Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა ბავშვი ტყვეობაში


სამართალდამცავებმა სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც რვა შვილი წლების განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი სახლში. ამირან დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს. ბავშვებთან ამჯერად სოცმუშაკები მუშაობენ. დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს როგორც შსს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო, მიზეზად ორივე უწყება ბავშვების ინტერესებს ასახელებს. ამირან დევნოზაშვილს სამი ბიჭი და ხუთი გოგო ჰყავს. ის ამბობდა, რომ მისი შვილები საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ დასახლშიც ამიტომ ჰყავდა ჩაკეტილი.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ ბავშვებს სკოლაში წლების განმავლობაში არ უვლიათ, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოწყვეტილნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამასთან, არც მათი ეკონომიკური მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამ ფაქტს აფასებს როგორც უნიკალურ შემთხვევას. მაგრამ, მისივე თქმით,ოჯახში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები, ზოგადად, ხშირია და ასეთ დროს სახელმწიფო სტრუქტურებს უჭირთ გადაწყვიტონ გამოიყვანონ ბავშვი ოჯახიდან, თუ მაინც მშობლებთან დატოვონ.

მაია ცირამუა
მაია ცირამუა

„ჩვენი საზოგადოება (თუნდაც მეზობელი, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს) სწორად არ აღიქვამს მოვლენებს. შესაძლებელია მშობელი სასტიკად ძალადობდეს ბავშვზე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იმ სახლიდან დროგამოშვებით სიცილის და მხიარულების ხმაც გამოდიოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ძალადობის ყველაზე მტკივნეული ფორმა - უგულებელყოფა. არ ვიცით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა ხდებოდა, მაგრამ ბავშვებს არ უვლიათ სკოლაში, რაც მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შეზღუდვაა. ბავშვებს არ ჰყავთ მეგობრები და ეს ხელს უშლის მათ სოციალიზაციას“.

მაია ცირამუა იხსენებს მსგავს შემთხვევას, როცა მშობელი სკოლასთან კონფლიქტის გამო შვილების სკოლაში გაშვებაზე უარს ამბობდა.

მისივე თქმით, ეს პრობლემა არცთუ ისე იშვიათია. მაგალითად შეიძლება ავიღოთ თუნდაც ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ:

„ნაცვლად იმისა, რომ სკოლაში და მეგობრებთან დადიოდნენ, ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, რადგან მშობელი ვერ ან არ ახერხებს, ან პირდაპირ მოითხოვს ამას მათგან“.

ამ თემაზე ლაპარაკობს ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსი მაია გედევანიშვილიც.

მაია გედევანიშვილი ბავშვების განათლების უფლებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილის ადვოკატი გოჩა კილასონია აცხადებს, რომ დევნოზაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატისავე ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის, მათ შორის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმების მიზნით, დევნოზაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG