Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგულაციები 28 ათასი მძღოლისთვის


ტაქსების მძღოლები მოითხოვენ იმ რეგულაციების გაუქმებას, რომელიც ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს. ისინი ტაქსების გადაღებვის წინააღმდეგნი არიან, ასევე ითხოვენ მომავალშიც მიეცეთ ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი მანქანებით მუშაობის შესაძლებლობა.

27 მარტს თბილისში ტაქსების მძღოლებმა მასშტაბური აქცია მოაწყვეს. მორიგ აქციას ისინი უკვე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, სახლთან გეგმავენ. თუმცა თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მზადაა მძღოლების წარმომადგენლებს შეხვდეს.

„ეს რეგულაციები ემსახურება ივანიშვილი-კალაძის მონოპოლიას. მხოლოდ ტექდათვალიერებაზე რომ იყოს ლაპარაკი, კიდევ იფიქრებდი, რომ გარემოზე ზრუნავენ, მაგრამ ვის რაში აინტერესებს ფერზე ზრუნვა? ორკარიანი მანქანების თემაც აბსურდულია. ორი კარი თუ ვინმეს უქმნის დისკომფორტს, ისევ მგზავრს და მისი არჩევანია, ჩაჯდება თუ არა ასეთ მანქანაში“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლაშა ჩხარტიშვილი.

ამჯერად თბილისში 28 ათასი ტაქსია დარეგისტრირებული. თბილისის მერის, კახა კალაძის, გადაწყვეტილებით, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები, რომლებსაც სურთ, რომ ქუჩაში დამოუკიდებლად, ოპერატორების გარეშე აიყვანონ მგზავრები, გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაექვემდებარონ. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში ტაქსი (A კატეგორია) უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი - ხუთკარიანი. ასევე წელიწადში ორჯერ უნდა გაიაროს ტექდათვალიერება.

რეკლამა ტაქსიზე

ტაქსების თეთრად გადასაღებად განკუთვნილი 700-ლარიანი ვაუჩერების გაცემა პირველი მარტიდან დაიწყო. ვაუჩერებს „ვისოლის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმა“ გასცემს. სანაცვლოდ, ტაქსის მძღოლები იღებენ ვალდებულებას, ორი წლის განმავლობაში ავტომობილებზე უსასყიდლოდ განათავსონ კომპანია „ალმას“ მიერ მიწოდებული სარეკლამო ბანერები. რეკლამის განთავსება შეეძლებათ მარჯვენა და მარცხენა კარებზე და უკანა საქარე მინაზე.

უკვე ორი წლის შემდეგ თავად ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ რეკლამების მოზიდვა და განთავსება. თუმცა მძღოლს შეუძლია თავიდანვე გაიღოს ღებვის ხარჯი და, შესაბამისად, რეკლამის განთავსების ვალდებულებაც არ ექნება.

როგორ შევღებოთ მანქანა

მძღოლები ჩივიან, რომ 700-ლარიანი ვაუჩერი მანქანის გადასაღებად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, გადაღებილ მანქანას კარგ ფასად ვეღარ გაყიდიან, ხოლო თუ ლიზინგით ჰყავთ გამოყვანილი, შესაძლოა უკან აღარ დაიბრუნონ.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ, მათი მონაცემებით, 700 ლარად მანქანის შეღებვა სავსებით შესაძლებელია.

ტაქსის მძღოლებმა ახალი წესები გააპროტესტეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

„შესაღები მასალა 350 ლარს არ სცდება. ეს არის ხარისხი „ნორმალი“. მაგრამ ჩვენ თუ ისეთ საღებავს მოვითხოვთ, როგორითაც ზღვებში ლიმუზინებს ღებავენ, რა თქმა უნდა, არ ეყოფა. არ ეყოფა იმ შემთხვევაშიც, თუ ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ დაექვემდებარა, ჟანგისგან კარი აქვს დაზიანებული,სათუნუქე სამუშაოები სჭირდება... აქ საუბარია ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ მანქანაზე, რომელსაც შესაბამისი ვიზუალი უნდა მიეცეს“, - ამბობს მუმლაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ტაქსის გადაღებვას ვერ მოახერხებს, შეუძლია „ბ“ კატეგორია აირჩიოს, რომელსაც ეს რეგულაცია არ ეხება. განსხვავება „ა“ და „ბ“ კატეგორიებს შორის შეგიძლიათ აქ იხილოთ.

ტაქსების მძღოლები ამბობენ, რომ თუ თბილისის მერიამ მოთხოვნები არ შეცვალა, უმეტესობას სწორედ „ბ“ კატეგორიის სტანდარტებთ მოუწევს მუშაობა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG