Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იყენებს კრემლი გეებს და ლესბოსელებს წინასაარჩევნოდ?


რუსი პოლიციელი ლგბტ დროშის ფონზე - საილუსტრაციო ფოტო.
რუსი პოლიციელი ლგბტ დროშის ფონზე - საილუსტრაციო ფოტო.

რუსეთში აკრძალეს არარსებული “საერთაშორისო საჯარო ლგბტ მოძრაობა”. რუსი ქვიარების თქმით, ეს კანონი მათი დევნის დაკანონებას ნიშნავს, კრემლი კი წინასაარჩევნოდ ჰომოფობიით მანიპულირებს.

რუსულმა პოლიციამ მოსკოვის გეიკლუბებში რეიდები მოაწყო. 1 დეკემბერს, გვიან ღამით, პოლიცია სამ დაწესებულებაში შევიდა, დააკავა სტუმრები, მათ პასპორტებს ფოტოები გადაუღო და აღრიცხვაზე აიყვანა. ამის შესახებ “ბიბისის” რუსული სამსახური წერს.

სანქტ-პეტერბურგში კი დაიკეტა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი გეიკლუბი. "სივრცემ, რომელსაც ვქირაობდით, უარი გვითხრა", - დაწერეს კლუბის წარმომადგენლებმა.

ამ ამბებს წინ უძღოდა რუსეთის უზენაესი სასამართლოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც “საერთაშორისო საჯარო ლგბტ მოძრაობა” ექსტრემისტულად აღიარა და ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალა.

საქმეს მოპასუხე არ ჰყავდა, რადგან ასეთი ორგანიზაცია უბრალოდ არ არსებობს.

მოსამართლის განჩინება გასაიდუმლოებულია, ამიტომ უფლებადამცველები ჯერაც მარჩიელობენ იმაზე, ნიშნავს თუ არა ეს ყველა რუსი ქვიარის ექსტრემისტად გამოცხადებას.

და მაინც, ვინ გახდება ექსტრემისტი? მაგალითად, ის, ვინც საკუთარ ორიენტაციას თუ გენდერულ იდენტობას ღიად ახსენებს - ვარაუდობს ოპოზიციური გამოცემა “მედუზა”.

ან შეიძლება უბრალოდ ის, ვინც ლგბტქი სიმბოლიკას, მაგალითად, ცისარტყელას გააზიარებს, რადგან რუსეთში ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა აკრძალულია. მხარდაჭერად კი ხშირად სოციალურ ქსელებში მათი ხსენებაც შეიძლება ჩაითვალოს.

ამის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე, ათზე მეტმა რუსულმა მედიასაშუალებამ სოლიდარობის ნიშნად ავატარი ცისარტყელას ფერებში შეცვალა.

ზოგი უფლებადამცველი ამბობს, რომ კანონი, პირველ რიგში, აქტიურ ქვიარებს უმიზნებს და კიდევ უფრო მოგუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ანუ მათ, ვინც ჯერაც “აწუხებს” ხელისუფლებას და ითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას.

“[აკრძალვის] მიზანი ლგბტ აქტივისტებს შორის შიშის დათესვაა”, - უთხრა “ქარენთ თაიმს” აქტივისტმა ტატიანა ვინიჩენკომ.

ტატიანა ვინიჩენკო, LGBT+ აქტივისტი
ტატიანა ვინიჩენკო, LGBT+ აქტივისტი

“[მიზანი] რუსულ საზოგადოებაში შუღლის, უთანხმოების გაჩენა და სტიგმის გაძლიერებაა, რათა ქვიარებს კიდევ უფრო შეეშინდეთ ლგბტ ორგანიზაციებისთვის მიმართვის“, - დაამატა მან.

საფრთხე იზრდება

კანონის გამოყენებაზე მარჩიელობის მიუხედავად, აქტივისტები ერთ რამეზე თანხმდებიან - რუსეთში მყოფი ყველა არაჰეტეროსექსუალი ადამიანი ახლა კიდევ უფრო დაუცველი გახდება.

კრემლმა ქვიარ ადამიანების მარწუხებში მოქცევა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც მიიღო კანონი არასრულწლოვნებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. პროპაგანდად კანონმა განსაზღვრა ბავშვებისთვის “პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება ჰომოსექსულობაზე, ბისექსუალობასა და ტრანსგენდერებზე”.

მაშინ მოუხშირეს კრემლის პროპაგანდისტებმა ჰომოსექსუალობის პედოფილიასთან გაიგივებასაც.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კანონი გაფართოვდა. 2022 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი კანონს, რომლითაც ე.წ. პროპაგანდისგან უკვე მთელ ქვეყანას “იცავს”.

კანონის დამრღვევები ჯარიმდებიან 400 ათასი რუბლით (დაახლოებით 12 ათასი ლარით), ორგანიზაციებისთვის კი ჯარიმა 5 მილიონ რუბლამდეა (150 ათასი ლარი).

ზაფხულში აიკრძალა “სქესის შეცვლის” (სქესის კვლავ მინიჭების) ქირურგიული ოპერაცია. გარდა ამისა, ტრანსგენდერი ადამიანები ვეღარ წერენ პასპორტში საკუთარ გენდერს.

ახლა რუსეთში მცხოვრები ქვიარები ძალადობით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ახალ ტალღას მოელიან.

“მძლავრი პროპაგანდა ყოველთვის იწვევს ძალადობის ზრდას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლგბტ აქტივისტი ალექსეი სერგეევი.

ალექსეი სერგეევი. წარწერა პოსტერზე "ჰომოფობია კლავს"
ალექსეი სერგეევი. წარწერა პოსტერზე "ჰომოფობია კლავს"

“კვლევების თანახმად, [ე.წ. ლგბტ] პროპაგანდის აკრძალვაზე მიღებული პირველი კანონიდან ხუთი წლის თავზე, ძალადობა [ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ] გაიზარდა, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ისიც მხოლოდ სასამართლოების მიერ აღრიცხული საქმეების თანახმად”.

სიძულვილით მანიპულაცია

საფრთხეების მატებასთან ერთად, აქტივისტების ნაწილი რუსეთიდან ევაკუაციისთვის ემზადება, - ამბობს რუსეთიდან გაქცეული ლგბტ აქტივისტი რენატ დავლეტგილდეევი.

“სამწუხაროდ, ჩვენი გათვლებით, [რუსეთიდან] ათასობით ადამიანის გაყვანა სასწრაფოდ მოგვიწევს. ესენი არიან ლგბტ აქტივისტები, ორგანიზაციებიდან, რომელთა სახელწოდებაშიც გვხვდება ლგბტ აბრევიატურა”, - უთხრა მან "ქარენთ თაიმს".

რენატ დავლეტგილდეევი
რენატ დავლეტგილდეევი

რატომ ახლა? კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი ოპოზიციონერები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და “შიდა მტრებზე” ნადირობას ასახელებენ.

“ჩვენს ქვეყანაში ფაშიზმია... ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საჭიროა გყავდეს გარე და შიდა მტრები. გარე მტრების ამბავში არ გვიჭირს, ხელისუფლება ამაზე ზრუნავს. გვჭირდება შიდა მტრებიც, ლგბტ ადამიანები კი ამ როლისთვის ზედგამოჭრილები არიან”, - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო.

ელენა კოსტიუჩენკო ღია ლესბოსელია. ის ევროპაში ცხოვრობს და ამბობს, რომ შარშან, წლის ბოლოს, უცნობი ნივთიერებით მოწამლეს.
ელენა კოსტიუჩენკო ღია ლესბოსელია. ის ევროპაში ცხოვრობს და ამბობს, რომ შარშან, წლის ბოლოს, უცნობი ნივთიერებით მოწამლეს.

ბოლო წლებია, დამოკიდებულება ქვიარების მიმართ რუსეთში სტაბილურად უარესდება.

2023 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 62% ამბობს, რომ ქვიარების უფლებები უნდა შეიზღუდოს. 11%-ის აზრით კი, ლგბტ ადამიანებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ რუსეთში ცხოვრება.

ლგბტ ადამიანებს და, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად ახსენებს ვლადიმირ პუტინიც.

პუტინის თქმით, ის რომ დასავლეთის ქვეყნებში ქვიარებს ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლება აქვთ, დასავლეთის გადაგვარებაზე მიუთითებს.

ამ იდეებს იმეორებს კრემლის პროპაგანდაც.

Quiz: 10 ქვიარ ადამიანი რუსეთის ისტორიასა და კულტურაში

Quiz: 10 ქვიარ ადამიანი რუსეთის ისტორიასა და კულტურაში

დაიწყე ვიქტორინა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG