Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაბედეს? ვინ დაუშვა? პასუხს ვინ აგებს?


შსს-ს ვერსიით, ერთი კვირის წინ, ორმა ფორმიანმა, მოქმედმა პოლიციელმა (და კიდევ ერთმა ყოფილმა პოლიციელმა. მასაც ფორმა ეცვა.) გლდანში მანქანა გააჩერა, იქ მჯდომი ადამიანი დააკავა, განაიარაღა, ბორკილები დაადო და რუსთავში წაიყვანა. რუსთავში ეს ადამიანი პოლიციელებმა მკვლელებს გადასცეს, რომლებმაც მას 30-ჯერ ჩაარტყეს დანა და მტკვარში გააგდეს. გვამი მტკვარმა რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა.

გამოძიება, ცხადია, მიმდინარეობს და საქმეში კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი (დღეისთვის ხუთი ადამიანია დაკავებული და კიდევ ერთს ეძებენ), თუმცა, შს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველაფერი სწორედ ეგრე მოხდა.

ხელისუფლების კომენტარი ჯერჯერობით ასეთი იყო: მამუკა მდინარაძემ თქვა, რა ვიცი, მომავალში იქნება მკვლელობაზე სასჯელი გავამკაცროთო და გია ვოლსკიმ - ეგეთები ყველგან ხდება და, საერთოდ, ეგეთები ნაცების დროს რო ხდებოდა, მაშინ ხდებოდაო. (ბმული აქაა, ხელისუფლების კომენტარები ასე, 28:30-იდან).

ადეკვატური რეაქციაა იმაზე, რომ ორმა ფორმიანმა, მოქმედმა პოლიციელმა ადამიანი მოტყუებით დააკავა და სხვებს მოსაკლავად გადასცა?

თუ მოვლენათა ეს ვერსია სწორია, როგორ შეიძლება ეს ამბავი ორი პოლიციელის დაკავებით შემოიფარგლოს?

რა, ნუთუ მათი პირველი კავშირი კრიმინალთან ის იყო, რომ ადამიანი მოტყუებით გაიტაცეს და მკვლელებს გადასცეს? რამდენჯერ გამოიყენეს მათ პოლიციელის სტატუსი დამნაშავეების ინტერესების გასატარებლად? თუ ისინი ამ დონის თავხედობაზე იყვნენ მზად, მანამდე რას იზამდნენ? არ დაეხმარებოდნენ „თავისიან“ ყაჩაღებს კანონისთვის თავის არიდებაში ან „სხვისიანების“ გაუვნებელყოფაში?

სად იყო მათი უშუალო უფროსი, როდესაც მისი ორი ხელქვეითი დედაქალაქში ადამიანს იტაცებდა და ყაჩაღებს აძლევდა მოსაკლავად? იცოდა? თუ იცოდა, რატომ დაკავებული არაა?

არ იცოდა? მაშინ რატომაა ჯერ კიდევ თანამდებობაზე? რანაირად შეიძლება, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში უფროსს განყოფილებაში ისე ჰქონდეს საქმე დაყენებული, რომ მისი ორი ხელქვეითი მკვლელებს შეეკრას? ეგრეა პოლიცია მოწყობილი, რომ ხელქვეითის დანაშაულზე უფროსი პასუხს არ აგებს?

იმისი უფროსი? სადამდე მიდის პასუხისმგებლობა?

როგორ გაბედა ორმა პოლიციელმა, რომ ადამიანი ქუჩიდან გაეტაცებინათ და მკვლელებისთვის გადაეცათ? თავში რანაირად გაივლეს? რატომ არ შეეშინდათ?

რა ხდება სისტემაში?

ნუთუ, თუნდაც სამსახურებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს იმ ხალხისა, ვისი გუშაგობის დროსაც ორმა მოქმედმა, ფორმიანმა პოლიციელმა კაცი გაიტაცა და მკვლელებს გადასცა?

ეს ნორმალური ამბავია? „ხდება ხოლმე“ ამბავია? „მომავალში კანონს გავამკაცრებთ“ ამბავია?

ეს ხომ პოლიტიკა არაა? რა მნიშვნელობა აქვს, ამ კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, ნაციონალების დროს რა ხდებოდა? ეს ამბავი - როდესაც ორმა ფორმიანმა, მოქმედმა პოლიციელმა მუნდირს, ადამიანობას და ყველაფერს მიაფურთხა, ქუჩიდან ადამიანი გაიტაცა და მკვლელებს გადასცა - ერთი კვირის წინ მოხდა!

მე მგონია, რომ მათ ყველა ზემდგომს ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში.

წესიერ ქვეყანაში მთელ სტრუქტურაში ახლა ცეცხლი და გეენა უნდა ტრიალებდეს. უნდა აკანკალებდეს ნებისმიერს, ვისაც ამ განყოფილებასთან ახლოს მაინც გაუვლია.

როდესაც ორი პოლიციელი ბედავს და ამას აკეთებს, ესე იგი სისტემაში რაღაც სერიოზულად დალპა. სასწრაფო ჩარევა სჭირდება.

სანაცვლოდ კი, „არაა ლამაზი, მაგრამ ხდება ხოლმე“ ისმის.

კი, „სხვა ქვეყნებშიც ხდება“, როდესაც მოქმედი, ფორმიანი პოლიციელები ქუჩიდან ადამიანს იტაცებენ და მკვლელებს გადასცემენ. მექსიკის რეგიონებში, მაგალითად, რომლებიც მთლიანად კარტელების ხელშია.

მაგაზე გვაქვს სწორება?

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG