 დღეში სასაზღვრო კონტროლის გავლას, ბარგის ჩალაგებასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციას გულისხმობს.

ვინაიდან ტურნირი ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხულის ჭექა-ქუხილების პიკის სეზონზე ტარდება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ფიფამ მატჩები განრიგთან შედარებით უპირატესობა უსაფრთხოებას მიანიჭეს. მატჩი მომენტალურად შეწყდება, თუ სტადიონიდან 13 კილომეტრის რადიუსში ელვა ან ელექტრონული აქტივობა დაფიქსირდება.

ამის შემდეგ თამაშის განახლებამდე იწყება 30-წუთიანი ათვლა. თუ ამ 30 წუთის განმავლობაში, ნებისმიერ მომენტში, 13 კილომეტრის ზონაში კიდევ ერთხელ გაიელვებს, საათის ათვლა დაიწყება თავიდან.

2025 წლის საკლუბო მუნდიალზე მატჩის მსვლელობისას სტადიონის თავზე ელვა დაფიქსირდა, ცინცინატი, ოჰაიო, აშშ.
2025 წლის საკლუბო მუნდიალზე მატჩის მსვლელობისას სტადიონის თავზე ელვა დაფიქსირდა, ცინცინატი, ოჰაიო, აშშ.

„მსოფლიო ამინდის ატრიბუციის“ (WWA) ანგარიში, რომელიც ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებს შეისწავლის, გვაფრთხილებს, რომ მატჩების თითქმის მეოთხედი შესაძლოა ჩატარდეს ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის პოტენციურად სახიფათო სიცხეში.

ივლისში მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის რისკის ქვეშ ყველაზე მეტად მაიამი, კანზას-სიტი და ფილადელფია ხვდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრატაციის (წყლის დალევის) პაუზები ფეხბურთისთვის უცხო არ არის, ფიფამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩში, ამინდის პირობების მიუხედავად, თითოეულ ტაიმში თითო ასეთი შესვენება მოეწყობა.

გამაგრილებელი პაუზა 2025 წლის საკლუბო მუნდიალზე, კალიფორნია, აშშ
გამაგრილებელი პაუზა 2025 წლის საკლუბო მუნდიალზე, კალიფორნია, აშშ

მაღალი ფასები მგზავრობასა და ბილეთებზე

დიდი დისტანციების გამო მგზავრობა ძვირი ჯდება ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები გულშემატკივრებისთვისაც კი. მასპინძელ ქალაქებს შორის ყველაზე დაშორებული ვანკუვერი და მაიამია - 4 507 კილომეტრი.

მაგალითად, თუ გერმანიის ნაკრების გულშემატკივარს საკუთარი გუნდის ყველა მატჩზე დასწრება სურთ, მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებზე ჰიუსტონიდან ტორონტოში, იქიდან კი ნიუ-ჯერსიში გადასასვლელად 2 619 კილომეტრის გავლა მოუწევთ.

ბილეთების ფასებს იმხელა ორომტრიალი მოჰყვა, რომ გულშემატკივართა ორგანიზაციამ „ევროპის ფეხბურთის ქომაგებმა“ (FSE) ევროკომისიაში ფიფას წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა მატჩებზე „ზედმეტად მაღალი ფასების“ გამო.

აშშ-ის ნაკრების გახსნით შეხვედრაზე პარაგვაის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში, ყველაზე ძვირიანი ბილეთები 4 105 დოლარი ღირდა, მაშინ როცა ნაკლებად მოთხოვნად თამაშებზე ყველაზე იაფი ადგილების ფასი 380 დოლარიდან იწყებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სიმბოლური ბილეთით ხელში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის სიმბოლური ბილეთით ხელში

გეოპოლიტიკური უთანხმოება

მსოფლიო ჩემპიონატის გეოპოლიტიკური კონტექსტი უპრეცედენტოა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მატჩების უმრავლესობას (104-დან 78 თამაშს) აშშ მასპინძლობს, სადაც საგარეო და საშინაო პოლიტიკა საგრძნობლად შეიცვალა 2018 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

ირანის ნაკრების ლოგისტიკა ცალკე თემაა: ირანი თავდაპირველად გეგმავდა თავისი ტურნირის საწვრთნელი ბაზის მოწყობას ტუსონში, არიზონას შტატში.

თუმცა, მწვავე დიპლომატიური უთანხმოების, მიმდინარე რეგიონული კონფლიქტისა და აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული დიდი დავის გამო, ლოკაცია საზღვრის სამხრეთით, მექსიკაში გადაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობამ ფეხბურთელების ვიზები დაამტკიცა, მან ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა 15 საკვანძო ადმინისტრაციულ, მენეჯერულ და დამხმარე პერსონალის წევრს - მათ შორის ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, მეჰდი ტაჯს.

ირანის G ჯგუფის ყველა მატჩი აშშ-ის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აშშ-ის ვიზების მკაცრი პირობების თანახმად, გუნდს ეკრძალება ამერიკის შეერთებულ შტატებში ღამის გათევა და ვალდებულია მატჩების ჩატარების დღესვე ჩაფრინდეს და უკან გაფრინდეს ტიხუანაში, მექსიკაში.

ეროვნული გვარდიის წევრები პატრულირებენ იმ სასტუმროს გარეთ, სადაც ირანის ნაკრები იმყოფება
ეროვნული გვარდიის წევრები პატრულირებენ იმ სასტუმროს გარეთ, სადაც ირანის ნაკრები იმყოფება

გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ დააწესა სამგზავრო შეზღუდვები და სავიზო აკრძალვები რამდენიმე ისეთი ქვეყნისთვის, რომლებმაც ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს - მათ შორის არიან ირანი, ჰაიტი, სენეგალი და კოტ-დ’ივუარი.

მაშინ როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა მკაცრი დიპლომატიური გამონაკლისი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალისთვის, რათა მათ საზღვარი გადაეკვეთათ და ეთამაშათ, ანალოგიური გამონაკლისი რიგითი გულშემატკივრებისთვის არ გაკეთებულა.

უფლებადამცველებმა ამას უკვე უწოდეს „ორდონიანი სისტემა“ - როდესაც ქვეყნის გუნდს ეძლევა ამერიკულ მიწაზე ასპარეზობის უფლება, მაგრამ ამავე ქვეყნის მოქალაქეებს კანონი უკრძალავს სტადიონზე შესვლას საკუთარი ნაკრების მხარდასაჭერად.

აგრეთვე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა სომალელ არბიტრს ომარ არტანის. ის 2025 წელს აფრიკის წლის საუკეთესო მსაჯად დასახელდა და აშშ-ში დიპლომატიური პასპორტითა და მოქმედი ერთჯერადი ვიზით გაემგზავრა.

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, სადაც ფიფას მსაჯთა საწვრთნელ ბაზას უნდა შეერთებოდა, იგი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (CBP) თანამშრომლებმა დააკავეს და 11-საათიანი დაკითხვა ჩაუტარეს.

შემდგომში თეთრი სახლისა და აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არტანს ქვეყანაში შესვლაზე უარი „ძალიან საფუძვლიანი მიზეზის გამო“ ეთქვა. მათი თქმით, არსებობდა ეჭვი მის კავშირზე ტერორისტულ ორგანიზაციებთან ასოცირებულ პირებთან, რაც ირიბად აღმოსავლეთ აფრიკაში მოქმედ დაჯგუფება Al-Shabaab-ზე მიუთითებდა.

ომარ არტანი 10 ივნისს სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დაბრუნდა, სადაც მას აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ.
ომარ არტანი 10 ივნისს სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დაბრუნდა, სადაც მას აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ.

ტექნოლოგიური ინოვაციები

Adidas-მა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბურთებს 1970 წლიდან ამზადებს, გასულ წელს წარადგინა Trionda-ს ბურთი, რომელიც იყენებს „Connected Ball Technology“-ს (დაკავშირებული ბურთის ტექნოლოგია) მატჩების მსაჯების დასახმარებლად.

Adidas-ის თანახმად, ბურთში მოთავსებულია 500-ჰერციანი ინერციული გაზომვის მოდულის (IMU) მოძრაობის სენსორი, რომელიც სპეციალური სისტემით არის დაფიქსირებული. სენსორი მონაცემებს აგროვებს და VAR-ის სისტემას გადასცემს. სენსორები დააფიქსირებენ ბურთთან თითოეულ შეხებას და დაეხმარებიან მსაჯებს საკამათო ეპიზოდების შეფასებაში.

ასეთი ბურთები უსადენოდ იტენება სპეციალურად შექმნილი დამტენი სადგურების მეშვეობით. სრულად დასატენად დაახლოებით 90 წუთია საჭირო, ხოლო აქტიური თამაშის რეჟიმში ბატარეა დაახლოებით 6 საათს ძლებს.

Trionda - 2026 წლის მუნდიალის ოფიციალური ბურთი
Trionda - 2026 წლის მუნდიალის ოფიციალური ბურთი

გარდა ამისა, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ფიფა იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რათა განაცხადში მყოფი ყველა (1 248-ვე) ფეხბურთელის ზუსტი 3D ციფრული ავატარი შექმნას. სტადიონზე განთავსებული კამერები მოთამაშეების სხეულის პოზიციას რეალურ დროში გაიმეორებენ.

ეს არის ახალი ინსტრუმენტი VAR-ისთვის, რათა მილიწამებში დადგინდეს თამაშგარე მდგომარეობა და მილიმეტრის სიზუსტით გაკონტროლდეს, თუ სად არის ფეხბურთელის მხარი თუ ფეხის თითი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG