Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედის საჩუქარი - როგორ გაიმყარა პაკისტანმა დიპლომატიური იმიჯი ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობით

დაცვის წევრი, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაცვის წევრი, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მთავარი შუამავლის როლის მორგებით პაკისტანმა მნიშვნელოვანი დიპლომატიურ გარღვევას მიაღწია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ორკვირიანი ზავი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ პაკისტანის პრემიერმა, შაჰბაზ შარიფმა 8 აპრილს, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მათ მოკავშირეებთან ერთად შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, ყველგან მათ შორის ლიბანშიც", - წერდა შარიფი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ჰყავდა მონიშნული.

შაჰბაზ შარიფი
შაჰბაზ შარიფი

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტმაც. ტრამპმა პოსტში ახსენა მისი საუბრები შაჰბაზ შარიფთან და პაკისტანის არმიის მთავარსარდალ, ასიფ მუნირთან, რომელსაც მის "საყვარელ ფელდმარშალს" უწოდებს.

"მე დავთანხმდი ირანის დაბომბვის კამპანიის შეჩერებას 2 კვირის ვადით", - წერდა ტრამპი.

შაჰბაზს და მუნირს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმაც.

ბედის საჩუქარი პაკისტანისთვის

ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილი ვითარება ბედის საჩუქარია ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანისთვის, რომელსაც ავღანეთში ნატოს და ამერიკის ინტერვენციის წლებში სხვადასხვა ამერიკელი მაღალჩინოსანი და მათ შორის, დონალდ ტრამპიც "ორმაგ თამაშში" ადანაშაულებდნენ.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

პაკისტანმა გაამყარა კავშირები სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარ მონარქიებთან და ამავდროულად შეამცირა ირანთან არასასურველი კონფლიქტის რისკი. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ისლამაბადმა ხელი მოაწერა სტრატეგიული თავდაცვის ხელშეკრულებას საუდის არაბეთთან, ამგვარი კონფლიქტის ალბათობა დაბალი არ იყო.

"პაკისტანმა ძალიან ბრძნულად ითამაშა: გაიძლიერა დიპლომატიური იმიჯი და პარალელურად თავიდან აიცილა უახლოეს მეზობელთან ომის რისკი", - ამბობს აეშა სიდიქა, ლონდონის King College-ის, ომის კვლევის დეპარტამენტის მკვლევარი და ავტორი წიგნისა "პაკისტანის სამხედრო ეკონომიკა."

პაკისტანსა და ირანს არასდროს ჰქონიათ შესანიშნავი ურთიერთობები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ახლო მეზობლები და მუსლიმური ქვეყნები არიან, ირანი პაკისტანს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას რეგიონში...

"ომში ჩართვა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ომიდან გამოსვლა", - ამბობს სიდიქა და დასძენს, რომ პაკისტანი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად შეერთებულ შტატებს და ირანს ელაპარაკოს.

პაკისტანს ირანთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რომელიც ირანის სისტანსა და ბელუჯისტანს, პაკისტანის იმავე დასახელების პროვინციისგან ყოფს. მსხვილ ურბანულ ცენტრებს მოშორებისა და ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდული კონტროლის პირობებში რეგიონში რამდენიმე ექსტრემისტული შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, მათ შორის ანტი-ირანულად განწყობილი "ჯაიშ ალ-ადლი" და ბელუჯების სეპარატისტული დაჯგუფებები.

საუდის არაბეთის როლი

აეშა სიდიქას შეფასებით, პაკისტანს შუამავლობის გარდა დიდი არჩევანი არ ჰქონდა. მისი თქმით, ომის ესკალაციის პირობებში საუდის არაბეთი შესაძლოა პირდაპირ ჩართულიყო ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თავდაცვის ხელშეკრულების მიხედვით რომელიმე მათგანზე თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად ორივე სახელმწიფოზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში პაკისტანზე წნეხი გაიზრდებოდა და ქვეყანას შესაძლოა არ დარჩენოდა არჩევანი ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვის გარდა. 

ცეცხლის დროებით შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით, ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს, რომლის ჩაკეტვის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის საერთაშორისო ფასი.

Reuters ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება ითვალისწინებს დაწესებული სანქციების გაუქმებას, ქვეყნის გაყინული საგარეო სავალუტო აქტივების გათავისუფლებას და ამერიკული ჯარების გაყვანას ახლო აღმოსავლეთიდან.

დონალდ ტრამპმა ირანის მიერ წარდგენილ შეთავაზებას "მოლაპარაკებების დასაწყებად მისაღები ბაზა" უწოდა.

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA წერს, რომ პაკისტანში 10 აპრილს გასამართ მოლაპარაკებებში ირანულ დელეგაციას მეჯლისის სპიკერი, მოჰამად ბაყერი ყალიბაფი უხელმძღვანელებს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული Tasnim-ის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს.

კეროლაინ ლევიტი
კეროლაინ ლევიტი

პირდაპირი მოლაპარაკებების თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია აშშ-ს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, "ამის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ არაფერია დადასტურებული, სანამ ამის შესახებ პრეზიდენტი ან თეთრი სახლი არ გამოაცხადებს."

ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა ისრაელმაც.

"მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას შეწყდეს დარტყმები ირანის წინააღმდეგ 2 კვირით. ირანმა უნდა აღადგინოს თავისუფალი ნაოსნობა სრუტეში და შეწყვიტოს თავდასხმები შეერთებული შტატების, ისრაელისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ", - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

"პაკისტანსა და ირანს არასდროს ჰქონიათ შესანიშნავი ურთიერთობები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ახლო მეზობლები და მუსლიმური ქვეყნები არიან, ირანი პაკისტანს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას რეგიონში", - ამბობს ხალიდ სულტანი, ისლამაბადში მოღვაწე ანალიტიკოსი.

სულტანის თქმით, 2025 წლის მაისში ინდოეთთან 4-დღიანი ომის დროს პაკისტანის "წარმატებამ" გაზარდა პაკისტანის მნიშვნელობა სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის.

"ამან საშუალება მისცა პაკისტანს საკმარისი დიპლომატიური რესურსი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლობისთვის", - ამბობს სულთანი და ბოლო მოვლენები გააუმჯობესებს პაკისტანის იმიჯს და გააძლიერებს მის დიპლომატიურ როლს.

This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG