Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთის ღვეზელი და ქართული იდენტობა: რა შეიძლება გახდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?


თამარ ამაშუკელი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალის გაზრდას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საგანი თუ ტრადიცია, რომ მას ძეგლის სტატუსი მიენიჭოს? რადიო თავისუფლება ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს ესაუბრა.

„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთვლის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“ - ეს იმ ტრადიციების ჩამონათვალია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ 2022 წლის მიწურულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები - ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.

- ქალბატონო თამარ, რას გულისხმობს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი მინიჭება?

- არამატერიალური კულტურული ძეგლი აუცილებლად ცოცხალი ტრადიცია უნდა იყოს, ის, რასაც ქვეყანა დღემდე მისდევს და მისი იდენტობის ნაწილია. ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ისიც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ტრადიცია შენარჩუნდეს და ხალხმა მის შესახებ გაიგოს.

შესაძლოა ტრადიციას მსოფლიო აღიარებაც ჰქონდეს, მაგალითად, იუნესკომ აღირა ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი. ამას ძალიან ბევრი სიკეთე მოაქვს. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ტურიზმის სფეროზეა მიბმული. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მას შემდეგ, რაც ქვევრში დაყენების ტრადიცია აღიარეს, ქვევრის ღვინის გაყიდვები ძალიან გაიზარდა

- არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ერთგვარი „საავტორო უფლებაა“? მაგალითად, იგივე აპოხტის ხინკალი, რომელსაც ახლახან ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვა ქვეყანას მასზე პრეტენზია ვეღარ ექნება?

- ეს თემები იკვეთება. ხშირად დავობენ ესა თუ ის ტრადიცია რომელი ქვეყნისაა. ეს უფრო მაშინ არის მნიშვნელოვანი თუ მსოფლიო აღიარებაზეა საუბარი. მახსოვს, კამათობდნენ ტოლმა აზერბაიჯანის იყო თუ სომხეთის. ტანგო რამდენიმე ქვეყანას ერთობლივად აქვს წარდგენილი.

როდესაც ადგილობრივ მასშტაბზე არის საუბარი, ჩვენ უბრალოდ ვაღიარებთ, რომ ესა თუ ის ტრადიცია, მიუხედავად მისი ფესვებისა, დღეს ჩვენი იდენტობის გამომხატველია.

ერთი საკითხია რას ვანიჭებთ სტატუსს და მეორე, რას არ ვანიჭებთ. მართლაც მნიშვნელოვანი ტრადიციები გვრჩება ყურადღების მიღმა, მაგალითად, ლიფაანალი (სვანური ტრადიცია, რომელიც დროსაც ოჯახი გარდაცვლილთა სულებს „მასპინძლობს“ რ.თ.). ამისთვის არ გვაქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი და მცხეთის ღვეზელი ასეთი რა იდენტობის გამომხატველია? თუ მცხეთის ღვეზელს ვანიჭებთ სტატუსს, მაშინ გორის კატლეტს რატომ არ ვანიჭებთ? სამწუხაროდ, მხოლოდ ჩამონათვალი ვიცით ამ ობიექტების, დასაბუთება კი არა. იმედია, ვიხილავთ, რატომ არის მცხეთის ღვეზელი მნიშვნელოვანი. ახლა ვერაფერს ვიტყვი, მე თავად ვერ ვასაბუთებ და იქნებ, სხვამ დაინახა.

- თუ მხოლოდ ახლა არსებულ ტრადიციებს ენიჭება ძეგლის სტატუსი, მაშინ ისიც გაუგებარია რატომ გახდა ძეგლი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია?

- კი, არის ეს კითხვაც. ბოლო დროს საკმაოდ ქაოსურად ანიჭებენ სტატუსებს. სადღაც ორმოცი ნომინაციაა, რომელთაც დასაბუთება არ მოჰყვება. თან ამ ობიექტებს შენარჩუნებისა და გავრცელების სტრატეგიაც უნდა ჰქონდეთ. არც ეს სტრატეგიები ვიცით. მაგალითად, არის „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია“. რას ვაკეთებთ მის შესანარჩუნებლად?

- არამატერიალური ძეგლის დასაცავად, გასაცნობად ბიუჯეტიდან ფული გამოიყოფა?

- თავისთავად ძეგლის მინიჭებაზე ფული არ გამოიყოფა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ მის შენარჩუნებასა და მის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე, ბიუჯეტში ამისთვის თანხა უნდა იყოს.

- ანუ შესაძლებელია ეს კორუფციის საშუალებაც გახდეს?

- უფრო მგონია, რომ ეს ზედაპირული მიდგომის ბრალია და არა კორუფციის. ისევ და ისევ მინდა ვნახო ამ ძეგლებს რა არგუმენტაცია მოჰყვება. როდესაც აქვეყნებ, რომ ამა თუ იმ ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იქვე ისიც უნდა გამოაქვეყნო - რატომ მიენიჭა.

- სააგენტოს ვებსაიტის მიხედვით, ამ დრომდე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 70-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობაა. თუ გახსენდებათ მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ასევე საეჭვო იყო?

- მაგალითად, საერთოდ არ ვიცი რა არის თეატრალურში მიღების ტრადიცია („თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია - გრიმის ცხების ცერემონიალი“რ.თ.). შეიძლება ეს ჩემი მინუსია. ტრაგედია არ იქნება, თუ საეჭვო ტრადიციას ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ, მაგრამ პროცესი არის უცნაური. შესაბამისად ეს ყველაფერი ხალხის არც თუ სასიამოვნო რეაქციას იწვევს. ახლაც უფრო დასცინეს [სტატუსმინიჭებულ ძეგლებს], ვიდრე აღიარეს.

რადიო თავისუფლებამ ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეყვანის დასაბუთება სთხოვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაც, მაგრამ ამ დრომდე სააგენტოს თავისი პოზიცია არ გამოუხატავს. თუ სააგენტო გადაწყვეტს, ახსნას მიღებული გადაწყვეტილებები ან გამოხატოს აზრი სტატიაში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რედაქცია ასახავს ამ მოსაზრებებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG