Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხმაურება დასავლეთის პრესა თურქეთის ოპერაციას სირიაში


თურქეთის არმია სირიას უტევს, თურქეთის მთავრობა ქვეყნის შიგნით კრიტიკას ახშობს. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება პროქურთული ოპოზიციური პარტიის ორი თანათავმჯდომარის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციას „შეჭრა“ უწოდეს. სხვა ყველა პარტია დაეთანხმა თურქეთის ოპერაციას. დასავლური პრესა ცდილობს გაარკვიოს, რას მოუტანს ეს ომი პრეზიდენტ რეჯეპ რაიპ ერდოანის ძალაუფლებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

რამდენიც უნდა აკრიტიკოს დასავლეთმა ერდოანი, ის შინ დიდ პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებსო, წერს ჰოლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა NRC Handelsblad-ი 15 ოქტომბერს. „ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია, ალბათ, ყველაზე დიდი რისკია, რომელზეც პრეზიდენტი ერდოანი წასულა თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. ჯერჯერობით ამას მისთვის კარგი შედეგი მოაქვს. შეტევამ საზოგადოების ყურადღება გადაიტანა ეკონომიკური და ერდოანის პარტიის შიგნით არსებული პრობლემებიდან. ის ამით ახლად გამოღვიძებულ და გაერთიანებულ ოპოზიციას ერთმანეთს უპირისპირებს, ხოლო ხალხს თავიანთი არმიისა და მთავარსარდლის მხარდამჭერად აქცევს. ... და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ძალებისგან თავს დამტყდარი კრიტიკა მას აძლევს საშუალებას თავი წარმოაჩინოს ამაყ ლიდერად, რომელიც თავის პოზიციაზე მტკიცედ რჩება მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო მისი მოწინააღმდეგეა. თურქებს ასეთი რამეები გულს უჩუყებს“.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „გარდიანი“, რომელიც 15 ოქტომბერს წერს, „თანამედროვეობის სულთანი“ ცუდ დღეშია - სირიაში განხორციელებულმა ოპერაციამ ძალიან დაასუსტა მისი პოზიციებიო. „ერდოანი მტკიცედ ინარჩუნებს ძალაუფლებას, თუმცა ისე მტკიცედაც არა, როგორც უწინ. სირიაში მის მიერ განხორციელებული კატასტროფის მიმართ აღშფოთებული საერთაშორისო რეაქცია მას კიდევ უფრო დაასუსტებს, რადგან საჯაროდ გამოავლენს მის შეცდომებს. თუ ტრამპის მიერ ფოლადზე დაწესებული და სხვა სანქციები გააღრმავებს ისედაც ფეხმოკიდებულ ეკონომიკურ პრობლემებს, გამოიწვევს სირთულეებს, ფასების ზრდას და უმუშევრობას და თუ სირიის სახიფათო სივრცეში მრავალი თურქი სამხედრო დაკარგავს სიცოცხლეს, თანამედროვეობის ეს სულთანი, შესაძლოა, საბედისწერო სირთულეებში აღმოჩნდეს გახვეული“.

მსგავს მოსაზრებას ვხვდებით ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიურ „პრესესში“ 15 ოქტომბერს. „შეუძლებელია დაიწყო შეტევა და საკუთარი ქურთი მოსახლეობა არ განაწყო შენს წინააღმდეგ. ერდოანისთვის შეუძლებელია ჯერ განაცხადოს, ‘ჩვენ არ ვებრძვით ქურთებსო’, და შემდეგ დააპატიმროს ქურთთა ოთხი არჩეული წარმომადგენელი, როგორც ეს სამშაბათს გააკეთა. ხელისუფლებამ იცის, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, - შესაძლოა, კულმინაციამდეც კი. ანკარა აღარაა დაინტერესებული ქურთებთან მშვიდობის დამყარებით, ხოლო სამშვიდობო პროცესის გარეშე არც თურქეთს და არც მის არმიას არ უწერია სიმშვიდე“.

კვიპროსში გამომავალი ინგლისურენოვანი ლიბერალური გამოცემა „საიპრუს მეილი“ 16 ოქტომბრის ნომერში გამოთქვამს ვარაუდს, შესაძლოა თურქეთმა და რუსეთმა ერთობლივი შეთანხმება შეიმუშავესო. „ერდოანმა ან უკან უნდა დაიხიოს და დამცირება იწვნიოს, ან წინ წავიდეს, რაც ნიშნავს გარისკვას არა მხოლოდ სირიის არმიასთან, არამედ რუსეთის საჰაერო ძალებთან შეტაკების თვალსაზრისით. ასე ჩანს ვითარება ზედაპირზე და, შესაძლოა, მართლაც ასე იყოს. მაგრამ იმის შესაძლებლობაც უნდა დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი რაღაც თამაშია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს საიმისოდ, რომ ამერიკელები სირიიდან გაიყვანოს და მთელ აღმოსავლეთ სირიაზე აღადგინოს სირიის მთავრობის კონტროლი. ... ერდოანი ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებს და ბოლოს თავის ჯარებს გაიყვანს - იტყვის, კმაყოფილი ვარ, ქურთთა ‘საფრთხე’ ამოწურულია, რადგან საზღვარს ახლა არა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები, არამედ სირიის არმია აკონტროლებსო“.

გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ყოველდღიური გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 14 ოქტომბერს წერდა, ევროკავშირმა სრულად უნდა ისარგებლოს თავისი ეკონომიკური ბერკეტებითო. „აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ერდოანს დაჰპირდა, რომ თურქეთის ეკონომიკა განადგურებულ იქნება. არ არის საჭირო ბრიუსელიდანაც ასეთი, შეშლილობის ზღვარზე არსებული, მესიჯები დაიწეროს ტვიტერზე საიმისოდ, რომ ერდოანს მისი ეკონომიკური სისუსტეები შეახსენონ. ევროკავშირთან ვაჭრობაზე თურქეთის დამოკიდებულების ხარისხი ისედაც ძალიან აშკარაა. და სწორედ იმის გამო, ეს რომ იცის, ერდოანი იმუქრება, რომ შეწყვეტს ლტოლვილთა შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ევროპისკენ გზას გაუხსნის მილიონობით მიგრანტს. თუ ევროპელები ამ შანტაჟს დაემორჩილებიან, ეს გეოპოლიტიკური დანებების ტოლფასი აქტი იქნება“.

საკუთრივ თურქეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „კარარი“ 10 ოქტომბერს წერდა, თურქეთი ზედმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზეო. „თურქეთს სურს შეზღუდოს ქურთთა გავლენა დიდ რეგიონში, რომელიც სირიის აღმოსავლეთსა და სამხრეთს სწვდება, და იქ გარკვეული საზედამხედველო სისტემა დააარსოს. ამან, შესაძლოა, არა მხოლოდ ტრამპი გააუცხოოს, არამედ აშშ-ის კონგრესი, ბრიტანეთი და ევროკავშირი, შეიძლება მოიტანოს ნატოდან გარიცხვა და კიდევ უფრო მეტად დაახლოება რუსეთსა და ირანთან. შესაძლოა, მოიტანოს ომი სირიასთან, რომელშიც თურქეთი ბოლოს დამარცხდება. ... ეს არის მასშტაბური პოლიტიკური რისკი. იმ საკითხისგან დამოუკიდებლად, სწორია თუ არა ჯარების შეყვანა, აუცილებლად უნდა გაიმართოს სერიოზული დისკუსია იმაზე, აქვს თუ არა თურქეთს საკმარისი რესურსები საიმისოდ, რომ ეს თამაში გააგრძელოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG