Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ სტურუა: „საქართველო აღარ არის!“


რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა

„ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“ - ამ შინაარსის სტატუსით გამოეხმაურა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურია თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.

ქართველი რეჟისორის ეს განცხადება აქტიურად გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.

სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, რობერტ სტურუა - „ქართველი და რუსი მსახიობი“ - დღემდე მოსკოვის თეატრ „Et Cetera“-ს მთავარი რეჟისორია.

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 მარტს კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, ნიკა რურუამ გაათავისუფლა.

2013 წელს, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, რობერტ სტურუამ მოსკოვში, თეატრალური სეზონის გახსნის დღეს განაცხადა, რომ მადლობელია იმისათვის, რომ Et Cetera-მ შეიფარა, როცა საქართველოდან გამოაძევეს, მაგრამ ამჟამად იძულებულია დატოვოს მოსკოვი და დაბრუნდეს თბილისში, სადაც მას უხმეს.

თუმცა სტურუას გამოსვლის შემდეგ თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ კალიაგინმა განმარტა, რომ რეჟისორის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ის თეატრიდან მიდის:

„რობერტ რობერტის ძე არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ მას უყვარს კეკლუცობა. როგორც ჭეშმარიტი ქართველი, ლაპარაკობს სადღეგრძელოებით, რომლებიც გაჯერებულია იუმორით, ორაზროვნებითა და ქვეტექსტებით. ის რჩება მთავარ რეჟისორად და პასუხს აგებს თეატრის შემოქმედებით მდგომარეობაზე იმავე ხარისხით, როგორითაც მე. მას შეუძლია დადგას საქართველოშიც, მაგრამ შტაბბინა იქნება აქ“.

რობერტ სტურაუას განცხადებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

XS
SM
MD
LG