Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავერკვეთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში


უკრაინაში 31 მარტს იმართება რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც 2014 წლის მასობრივმა საპროტესტო აქციებმა პრორუსული კურსის მომხრე ვიქტორ იანუკოვიჩი აიძულა გადამდგარიყო. რა არჩევანი აქვს და რა სურს უკრაინის 35-მილიონიან ელექტორატს?

კანდიდატები

საარჩევნო კამპანია უკრაინისათვის სარეკორდო რაოდენობის - 44 კანდიდატით დაიწყო, მაგრამ ხუთი მალევე გამოეთიშა კონკურენციას. ამდენად, დარჩა 39 კანდიდატი. მათი სახელები ჩამოწერილია ბიულეტენზე, რომელიც სიგრძეში 83 სანტიმეტრს აღწევს. თუმცა, თითქმის ყველა გამოკითხვის შედეგებით, მხოლოდ სამ კანდიდატს აქვს გამარჯვების რეალური შანსი: შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც დებიუტანტია პოლიტიკურ სცენაზე, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.

31 მარტი, კენჭისყრის დღე

უკრაინის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები კვირას დილის 8 საათზე (საქართველოს დროით 10 საათზე) გაიხსნება და საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. გამონაკლისია ყირიმი და დონბასის ნაწილი, რომელთაგან ერთი უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს, მეორეს კი სეპარატისტები აკონტროლებენ - იმავე რუსეთის დახმარებით.

არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს კონფლიქტების შედეგად ადგილნაცვალი 1,5 მილიონამდე პირის დიდი ნაწილი. მიზეზია ახალ საცხოვრებელ ადგილებში რეგისტრაციის სირთულე.

მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შეუძლიათ ხმის მიცემა უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში გახსნილ უბნებზე. გამონაკლისია რუსეთი, საიდანაც უკრაინელებს სამშობლოში ან მეზობელ ქვეყანაში ჩასვლა მოუწევთ.

თუ 31 მარტს კანდიდატებიდან არავის ერგება ხმების ნახევარზე მეტი, 21 აპრილს გაიმართება არჩევნების მეორე ტური პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატების მონაწილეობით.

ამომრჩეველთა განწყობა

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ორგანიზაცია „გელაპის“ მონაცემებით, უკრაინა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ. ასეა ზედიზედ მეორე წელი. გამოკითხვის 21 მარტს გამოქვეყნებული შედეგებით, უკრაინელების სულ 9 % ენდობა მთავრობას. სიღარიბის მაჩვენებელი 60 პროცენტს აღწევს, საშუალო თვიური შემოსავალი სულ 350-მდე დოლარია.

ვინც უნდა გახდეს (ან დარჩეს) უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც, ამავე დროს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ის რთულ ამოცანას ეჭიდება: 5-წლიანი ვადით უნდა უხელმძღვანელოს ევროპაში ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ და სისხლისმღვრელ კონფლიქტში გახვეულ ქვეყანას.

შოუმენი, შოკოლადის მეფე და გაზის დედოფალი

წარმატებული კომიკოსი და ბიზნესმენი ვლადიმირ ზელენსკი ირწმუნება, რომ თავს გაართმევს რთულ ამოცანას. პოლიტიკურად ის, შესაძლოა, გამოუცდელი იყოს, მაგრამ ქარიზმატულია და მოხერხებულად იყენებს სოციალურ მედიას პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებული ამომრჩევლების მისაზიდად. ის საზოგადოებრივი აზრის, ფაქტობრივად, ყველა გამოკითხვის შედეგებით, ლიდერობს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის.

ზელენსკი ვარსკვლავად აქცია იუმორისტულმა შოუმ ტელეარხზე, რომელიც ეკუთვნის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სტაჟიან მოწინააღმდეგეს, სხვადასხვა სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილ იგორ კოლომოისკის. ბევრი შიშობს, რომ ზელენსკი, თუ მართლაც გაიმარჯვებს არჩევნებში, კოლომოისკის მარიონეტი იქნება. ბევრს აფიქრებს პრეზიდენტობის მსურველი შოუმენის დაპირებაც, რომ რუსეთის ლიდერთან ერთად მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას დონბასში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. ხომ არ მოხდება მოსკოვთან შეთანხმება უკრაინის ინტერესების ხარჯზე?

უკრაინელები, ვისაც აშინებს ქვეყნის სათავეში გამოუცდელი, თან პუტინთან შეხვედრაზე მოლაპარაკე ლიდერის მოსვლის პერსპექტივა, სავარაუდოდ, უპირატესობას მიანიჭებენ მოქმედ პრეზიდენტს.

პეტრო პოროშენკომ, რომელიც შოკოლადის წარმოებით გამდიდრდა და 2014 წელს გახდა 40 მილიონზე მეტი მოსახლეობის ქვეყნის პრეზიდენტი, უკრაინა მტკიცედ დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. მისი მმართველობის პერიოდში ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ავტოკეფალია მიენიჭა უკრაინის მართლმამდიდებელ ეკლესიას და იმდენად გაძლიერდა ჯარი, რომ ახერხებს დონბასში რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტების შეჩერებას. მაგრამ მოქმედმა პრეზიდენტმა ბევრს ვერაფერს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლისა და მოუქნელი სახელმწიფო აპარატის რეფორმის მხრივ. საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ის დაადანაშაულეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ისევე როგორც რუსეთთან უკანონო ბიზნესგარიგებების მქონე პირებთან კავშირში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში.

მის ყველაზე აქტიურ კრიტიკოსებს შორის არის იულია ტიმოშენკო - უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკვე მესამე საპრეზიდენტო არჩევნებში მიეკუთვნება ფავორიტი კანდიდატების რიცხვს. თუმცა თავად ტიმოშენკოსაც ადანაშაულებენ ამომრჩეველთა მოსყიდვაში.

2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთ გმირს ხშირად მოიხსენიებენ „გაზის დედოფლად“ - ენერგეტიკის სფეროში მოპოვებული გავლენისა და ფინანსური რესურსების გამო. გამოცემა „ფორბსის“ 2005 წლის სიაში, მას მესამე ადგილი ეკავა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალებს შორის. მაგრამ უკრაინაში არ დავიწყებიათ არც გაზის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სადავო შეთანხმებები. ტიმოშენკო თავს იცავს დაპირებით, რომ ეს გამოცდილება გამოადგება მოლაპარაკებისას დონბასში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. მის დაპირებებს შორისაა ასევე გაზის ფასის განახევრება და პენსიების გასამმაგება.

ვინ გაიმარჯვებს?

განსხვავებით მეზობელი რუსეთისაგან, სადაც არჩევნების შედეგი წინასწარვე ეჭვს არ იწვევს ხოლმე, უკრაინის შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდებს თუ გამოთქვამ - მაგალითად, ვარაუდს, რომ პრეზიდენტის ვინაობას კენჭისყრის მეორე ტური გაარკვევს, 31 მარტის კენჭისყრით კი მხოლოდ იმას შევიტყობთ, თუ ვინ გავა მეორე ტურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG