Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონიდან თბილისში და უკან მიკროავტობუსით - ახალი რეგულაციები და ახალი ფასები


ერთ-ერთი ავტოსადგური ქუთაისში
ერთ-ერთი ავტოსადგური ქუთაისში

თითქმის ორთვიანი წყვეტის შემდეგ დღეს ქალაქებს შორის ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა. გაძვირდება თუ არა მგზავრობა დამატებითი ხარჯებისა და ახალი რეგულაციების პირობებში? რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სიტუაციას დღეს ქუთაისის ავტოსადგურებზე გაეცნო.

ყველაფერი გაძვირდა და ჩვენ იმავე ფასად როგორ ვიმუშაოთ?! თან დამატებით დეზინფექცია სჭირდება ტრანსპორტს ყოველ ჩასვლა-ჩამოსვლაზე.
მიკროავტობუსის მძღოლი

მიუხედავად სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენისა, ქუთაისის ავტოსადგურებზე დღეს ხალხმრავლობა არ ყოფილა. მაგალითად, ავტოსადგურში ყველაზე ბევრმა მგზავრმა, სულ 7-მა ადამიანმა, დილით ბილეთი თბილისისკენ მიმავალ მიკროავტობუსზე იყიდა.

„დანარჩენ მიკროავტობუსებში მგზავრები კიდევ უფრო ცოტაა. ალბათ, არ იცის ხალხმა, რომ მიმოსვლა აღდგა, ან ერიდებიან. ზოგს, ალბათ, საშუალებაც არ აქვს და, თუ აუცილებელი არაა, არ მიდის“, - ამბობს ერთ-ერთი ავტოსადგურის დისპეტჩერი მევლუდ ზვიადაძე.

ქუთაისში დღეს ყველა შეჩერებული რეისი აღდგა. რამდენიმე ავტოსადგურის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მგზავრობის საფასური არც ერთი მიმართულებით არ გაზრდილა - მაგალითად, ქუთაისიდან ზუგდიდში ჩასვლა ძველებურად 8 ლარი ღირს. გამონაკლისი დედაქალაქია. მიკროავტობუსით მგზავრობის ბილეთი 12-დან 15 ლარამდე გაძვირდა.

„ყველაფერი გაძვირდა და ჩვენ იმავე ფასად როგორ ვიმუშაოთ?! თან დამატებით დეზინფექცია სჭირდება ტრანსპორტს ყოველ ჩასვლა-ჩამოსვლაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ავტოსადგურში ოკრიბის მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მგზავრობის უფრო მეტად გაძვირება იგეგმებოდა, მაგრამ, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და კლიენტების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირების შიშით, ამ ეტაპზე მგზავრობა 3 ლარით გაძვირდა.

მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებენ
მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებენ

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული სავალდებულო რეკომენდაციების შესაბამისად, საქალაქთაშორისო მიმოსვლა რამდენიმე პირობის დაცვით აღდგა:

  • მძღოლებისა და მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა;
  • შორ დისტანციაზე სავალდებულოა თერმოსკრინინგიც;
  • გამგზავრების წინ და დასრულების შემდეგ მანქანის დეზინფექციაც აუცილებელი პირობაა;
  • მგზავრობისას მანქანაში ფანჯრები ღია უნდა იყოს;
  • მგზავრი არ შეიძლება ფეხზე იდგეს;
  • მგზავრებს გვერდიგვერდ ჯდომა შეუძლიათ, მაგრამ მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.

ქუთაისის ავტოსადგურებიდან გასული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების უმრავლესობა დღეს მანქანას პირბადით მართავდა, თუმცა ზოგიერთმა ნიღაბი მხოლოდ მას შემდეგ გაიკეთა, რაც შენიშნა, რომ ფოტოს ვიღებდით.

ქუთაისიდან ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:55 0:00

მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ მხოლოდ ერთ ავტოსადგურზე, სადაც გვითხრეს, რომ, ახალი რეგულაციით, ეს პროცედურა სავალდებულოა. სხვა 4 ავტოსადგურზე მგზავრებს ტემპერატურას არ უზომავდნენ. რაც შეეხება მგზავრებს შორის დისტანციის დაცვას, მძღოლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრების ყველა სკამზე დასმა შეუძლიათ, კლიენტების სიმცირის გამო დისტანციის დაცვა რთული არ არის.

ცაგერიდან დილით გამოვყევი. ბანკში სესხი მქონდა შესატანი, თორემ არ წამოვიდოდი. 10 მგზავრი ვისხედით და ყველას პირბადე გვქონდა. ძალიან ცხელა და რთულია პირბადის ტარება, მაგრამ ასე უსაფრთხოა“, - გვითხრა ლაურა ქურასბედიანმა, რომელმაც კარანტინის შემდეგ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსით პირველად დღეს იმგზავრა.

გაფრთხილება მიკროავტობუსის შესასვლელში
გაფრთხილება მიკროავტობუსის შესასვლელში

ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციების დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ახლა პარლამენტი დაჩქარებულად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე და რამდენიმე დღეში პირბადის გარეშე ყოფნა დახურულ საჯარო სივრცებში, მათ შორის, ტრანსპორტშიც, 20 ლარით დაჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG