Accessibility links

რიკარდ იოზვიაკი: გასაღები მოსკოვშია. დასკვნა ძალიან მარტივია


ახდენს თუ არა საქართველოსა და უკრაინის, ახლო წარსულში მოსკოვის სატელიტების, ნატოში გაწევრიანებაზე გავლენას რუსეთის ფაქტორი? - ამ შეკითხვაზე ნატოს მაღალჩინოსნები, როგორც წესი, უარყოფით პასუხს იძლევიან და ამბობენ, რომ მესამე მხარე ვერ მოახდენს გავლენას ალიანსის გადაწყვეტილებაზე. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ჩვენი კოლეგა, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი.

რიკარდ იოზვიაკი: იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნატოში გაწევრიანება, მოსკოვში უნდა მოხდეს რაღაც. გასაღები მოსკოვშია. რაც საქართველომ და უკრაინამ ახლა უნდა გააკეთონ, არის ის, რომ რაც შეიძლება მიუახლოვდნენ ნატოს კედელს და დაელოდონ, ზემოდან როდის ჩამოეშვება კიბე ან ბაგირი. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მოსკოვში იქნება ლიბერალი, რეფორმისტი პრეზიდენტი, როგორიც იყო ელცინი, ან როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბორის ნემცოვი. მაგრამ ვიდრე მოსკოვში არ მოხდება ცვლილება, არა მგონია, რომ რაიმე შეიცვალოს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის მხრივ.

მთავარია ორი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი, რაც ყველამ იცის. და ისინი დანარჩენებისაგან განსხვავდებიან იმით, რომ არიან ნატოს წევრი უდიდესი ევროპული ქვეყნები, ბრიტანეთთან ერთად. და ისინი ეწინააღმდეგებიან გაფართოებას აღმოსავლეთით...
​რიკარდ იოზვიაკი

კობა ლიკლიკაძე: ნატოს გაფართოების ბოლო ეტაპებს თუ გავიხსენებთ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსკოვი არ ყოფილიყო ამის წინააღმდეგი, არის და იქნება მომავალშიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროცესი გრძელდება და დღეისთვის ნატოში უკვე 30 წევრი ქვეყანაა.

რიკარდ იოზვიაკი: იცით, საქმე ისაა, რომ ქვეყნები, რომლებიც, დავუშვათ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გაწევრიანდნენ ნატოში და ის, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაწევრიანდება, დასავლეთ ბალკანეთში მდებარეობენ და გარშემორტყმული არიან ნატოს წევრი ქვეყნებით. ცხადია, რომ ამ ქვეყნებს არა აქვთ რუსეთთან ისეთი კონფლიქტი, როგორიც აქვს საქართველოს. რა თქმა უნდა, რუსეთს სულაც არ გახარებია მონტენეგროს გაწევრიანება ალიანსში და არც ახლა უხარია ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსკოვს ძალიან მცირე გავლენის შესაძლებლობა ჰქონდა. ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც მოსკოვს ტერიტორიის 25 % აქვს ოკუპირებული. ეს სულ სხვა სახის პრობლემაა. ამიტომ, რასაც ნატო ამჟამად აკეთებს, არის ის, რომ თავის რიგებში იღებს ქვეყნებს, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან საამისოდ მზად, ვიდრე საქართველო, რაც ყველამ იცის, თუმცა ღიად არ ლაპარაკობს ამაზე. მაგრამ ნატოს შეუძლია ამის გაკეთება, რადგან არ ხვდება პოლიტიკური წინააღმდეგობა რომელიმე მესამე ქვეყნიდან. ეს კი ასე არ არის უკრაინისა და, რა თქმა უნდა, ასე არ არის საქართველოს შემთხვევაში. დასკვნა ძალიან მარტივია.

კობა ლიკლიკაძე: არსებობს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი ნატოში - პოლონეთი, აშშ, ბალტიისპირეთისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. მაგრამ ნატოს რომელი სახელმწიფოებია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას?

არა მგონია, რომ დღის წესრიგში იდგეს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა და, მით უმეტეს, ნატოს წევრობა. წვრთნები, ვარჯიში, ფული, ექსპერტების ცოდნის გაზიარება -კი, წევრობა - არა. ეს არის გეგმა. სათადარიგო გეგმა არ არსებობს...
რიკარდ იოზვიაკი

რიკარდ იოზვიაკი: მთავარია ორი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი, რაც ყველამ იცის. და ისინი დანარჩენებისაგან განსხვავდებიან იმით, რომ არიან ნატოს წევრი უდიდესი ევროპული ქვეყნები, ბრიტანეთთან ერთად. და ისინი ეწინააღმდეგებიან გაფართოებას აღმოსავლეთით - დასავლეთ ბალკანეთში კი არა, აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, რაც ეხება ნატოსაც და ევროკავშირსაც. საფრანგეთის შემთხვევაში ისეა, რომ პარიზი ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებითაც. ისინი, უბრალოდ, ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების მიღება სტაბილიზაციის მაგივრად გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას, რაც, საბოლოო ჯამში, ცუდია მთლიანად დასავლეთისათვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო.

კობა ლიკლიკაძე: ხომ არ არსებობს ნატოში რაიმე სათადარიგო გეგმა საქართველოსა და უკრაინისათვის, რათა ქვეყნებმა, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი გაიღეს ევროატლანტიკური მომავლისათვის, ხელი არ ჩაიქნიონ და იმედი არ გაუცრუვდეთ, ვიდრე რაიმე შეიცვლებოდეს მოსკოვში, პარიზსა თუ ბერლინში?

რიკარდ იოზვიაკი: არა, რეალურად არანაირი სათადარიგო გეგმა არ შეუმუშავებიათ და შეუთანხმებიათ. ყველა მარტივად თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა აქტიურობა საქართველოს საკითხში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირების ძალაში დატოვება, კიდევ მეტი თანამშრომლობა, მეტი ერთობლივი წვრთნა. მაგრამ სულ ეს არის! და ასე დარჩება თვალსაწიერ მომავალში. არა მგონია, რომ დღის წესრიგში იდგეს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა და, მით უმეტეს, ნატოს წევრობა. წვრთნები, ვარჯიში, ფული, ექსპერტების ცოდნის გაზიარება -კი, წევრობა - არა. ეს არის გეგმა. სათადარიგო გეგმა არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG