Accessibility links

site logo site logo

რა ხდება მას შემდეგ, რაც პოლიცია არ გიცავთ მოძალადეებისგან


ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობაზე პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ამით ახალი თავდასხმების წახალისება ხდება.

“რუსთაველზე, ნახატები სადაც იყიდება, მივდიოდი როლიკებით და ვიღაც ტიპმა ხელით დამიჭირა და დამარტყა. ვერ შევიკავე წონასწორობა და დავეცი. ის თან მირტყამდა, თან ტელეფონით მიღებდა, და ხალხსაც მოუწოდებდა, ესო იცით ვინ არისო, იქო 17 მაისს იდგაო და ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფდაო.” - მიყვება ნიკა. 2013 წლის მაისის მიწურულს, მას ორჯერ დაესხნენ თავს რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გეია.

ბიჭს სინამდვილეში ნიკა არ ჰქვია. სახელის შეცვლა მთხოვა, რადგან ოჯახმა იცის მისი სექსუალური ორიენტაციის, მაგრამ არა ჰომოფობიური თავდასხმების შესახებ.

“არ მინდა, ახლა ინერვიულონ იმ ყველაფრის გამო, რაც ადრე იყო” - მიხსნის ნიკა, რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი მიიღო და ახლა უსაფრთხოდაა.

“დაახლოებით 5-10 წუთი მაინც დაგდებული ვიყავი და ტიპი თან მირტყამდა, თან ვიდეოს მიღებდა”

ბიჭი ძალადობის ორივე ფაქტს დეტალურად აღმიწერს. ტელეფონში პერიოდულად მესმის, რომ მძიმედ სუნთქავს. რამდენჯერმე ხანგრძლივ პაუზას აკეთებს შუა წინადადებაში.

“პოლიციელებს ჰქონდათ დამამცირებელი და ჰომოფობიური დამოკიდებულება” - მიყვება ნიკა -მეუბნებოდნენ, რატო გაცვია ეს მაიკა, მეგობარს კი თმის ფერზე გამოეკიდნენ. რაღაც განსხვავებული ფერის ჰქონდა, არ მახსოვს ზუსტად რა ფერი. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიწვევდით ძალადობის პროვოცირებას. მოკლედ, გვეღადავებოდნენსავით რა. როგორც იციან ხოლმე, დამცინავი, ცინიკური ტონით გველაპარაკებოდნენ”.

ნიკას მონათხრობის თანახმად, სამართალდამცველების ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტურად იქცეოდნენ - არწმუნებდნენ, განცხადება არ დაეწერა და თან ამცირებდნენ. დამნაშავეები არც ერთხელ არ დაუკავებიათ.

დარბევა, უმოქმედობა, დაუსჯელობა - 8 წლის წინ

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, პოლიციამ ვერ დაიცვა 40-მდე ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დედაქალაქის შუაგულში - ათასობით აგრესიულმა ადამიანმა პოლიციის კორდონი გააღვია. მას შემდეგ, რაც აქტივისტები ყვითელი მიკროავტობუსებით თავისუფლების მოედნიდან გაიყვანეს, სასულიერო პირების მიერ წაქეზებული სიძულვილის ჯგუფები ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და თავს ესხდმოდნენ არამხოლოდ ლგბტ ადამიანებს, არამედ მათაც, ვინც უბრალოდ თვალში არ მოუვიდოდათ. თავდასხმები რამდენიმე დღე გაგრძელდა.

ძალადობა განსაკუთრებით გახშირდა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ”. - უყვება “რადიო თავისუფლებას” ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

პრაქტიკულად არ მომხდარა დასჯა მოძალადეების და ჩვენ ვიხილეთ, რომ... ძალადობა იყო სისტემური. ათობით ადამიანი დაშავდა იმ დროს და წლობით გაგრძელდა პროცესები და მივიღეთ შედეგი, რომ არავინ დასჯილა”.

2015 წლის 23 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა დარბევაში მონაწილე ოთხი სასულიერო პირი. უფლებადამცველები მაშინ ამბობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სიგნალია ყველა მოძალადისთვის - საქართველოში სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა დაუსჯელად შეიძლება.

უჩა ნანუაშვილის თქმით, იმან, რომ პოლიციამ არ და ვერ დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, სახელმწიფოს პირველი პირების არადამაჯერებელმა განცხადებებმა, და მოძალადეების დაუსჯელობამ, ფაქტობრივად, წააქეზა ყველა, ვისაც მიაჩნდა, რომ შეუძლია ადამიანზე იძალადოს მისი სექსუალური იდენტობისა, თუ უბრალოდ გარეგნობის გამო.

დარბევა, უმოქმედობა, დაუსჯელობა (?) - დღეს

8 წლის შემდეგ, ექსტრემისტებისგან ლგბტ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დაცვა სახელმწოფისთვის ისევ გადაუჭრელი ამოცანა აღმოჩნდა. უფლებადამცველებსა და ხუთ ივლისს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ “მწვანე შუქი” მოძალადეებს ხელისუფლებამ ორი დღის წინაც აუნთო.

სიძულვილის ჯგუფებმა მოახერხეს “ღირსების მარშის” ჩაშლა, დაარბიეს ორი სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისი და ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველები იყვნენ: 1. ცოტანი და 2. მეტისმეტად პასიურები მოძალადეების წინაშე.

ძალადობა და თავდასხმები ადამიანებზე მათი გარეგნობის გამო 6 ივლისსაც გაგრძელდა. დედაქალაქში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. საღამოს, სიძულვილის ჯგუფების ყველა მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ შეძლო და დაიცვა ძალადობის წინაამღდეგ პარლამენტთან მისული მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შსს-ს ცნობით, 5-6 ივლისის მოვლენების კვვალდაკვალ, დაკავებულია დაახლოებით 115 ადამიანი. (აქედან მხოლოდ 7-ს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე) უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცდომის გამოსასწორებლად ეს საკმარისი არ არის.

გიორგი გოგია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოჩის” (HRW) წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში, “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ ხუთი ივლისის მოვლენები მძიმე დარტყმაა, როგორც ადამიანის უფლებებზე, ისე, ზოგადად, ქართულ დემოკრატიაზე. მისი თქმით, რისკების შემცირება ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ საამისოდ მყისიერი მოქმედებაა საჭირო - სახელმწიფომ ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს დროში უნდა გამოიძიოს და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს. ამასთანავე, დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს პოლოციის მიმართ არსებულ კითხვებსაც.

გიორგი გოგია
გიორგი გოგია

“მოქალაქეები არიან დაუცველები ამ ქვეყანაში, თუკი ისინი განსხვავებულები არიან უმრავლესობისგან - ეს ერთ-ერთი ცუდი გზავნილია, რომელიც გაიგზავნა... თუ არ მოხდება სათანადო გამოძიება და დადგენა იმისა, რა საპოლიციო ძალა იქნა, ან არ იქნა გამოყენებული, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიცია ჯერ კიდევ სერიოზული პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის, და რომ პოლიცია იღებდა პოლიტიკურ ბრძანებას და მის ქვეშ მოქმედებდა”.

ხელისუფლებამ ძალადობა ვერ აღკვეთა, თუ არ აღკვეთა? - ეს კითხვა დღეს საქართველოში ბევრ უფლებადამცველსა და ჟურნალისტს აწუხებს.

უჩა ნანუაშვილის დაკვირვებით, პოლიცია და სასამართლო, რომლებიც ხისტად ეპყრობიან ხელისუფლების ოპონენტებსა და სამოქალაქო აქტივისებს, გაცილებით უფრო ლმობიერები არიან ულტრამემარჯვენე მოძალადეების მიმართ.

ყოფილ სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ, ყველაფერთან ერთად, ხელისუფლებას არც სათანადო მგრძნობელობაც აქვს ლგბტ ადამიანებისა და მათი პრობლემების მიმართ.

გარდა იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ და სხვებმა საჯაროდ განაცხადეს, ჩვენთვის “ღირსების მარშის” გამართვა მიუღებელიაო, ვერც უჩა ნანუაშვილი და ვერც გიორგი გოგია ვერ იხსენებენ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ხელისუფლების მაღალი პირები ხმარობდნენ სიტყვათა შეთანხმებებს “ლგბტ თემი”, ან “სექსუალური ორიენტაცია”.

რატომ არ უნდათ მათი ხსენება? “ისინი უბრალოდ არ აღიარებენ ამ ადამიანებს. მათ არ სურთ აღიარონ, რომ საქართველოში არსებობენ ქვიარ ადამიანები, და რომ მათ აქვთ უფლებები” - გვეუბნება უჩა ნანუაშვილი. იგი დარწმუნებეულია, რომ ხელისუფლება ფრთხილობს, მათ შორის, ეკლესიის ზეგავლენის გამო.

***

“რომ გავიღვიძე და ფეისბუქზე შესვლისთანავე რომ დავინახე ეგ კადრები, სიბრაზისგან და ნერვიულობისგან მთელი დღე ვერ დავწყნარდი. მაკანკალებდა, იმდენად შეშინებული ვიყავი... 2013 წლის მერე მაგხელა აგრესიას არ შევსწრებივარ. 17 მაისს კი ვიყავი იმ აქციაზე, მაგრამ ისე არ განმიცდია, როგორც გუშინდელი ამბები განვიცადე” - მეუბნება ნიკა.

საუბრის ბოლოს იხსენებს, რომ სანამ საქართველოდან წავიდოდა, ის კიდევ ერთხელ სცემეს. 2019 წლის ზაფხულში მან ქუჩაში მეგობარ ბიჭს აკოცა. ამის გამო ოთხი ადამიანი დაესხა თავს. ნიკას მეგობარმა ტვინის შერყევა მიიღო.

ამჯერად ერთი თავდამსხმელი დააკავეს, თუმცა იმისდა მიუხედავად, რომ ნიკამ იგი ამოიცნო, მოძალადე მალევე გამოუშვეს.

ბოლოს სახელმწიფომ ნიკა დაზარალებულად კი აღიარა, მაგრამ ვერც აქ დაუსხლტა ჰომოფობიას... დაზარალებულად აღიარების ცნობაში, პროკურორი მოიხსენიებს ნიკას და მის მეგობარს, როგორც “არატრადიციული სექსუალური ორიეტანციის პირებს”.

ამონარიდი დადგენილებიდან, რომლითაც ნიკა დაზარალებულად გამოცხადდა.
ამონარიდი დადგენილებიდან, რომლითაც ნიკა დაზარალებულად გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG