Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება სკოლებში?! - დეპუტატი vs განათლების სამინისტრო


საილუსტრაციო ფოტო: სკოლის მოსწავლეები. თბილისი
საილუსტრაციო ფოტო: სკოლის მოსწავლეები. თბილისი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება და ზარალდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები.

დეპუტატის ამ ბრალდებას გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყების მტკიცებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტს, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების გამო არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, შენარჩუნებულია სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მექანიზმები. დეპუტატის აზრით, ამის თქმის საშუალებას იძლევა ოფიციალური ინფორმაციის ანალიზი.

ანა ნაცვლიშვილმა რამდენიმე კვირის წინ სადეპუტატო კითხვით მიმართა სამინისტროს და, როგორც თვითონ ამბობს, მიიღო ოფიციალური პასუხი, რითაც დასტურდება, რომ ორ წელიწადზე მეტია, სკოლებს, ყოველგვარი დასაბუთების და კრიტერიუმების გარეშე, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, საქართველოს მასშტაბით კი ასეთი 2000-ზე მეტი სკოლაა.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„21 ათასზე მეტმა მოსწავლემ ეს სასწავლო სემესტრი კვლავ ვერ დაიწყო საკუთარ სკოლაში, საქართველოში 40-ზე მეტ სკოლას, გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების გამო, სხვა სკოლებში და ალტერნატიულ შენობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა. ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მიმღები სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც იძულებულნი არიან - სწავლა ორ ცვლაში წარმართონ“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

განათლების სისტემასა და სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დეპუტატმა მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს, უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია რეაბილიტაციის პროცესსა და შესაბამის ტენდერებზე, ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, მიმდინარე წელს განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის აუდიტი.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,

სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

„ამ ეტაპზე სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განსაზღვრულია ტესტირების ჩატარების თარიღიც. კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია, რომლის საფუძველზე 2022 წელს მომზადდა სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

საილუსტრაციო ფოტო: სკოლის მოსწავლეები. თბილისი
საილუსტრაციო ფოტო: სკოლის მოსწავლეები. თბილისი

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

„სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების გამო არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სკოლები, სადაც მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ტარდება, მოსწავლეებს სთავაზობენ სწავლებას განსხვავებული ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასშტაბურ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, მოსწავლეები გადაყვანილნი არიან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. ამასთან, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამას“, - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც:

  • 2022 წელს საქართველოს მთავრობა ახორციელებს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტს, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს.
  • 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, საჭიროების შემთხვევაში, გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
  • პროექტის განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
XS
SM
MD
LG