Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე „მაგრამ“, რის გამოც შსს-მ ვერ (არ) უზრუნველყო „პრაიდის ფესტივალის“ ჩატარება


პოლიცია საფესტივალო ტერიტორიისკენ მიმავალ გზაზე. 8 ივლისი, 2023 წელი
პოლიცია საფესტივალო ტერიტორიისკენ მიმავალ გზაზე. 8 ივლისი, 2023 წელი

თითქოს ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ 8 ივლისს, კერძო, დახურულ, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „პრაიდის ფესტივალი“, რომელსაც მხოლოდ დარეგისტრირებული, მიწვეული სტუმრები, მათ შორის, დიპლომატები უნდა დასწრებოდნენ, ექსცესების გარეშე ჩატარდებოდა.

ასე ფიქრის საფუძველს იძლეოდა, მაგალითად, 7 ივლისის საღამოსკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადება, „მივიღებთ ყველა ზომას, რომ ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდეს“ - ო.

ამ განცხადებაშივე შსს მოუწოდებდა „პრაიდის ფესტივალის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაეცვათ კანონი, დამორჩილებოდნენ პოლიციას და არ გასცდენოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებდა საკუთარი მანდატის შესაბამისად“.

პარალელურად, „პრაიდის ფესტივალის“ ორგანიზატორები ადასტურებდნენ, რომ ღონისძიებამდე დიდი ხნით ადრე, პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში, ისინი თანამშრომლობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უწყებამ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მისცა.

მაგრამ იყო ერთი (რამდენიმე) მაგრამ

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთი დიდი „მაგრამ“, რომელიც აჩენდა ეჭვს, რომ შესაძლოა, ყველაფერი ისე არ ჩატარებულიყო, როგორც დაგეგმილი იყო.

ეჭვის ერთ-ერთ საფუძვლად საკმარისი იყო, მაგალითისათვის, ხელისუფლების მეთაურის, პრემიერ-მინისტრის არაერთი და თან ძალიან მკაფიოდ ჰომოფობიური შინაარსის განცხადება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისი რიტორიკა მწვანე შუქს უნთებდა ჰომოფობურად განწყობილ რადიკალურ ჯგუფებს - არ მიეცათ „თბილისი პრაიდისთვის“ ფესტივალის ჩატარების უფლება და ამით "არ დაეშვათ ახალგაზრდების გარყვნა“, „ოჯახის სიწმინდის შებღალვა“, „გეი პროპაგანდა“.

„პრაიდის კვირეულის“ დაწყებამდე ორი დღით ადრე, 30 ივნისს, პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა პარლამენტში და ამ ტრიბუნიდან გადაწყვიტა ეთქვა, რომ ის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია და ჰომოფობურ განცხადებას ზედ ანტიდასავლური რიტორიკაც მიაყოლა, ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტების გარეშე: „ღიად გეუბნებით, მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება... ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება, იცით თქვენ, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა. არ შეიძლება, კატასტროფაა ეს“...

მანამდე, მაისის დასაწყისში იყო ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი და ასევე ჰომოფობიური შინაარსის გამოსვლა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე: “ლბტქ+ პროპაგანდა” და “თავსმოხვეული ინოვაციები”, “ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება”. ის ცდილობს, დაავიწყებინოს ხალხს “ოჯახი და რწმენა”, რადგან “ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია” - აი, ამ თეორიების შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტი.

მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ 2021 წლის 5 ივლისის დილას დაიწყო, როცა თბილისში „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო და როცა რუსთაველის გამზირზე რადიკალური ჯგუფები უკვე უპირისპირდებოდნენ და ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის დღევანდელი აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე... რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც „მარშს“ აორგანიზებს, ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა სურს. [ეს], რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ…. რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“.

კიდევ ერთი „მაგრამ“, რომელიც ასევე საფუძვლიან ეჭვს აჩენდა, რომ შესაძლოა, მოვლენები „პრაიდის ფესტივალის“ სასიკეთოდ არ განვითარებულიყო, ეს იყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, საქართველოს საპატრიარქოს დაჟინებული, ფაქტობრივად კამპანიის მსგავსი განცხადებების კასკადი, რომელთა თანახმადაც, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანი „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“ და ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას „საკითხის საკანონმდებლო წესის დარეგულირებისკენ“.

„მაგრამ“- ების ჩამონათვალში, ცხადია დამსახურებულ ადგილს იკავებდა თავად ანტილგბტქ+ აქციის მთავარი ორგანიზატორის, მკაფიოდ პრორუსული, ჰომოფობურად განწყობილი „ალტ-ინფოს“ სამზადისი, რომლებიც 8 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე იმუქრებოდნენ ძალადობით და აცხადებდნენ, რომ „ამ ქვეყანაში დღის წესრიგს განსაზღვრავენ“ ისინი, „საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი“.

სწორედ ეს ჯგუფი იყო 2021 წლის 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების შემოქმედი. მოვლენების, რა დროსაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ათობით ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

შსს-ს ერთადერთი განცხადება და მოწოდება ანტილგბტქ+ აქციის მონაწილეებს

თუკი ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა აქციის დროს გავრცელებული განცხადებების ქრონოლოგიას გადაავლებთ თვალს, ადვილად ამოსაცნობია განსხვავება სხვა აქციებსა და 8 ივლისის აქციის თაობაზე გავრცელებული განცხადებების რაოდენობას შორის.

მაგალითად, 7-8 მარტის, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს, ორ დღეში, უწყებამ 10 განცხადება გაავრცელა როგორ აქციების მსვლელობისას, ისე მის შემდეგ.

განცხადებების შინაარსი შეეხებოდა როგორ აქციის მონაწილეების ქმედებებს, ისე მოწოდებებს მათ მიმართ, ასევე ცნობებს აქციებზე დაკავებულთა და ამ აქციებზე დაშავებული პოლიციელების რაოდენობის შესახებ.

მაგალითად:

  • „აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა“;
  • „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“;
  • „იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს“;
  • „შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს“.

8 ივლისს, „ალტ ინფოს“ მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც წინასწარვე შეიცავდა ძალადობრივ გზავნილებს და ეს გზავნილები ღიად და დაუფარავად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში, შსს ერთადერთი განცხადებით გამოეხმაურა. აქციის წინა საღამოს, 7 ივლისს.

ამ ერთადერთი განცხადებით მოუწოდა შსს-მ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ:"დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს და არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად".

8 ივლისს, არც აქციის მსვლელობისას, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციელების კორდონს არღვევდნენ და არც მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კერძო ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაარბიეს, განზრახ დააზიანეს სხვისი ქონება და დაიტაცეს ნივთები, შსს-ს არცერთი განცხადება არ გაუვრცელებია.

ორი ადამიანის დაკავება შსს-მ მხოლოდ მას შემდეგ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას, რაც თავად მიმართა უწყებას. აღმოჩნდა, რომ ორივე დაკავებულია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ( ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები - რ.თ.).

ასევე, შს სამინისტროში გვითხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაწყებულია177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება. ამ დანასაულისთვის დაკავებული არავინ არის.

„ვერ“ არა, „არ“! - ვაჟადან „ვანდერლენდამდე“

11:30 საათი იყო მარიამ ნიკურაძე, OC მედიას დამფუძნებელი და ჟურნალისტი, ვაჟას ძეგლთან რომ მივიდა. იქ, სადაც ანტილგბტქ+ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იკრიბებოდნენ.

აქციის მონაწილეები იკრიბებიან ვაჟა-ფშაველას ძეგის მიმდებარედ
აქციის მონაწილეები იკრიბებიან ვაჟა-ფშაველას ძეგის მიმდებარედ

პირველი, რაც თვალში მოხვდა, სამართალდამცავების სიმრავლე იყო, „ვაჰ, მართლა რამდენი პოლიციელია, გამიკვირდა“, - ყვება მარიამი, რომელიც თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ დაპირების მიმართ, რომ შსს "ყველა ზომას მიიღებდა", რომ 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებას მშვიდად ჩაევლო:

„წინა დღეს თქვეს, რომ ჟურნალისტებს დაიცავდნენ, ამიტომ, მივედი პოლიციელებთან, გავეცანი, ვუთხარი, რომ ვარ ეს და ეს. დამაკვალიანეს, სად უნდა დავმდგარიყავი. ვიფიქრე, რომ მართლა ასრულებდნენ თავიანთ დანაპირებს და ცოტა გამიკვირდა კიდეც, რადგან ბოლო პერიოდში, რასაც ვაკვირდები, მთავრობის პოლიტიკაში არანაირად არ ჯდებოდა მათი მსგავსი ქმედება“.

მაგრამ ნელ-ნელა, პირველი საათისთვის, როდესაც აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველადან ნუცუბიძისკენ გადაინაცვლეს, მარიამი მიხვდა, რომ მიუხედავად სამართალდამცავების სიმრავლისა, მათ შეჩერებას არავინ აპირებდა:

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე

„მეორე პლატოს ასახვევთან, ნუცუბიძის აღმართი რომ იწყება, სამართალდამცავების ორი დიდი ჯგუფი იდგა, გზის ორივე მხარეს. თავიდან ვიფიქრე, რომ გადაუდგებოდნენ აქციას და არ გაუშვებდნენ ზევით, მაგრამ არანაირი რეაგირება - ყველანაირი პრობლემის გარეშე, უსიტყვოდ გაატარეს. არადა, მეორე პლატოს ასახვევში რომ დახვედროდა მათ პოლიციის დიდი კორდონი, ისინი იქ ვერ ავიდოდნენ“, - ამბობს მარიამი, რომელიც წლებია აქციებს აშუქებს და არაერთხელ უნახავს სამართალდამცავების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების მაგალითები:

„თუნდაც ივნისის დასაწყისში, ცარიელი პლაკატების გამო რომ აკავებდნენ ხალხს პარლამენტის წინ, ისეთი მონდომებით მუშაობდნენ პოლიციელები, რამდენიმე ადამიანიც კი დაშავდა“, - ამბობს ის.

დაახლოებით ორი საათი, ისე იარეს აქციის მონაწილეებმა „პრაიდის ფესტივალის“ მიმართულებით, რომ მათ, ფაქტობრივად არანაირი წინაღობა არ შეხვედრიათ. სამართალდამცავების პირველი კორდონი მათ ლისის ტერიტორიის მიმდებარედ, იქ დახვდა, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო:

ლისის მიმდებარე ტერიტორია
ლისის მიმდებარე ტერიტორია

„შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მეჩხერი კორდონი, რომელიც აქციის მონაწილეებმა საკმაოდ მარტივად გაარღვიეს. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? სამართალდამცავები თავიდან ცდილობდნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის, მაგრამ მერე, რაღაც მომენტში, თვალის დახამხამებაში, უშვებდნენ“.

მარტივად გაარღვიეს აქციის მონაწილეებმა მეორე, შუშისფარიანი პოლიციელების კორდონიც:

„ვითომ იქ იყო მცირე ჯაჯგური, შეგვიშვი არ შეგიშვებთ, მაგრამ ის კორდონიც გაიხსნა და შემდეგ უკვე დავრბოდით მინდორ-მინდორ“, - ამბობს მარიამი, რომლის დაკვირვებითაც, პოლიციელების ნაწილი აქციის მონაწილეების მიმართ საკმაოდ „ლოიალურად და მეგობრულად“ იყო განწყობილი:

„როდესაც იმ ტერიტორიაზე აღმოვჩნდით, სადაც პრაიდის ფესტივალი იყო დაგეგმილი, პირველი, რაც შევამჩნიე, ეს იყო სამართალდამცავების ძალიან დიდი რაოდენობა. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ტერიტორიის დარბევა, ლეწვა-მტვრევა, ნივთების დატაცება. ამ რაოდენობის სამართალდამცავს მარტივად შეეძლო, რომ აქციის მონაწილეებისთვის არ მიეცათ ტერიტორიის დარბევის, ნივთების მოპარვის საშუალება, მაგრამ პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია - „გეყოთ ახლა“, „არ გინდათ“ - ასე მიმართავდნენ მათ. პირადად მე არ შევსწრებივარ, რომ იქ ვინმე დააკავეს“.

ანტილგბტქ+ აქციის მონაწილეები საფესტივალო ტერიტორიაზე
ანტილგბტქ+ აქციის მონაწილეები საფესტივალო ტერიტორიაზე

მარიამი, რომელიც წლებია აშუქებს აქციებს, არაერთხელ გამხდარა სამართალდამცავების მიერ აქციების დაშლის შემსწრე. ამბობს, რომ 8 ივლისს, ყველა ბერკეტი ჰქონდა პოლიციას, რომ პრაიდის ჩაშლა არდაეშვა, მაგრამ ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ პოლიციამ ეს ვერ კი არა, არ გააკეთა:

„8 ივლისს, დილით გავრცელდა ფოტოები, რომ ლისის ტბის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანები, იმ ტერიტორიაზე გაიშალა დიდი კარვები, შექმნეს განწყობა, რომ თითქოს სპეცრაზმი იყო მობილიზებული. გარდა ამისა, საკუთარი თვალით დავინახე პოლიციელები, რომლებსაც ე.წ. წიწაკის სპრეი ეჭირათ ხელში, ასევე რეზინის ტყვიების იარაღი, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი გამოუყენებიათ.

2021 წლის 5 ივლისს ჩვენ ქუჩაში პოლიცია, ფაქტობრივად, არ გვინახავს და გვქონდა სალაპარაკო, რომ 5 ივლისს პოლიცია ხალხის დასაცავად არ გამოვიდა. ამ შემთხვევაში კი გამოიყვანეს პოლიცია და თქვეს, რომ აი, პოლიცია კი გამოვიდა, მაგრამ ეს ადამიანები ვერ შევაჩერეთ. ვერ კი არა, არ შეაჩერეს ეს ადამიანები. აშკარაა, რომ მათი მიზანი იყო, ფესტივალი მანამდე ჩაშლილიყო, სანამ დაიწყებოდა და ასეც მოხდა“.

"ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ პირობა შესრულდებოდა"

ნინო ბიძინაშვილი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი, 8 ივლისს, 14:00 საათისთვის მივიდა „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დღეს მისი დავალება უშუალოდ „პრაიდის ფესტივალის“ გაშუქება იყო. ლისზე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მხრიდან, კოლეგასთან ერთად ავიდა და პირველი კითხვის ნიშნები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სწორედ მაშინ გაუჩნდა:

„ბრიტანული აკადემია საკმაოდ ახლოსაა იმ ტერიტორიასთან, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო. ჩემდა გასაკვირად, იქ უკვე დავინახე ჰომოფობურად განწყობილი ჯგუფის წევრები და გამიკვირდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიციის კორდონი გაცილებით შორს შეაჩერებდა მათ, თუმცა, წინა დღეებში მოსმენილი დაპირებების ფონზე, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა იქნებოდა დაცული, ვფიქრობდი, რომ პოლიცია შეასრულებდა დანაპირებს“.

გარდა ამისა, ნინომ ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე თავად ნახა ბევრი სამართალდამცავი, მათი ავტობუსები, გაშლილი კარვები და ჩათვალა, რომ ფესტივალის ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრებოდა და იქ მისული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნებოდა:

„დაძაბულობა მაშინ გამიჩნდა, როცა ჰომოფობური ჯგუფის წევრებმა პირველი კორდონი გაარღვიეს. მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ გარღვევას, უფრო სწორი ფორმულირება იქნება, თუკი ვიტყვით, რომ პირველ კორდონს გამოსცდნენ“, - იხსენებს ნინო და აღიდგენს კადრებს, როდესაც აგრესიულად განწყობილი ჯგუფები მათი მიმართულებით მიემართებოდნენ:

აქციის მონაწილეები საფესტივალო ტერიტორიის მიმდებარედ
აქციის მონაწილეები საფესტივალო ტერიტორიის მიმდებარედ


„ფესტივალის შესასვლელთან, შემაღლებულ ადგილზე ვიდექი და ვიღებდი ვიდეოს. 14 საათი და 39 წუთი იყო. ვხედავ, ისეთი სისწრაფით მოიწევს ჩვენსკენ გაავებული ადამიანების ჯგუფი, რომ უკან ბუღი მოჰყვებათ. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია დიდად არ აკავებს მათ, წინააღმდეგობა, ფაქტობრივად არ ხვდებათ და ცოტა ხანში იწყება ბოთლების სროლა და გინება“.

პარალელურად, პოლიცია ფესტივალის ორგანიზატორებს, მოხალისეებსა და ჟურნალისტებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს:

ნინო ბიძინაშვილი სამარშრუტო ტაქსიში, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები და მოხალისეები ტერიტორიიდან გაჰყავს
ნინო ბიძინაშვილი სამარშრუტო ტაქსიში, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები და მოხალისეები ტერიტორიიდან გაჰყავს

„14 საათი და 48 წუთი იყო, როცა ე.წ. მარშრუტკაში ჩაგვსვეს და სასწრაფოდ მოგვაცილეს იქაურობას. რამდენიმე წუთში, სამარშრუტო ტაქსი ჩერდება და მესმის ანა სუბელიანის (ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი) ხმა, ხომ არ გაგიჟდით, სად უნდა ჩამოვიდეთ და იწყება ყვირილი. ვერ ვხვდებოდით, სად ვიყავით, ეს იყო დაუსახლებელი ტერიტორია. როგორც გაირკვა, პოლიციელმა მძღოლს უთხრა, რომ ჩვენ იქ უნდა ჩამოვსულიყავით.

ზოგადად, ძალიან მობილიზებული ადამიანი ვარ, მაგრამ იმ მომენტში ძალიან შემეშინდა, რადგან ნანახი მქონდა 2013 წლის 17 მაისის კადრები და ვიცოდი, რომ მაშინ აქტივისტებს თავს დაესხნენ ყვითელ ავტობუსში. შემეშინდა, რომ ვიღაც აგვეკიდებოდა და თუ ჩამოგვსვამდნენ სადღაც მინდორ-ველში, ეს ადამიანები შეიძლებოდა დაგვწეოდნენ და მომხდარიყო უბედურება. საბოლოოდ სამარშრუტო ტაქსმა სხვა, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაგვიყვანა“.

„ისინი მოქმედებდნენ კოორდინირებულად“

8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ დარბევის შედეგად მიყენებულ ზარალს ფესტივალის ორგანიზატორი „თბილისი პრაიდი“ ახლაც ითვლის. ზარალი არა მხოლოდ „თბილისი პრაიდს“, არამედ მუსიკალური ფესტივალის, „Tbilis Open Air-ის" ორგანიზატორებსაც მიადგათ. დაზარალდა სხვადასხვა საკვები ობიექტი, რომელიც ფესტივალს უნდა მომსახურებოდა.

ანა სუბელიანი „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საერთო ანგარიშით, ზარალი დაახლოებით 100 000 ლარს აღწევს, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ზარალის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ანა სუბელიანი ამბობს, რომ უწყებამ, ფაქტობრივად, ყურადღების მიღმა დატოვა ის მუქარა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში, ღიად და პირდაპირ ვრცელდებოდა ჰომოფობურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან:

ანა სუბელიანი
ანა სუბელიანი

„ჩვენ ამას 8 ივლისამდეც ვამბობდით, რომ პრევენციული ღონისძიებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მინიმუმ გამოძიება დაწყებულიყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გვემუქრებოდნენ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. თუმცა, იმთავითვე ცხადი გახდა ჩვენთვის, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება ამ ადამიანების დასაკავებლად“.

ანა სუბელიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია ყველა ის პირობა, რომელიც მათ დადეს არა მხოლოდ „პრაიდის“ ორგანიზატორების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლების წინაშე:

ანა სუბელიანი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები და ძალადობრივი ჯგუფები 8 ივლისს კოორდინირებულად მუშაობდნენ:

„მხოლოდ მოჩვენებითად შექმნეს ილუზია, რომ მათი მხრიდან იყო დიდი მობილიზება. ბოლო წუთამდე გვიქმნიდნენ განცდას, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ. მათგან გვქონდა პირობა, რომ ამ ადამიანების ლოკალიზებას მოახდენდნენ საფესტივალო ტერიტორიიდან მოშორებით და ესკალაციის შემთხვევაში, აუცილებლად დააკავებდნენ ათეულობით ადამიანს, გამოიყენებდნენ წყლის ჭავლს და და ა.შ. და ამის ნაცვლად, ჩვენ კადრებში ვხედავთ, როგორ მოაცილებენ ტერიტორიამდე ამ ადამიანებს.

ჩვენ შსს-ს მიმართ გვაქვს პრეტენზია, რომ მათ შემოაცილეს მოძალადეები, არის კადრები, რომ ისინი ეხუტებიან ერთმანეთს და მოროდიორებს დართეს ნება, რომ დაერბიათ ტერიტორია“.

ანა სუბელიანი ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც "პრაიდის ფესტივალი" უნდა ჩატარებულიყო, თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა ორგანიზატორებს. თუმცა, საბოლოოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ფესტივალის ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ტერიტორია დაასახელა: "ეს არის გაშლილი ტერიტორია, მათ მოახერხეს შემოსულიყვნენ, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ფესტივალის ყველა მონაწილე უსაფრთხოდ გაგვეყვანა ტერიტორიიდან".

„თბილისი პრაიდმა“ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ანა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ „თბილისი პრაიდმა“ დაიწყოს სამართლებრივი დავა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგაც.

რა უნდა ექნა შსს?

ედუარდ მარიკაშვილი, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირველ რიგში, მინიმუმ გამოძიება უნდა დაწყებულიყო იმ მუქარაზე, რაც „ფესტივალის“ ორგანიზატორების მიმართ ისმოდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში:

ედუარდ მარიკაშვილი
ედუარდ მარიკაშვილი

„ეს ადამიანები ხშირად აპელირებდნენ, რომ 5 ივლისი მონაგონი იქნებოდა. ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოს სამართლებრივად შეეფასებინა მათი პირველივე ნაბიჯები, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს მუხლი, ადამიანების დევნა სხვადასხვა ნიშნით, 156-ე მუხლი. მინიმუმ ეს დანაშაული უკვე იკვეთებოდა აქციის ორგანიზების ნაწილში.

ამ აქციას არ ჰქონდა სხვა შინაარსი გარდა ძალადობისა. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. გაცხადებული პოზიცია იყო, რომ აპირებდნენ ფესტივალის ჩაშლას და შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა ემოქმედა პრევენციული ღონისძიებებით, გამოძიების დაწყებით, ამ ადამიანების დაკითხვით და საბოლოოდ, უნდა მიეღო შესაბამისი ზომები, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე“.

ედუარდ მარიკაშვილი თვლის, რომ უშუალოდ 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სამართალდამცავების და ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობისა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხი:

„პირველ რიგში, რამდენად დეტალურად დაგეგმეს და შეაფასეს ის ღონისძიებები, რაც მათ უნდა გაეტარებინათ და ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზეც.

„პრაიდის“ წარმომადგენლებს აქვთ ეჭვი, რომ ეს ძალადობრივი აქცია შესაძლოა კოორდინირებული ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვგულისხმობ იმას, რომ ძალადობრივ ჯგუფებს სამართალდამცავების უმოქმედობით მიეცათ ღონისძიების ჩაშლის საშუალება, ეს ნამდვილად შესაძლოა ჩაჯდეს სამართლებრივ ჩარჩოში და ეს შეიძლება იყოს უფლებამოსილების გადამეტება ან სამოხელეო დანაშაული, რაც უნდა დაექვემდებაროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს“.

2-იდან 8 ივლისამდე "თბილისი პრაიდის კვირეული" ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია. 8 ივლისს კი დაგეგმილი იყო პრაიდის ფესტივალი.

"პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - ნათქვამი იყო "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის, ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG