უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ მათმა წყალქვეშა დრონებმა Sub Sea Baby-მა ააფეთქეს 636.3 „ვარშავიანკა“ კლასის წყალქვეშა ნავი (ნატოს კლასიფიკაციით - Kilo), რითაც ის კრიტიკულად დაზიანდა და ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოვიდა.
СБУ-ში განაცხადეს, რომ წყალქვეშა ნავზე განთავსებული იყო „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსან რაკეტა, რომლებსაც რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის იყენებენ: „ეს იყო SBU-ს სამხედრო კონტრდაზვერვის მე-13 მთავარი სამმართველოსა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია“.
СБУ-მ განაცხადა, რომ „ვარშავიანკას“ კლასის წყალქვეშა ნავის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. წყალქვეშა ნავების ეს კლასი ასევე ცნობილია, როგორც „შავი ხვრელი“, კორპუსის ხმის შთანთქმის და SONAR-თვის (Sound Navigation And Ranging) შეუმჩნევლად დარჩენის უნარის გამო.
წყალქვეშა ნავზე იერიშის მიტანის ზუსტი დრო არ არის ცნობილი. თუმცა ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ დარტყმა დღის საათებში მოხდა.
თუმცა რუსული მხარე უარყოფს SBU-ს განცხადებას.
„მტრის მცდელობამ უპილოტო წყალქვეშა დრონის გამოყენებით მოეხდინა დივერსია წყალქვეშა ნავზე, ვერ მიაღწია თავის მიზანს. დივერსიის შედეგად შავი ზღვის ფლოტის არცერთი გემი ან წყალქვეშა ნავი, რომელიც ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზის ყურეშია განლაგებული, და არც მათი ეკიპაჟები, არ დაზიანებულან. ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სამსახურს“, - განაცხადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პირველი რანგის კაპიტანმა ალექსეი რულევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ზვეზდას“ ეთერში.
რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ცნობითაც, ნოვოროსიისკის პორტის ნავმისადგომის (სადაც უკრაინულმა წყალქვეშა დრონმა რუსულ წყალქვეშა ნავს შეუტია) თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ აფეთქება წყალქვეშა ნავიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მოხდა. 16 დეკემბერს გადაღებულ ფოტოზე ნათლად ჩანს დაზიანება, რომელიც აფეთქების შედეგად მიიღო პირსმა, ხოლო „ვარშავიანკის“ კლასის წყალქვეშა ნავი თავის ადგილზე რჩება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თანამგზავრული ფოტოებით წყალქვეშა ნავის რეალური დაზიანების შეფასება რთულია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დრონი პირდაპირ წყალქვეშა ნავის კორპუსს არ შესჯახებია.
თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 16 დეკემბერს ანგარიშში, რომელიც თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგემ ერთი წყალქვეშა ნავი დაკარგა.
ვიდეოს ანალიზი
"ვარშავიანკას" კლასის წყალქვეშა ნავის განადგურება არაერთმა OSINT-ანალიტიკოსმა დაადასტურა.
მაგალითად, უკრაინულმა პროექტმა Dnipro Osint-მა დარტყმის წინა დღეს ნოვოროსიისკის საზღვაო ნავსადგურის თანამგზავრული ფოტოები გააანალიზა და დაასკვნა, რომ წყალქვეშა ნავი ისე იყო განლაგებული, რომ დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ, გემის უკანა მხარე დაზიანდა.
რუსული პროპაგანდისტული არხი „ოსვედიტელი“ არსებითად ეთანხმება უკრაინელ ექსპერტებს. არხმაც გააანალიზა ვიდეო და დაწერა: „თუ დავეყრდნობით ვიდეოს სიზუსტეს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება წყალქვეშა ნავიდან გარკვეულ მანძილზე მოხდა, ხომალდის უკანა ნაწილს გარკვეული ზიანი მიადგა. როგორია ზიანის მასშტაბი, ამის შეფასება ამ ეტაპზე ძნელია“.
რუსი Z-ბლოგერი კირილ ფედოროვიც, СБУ-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ნახვის შემდეგ, ამავე დასკვნამდე მიდის.
„როგორც ჩანს, თავდასხმა წყალქვეშა ნავის უკანა მხარეს განხორციელდა, სადაც პროპელერი მდებარეობს. როგორც ჩანს, ვიდეო მაღალი ხარისხისაა, ამიტომ ძნელი სათქმელია, ეს ხელოვნური ინტელექტია თუ მონტაჟი“, - წერს ის.
OSINTtechnical ბლოგერი, რომელიც დაკავშირებულია გამოცემა Hunterbrook Media-სთან, სოციალურ ქსელ X-ში წერს: „აფეთქება პირდაპირ Kilo-ს (ნატოს კლასიფიკაციით „ვარშავიანკა“) კორპუსს მოხვდა“.
გერმანელი ბლოგერი, Chris სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, რომ მთავარი აფეთქების გარდა, ვიდეოში საწვავის აალებაც ჩანს: „[აფეთქება] გემის პროპელისა და ელექტროძრავის მოპირდაპირედ ხდება. 22-ე წამის ნიშნულზე [აფეთქება], სავარაუდოდ, საწვავის აალებამ გამოიწვია“.
ბლოგერი ასევე ვარაუდობს, რომ აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა შესაძლოა ახლოს მყოფი მეორე წყალქვეშა ნავის უკანა მხარეც დააზიანა - ნამსხვრევების ჩამოვარდნა ჩანს ვიდეოს 27-ე წამიდან.
არატრივიალური სამიზნე
„ზღვაში, უკრაინისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავზე იერიშის მიტანა პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა თადარიგის III რანგის კაპიტანმა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ანონიმურად ესაუბრა რადიო თავისუფლების პროექტის, Krym.Realii-ს რედაქციას.
„წყალქვეშა ნავების თვალყურის დევნება შესაძლებელია თანამგზავრის საშუალებით, როდესაც ისინი წყლის ზედაპირზე არიან ამოსული. წყლის ქვეშ ისინი შეუმჩნეველი ხდებიან ოპტიკურ დიაპაზონში. და იმის გათვალისწინებითაც კი, რომ წყალქვეშა ნავი ყოველ სამ დღეში ამოდის ზედაპირზე აკუმულატორების დასატენად, მაღალია ალბათობა, რომ უკრაინას იმ მომენტში და იმ ტერიტორიაზე არ ჰყავდეს საზღვაო დრონები. ეს ძალიან ჰგავს თივის ზვინში ნემსის ძებნას“, - განმარტა სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პორტში წყალქვეშა ნავები კარგად არიან დაცული ზღვიდან თავდასხმისგან.
„ნოვოროსიისკის პორტში საზღვაო ნავსადგური, სადაც განლაგებული არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები, ყურისგან გამოყოფილია მძლავრი ბეტონის მოლოებით (სპეციალური ხერგილებით). ნავსადგურის შესასვლელი კი დაბლოკილია პონტონის მსგავსი მცურავი კაბელების ქსელით. როდესაც გემს ნავსადგურიდან გასვლა ან ნავსადგურში შესვლა სჭირდება, ბუქსირი უკან წევს მცურავ წინაღობებს და გზას ათავისუფლებს. ამიტომ СБУ-ს წყალქვეშა დრონს ყურეში შესვლა მხოლოდ მაშინ შეეძლო, როდესაც კარიბჭე ღია იყო“, - აღნიშნა თადარიგის III რანგს კაპიტანმა, რომელიც კიდევ ერთ დეტალზე მიუთითებს:
„შენიშნავდით კიდევ ერთ უცნაურობას СБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში? ის სტაციონარული კამერიდან არის გადაღებული. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი კამერა დაამონტაჟა სიტუაციის მონიტორინგისთვის ან გატეხა ქალაქის ან უწყების სათვალთვალო კამერის ტრანსლაცია“.
„კალიბრის“ გადამტანთა რაოდენობა შემცირდა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შვიდი წყალქვეშა ნავი აქვს, რომელთაგან ექვსი მოდერნიზებული პროექტის 636.3 „ვარშავიანკას“ კლასისაა. მეშვიდე, წყალქვეშა ნავი „ალროსა“, განეკუთვნება პროექტ 877V „პალტუსის“ კლასს. ყველა ამ წყალქვეშა ნავს შეუძლია „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ტარება, მაგრამ „ალროსას“, რომელმაც ეს შესაძლებლობა მოდერნიზაციის შემდეგ შეიძინა, არასდროს გაუშვია „კალიბრები“ წვრთნების დროსაც კი.
რუსეთის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, ორი „ვარშავიანკის“ კლასის წყალქვეშა ნავი - „ნოვოროსიისკი“ და „სტარი ოსკოლი“ ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა. მათ შავ ზღვაში შესვლა არ შეუძლიათ, რადგან ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, სამხედრო გემებისთვის დახურა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები.
სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე განლაგებული ოთხი წყალქვეშა ნავიდან, ერთს - „დონის როსტოვს“ უკრაინულმა რაკეტამ 2023 წლის 13 სექტემბერს, სევასტოპოლის საზღვაო გემთსაშენის მშრალ დოკში რემონტისას დაარტყა. ამავე წყალქვეშა ნავზე იერიში განმეორებითი მიიტანეს 2024 წლის 2 აგვისტოს, როდესაც იგი შემდგომი რემონტისთვის სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის მე-13 გემთსარემონტო ქარხანაში გადაიყვანეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი მწყობრში ჩაყენება ნაკლებად სავარაუდოა.
2024 წლის შემოდგომაზე, „დონის როსტოვზე“ პირველი დარტყმის შემდეგ, დარჩენილი სამი წყალქვეშა ნავი - „კრასნოდარი“, „ველიკი ნოვგოროდი“ და „კოლპინო“ - სევასტოპოლიდან გადაიყვანეს ნოვოროსიისკში, შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე, საიდანაც ისინი პერიოდულად გადიან ზღვაში „კალიბრის“ სისტემის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად.
ყირიმელმა სამხედრო ექსპერტმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკმა, Krym.Realii-ს რედაქციას ანონიმურობის პირობის დაცვით გაუზიარა თავისი მოსაზრება, რომ ნოვოროსიისკში წყალქვეშა ნავის განადგურებას დიდი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე ომის შემდგომი მსვლელობისთვის.
„პირველ რიგში, განადგურდა „კალიბრის“ გადამზიდავი, რომელსაც რუსეთი ბოლო დროს აქტიურად იყენებდა უკრაინაზე კომბინირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების დროს. მეორეც, ეს ისაა, რაც შეცვლის ზღვაში თანამედროვე ომის წარმოებას. წყალქვეშა საზღვაო დრონები პირველად გამოდიან არენაზე. ამიერიდან ვერცერთი რუსული გემი თავს დაცულად ვერ იგრძნობს შავი და აზოვის ზღვების წყლებში, რადგან ამ პატარა და სავარაუდოდ ჩუმი წყალქვეშა აპარატების აღმოჩენა ძალიან რთული იქნება. ამ ფაქტორებმა შეიძლება მათ ქერჩის ხიდთან მიახლოების საშუალებაც კი მისცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ნოვოროსიისკში წყალქვეშა ნავის განადგურების გამოცდილებას ხვალ მსოფლიოს ყველა არმია შეისწავლის, ისევე როგორც ადრე სწავლობდნენ უპილოტო კატარღების გამოყენებას. უკრაინა რამდენიმე წელია სამხედრო მეცნიერების წინა ხაზზე იმყოფება“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.
2025 წლის სექტემბერში Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია უკრაინული წყალქვეშა დრონის „ტოლოკას“ შესახებ, რომელსაც 5-ტონიანი ტვირთამწეობა აქვს და განკუთვნილია ნაღმების დადებისა და „დიდი სტაციონარული სამიზნეების განადგურებისთვის“. „ტოლოკა“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქერჩის ხიდსა და რუსეთის პორტებს.
ტექნიკური მახასიათებლები
პროექტი 636 „ვარშავიანკა“ (ნატოს კოდიფიკაციით - Improved Kilo) არის მრავალფუნქციური (დიზელ-ელექტრო) წყალქვეშა ნავების კლასი. რუსეთის საზღვაო ძალების შეიარაღებაში არსებული პროექტ 636.3-ის წყალქვეშა ნავები, გარკვეულწილად განსხვავებულებია საბაზისო პროექტ 636-ისა და 636.1-ისგან, რომლებიც ექსპორტზე იგზავნებოდა ჩინეთში, ალჟირსა და ვიეტნამში.
1970-იანი წლების ბოლოს შემუშავებული პროექტი „ვარშავიანკა“ მიიჩნევა წარმატებულ პროექტად, ამიტომ სერიის მშენებლობა, რიგი გაუმჯობესებებით, დღემდე გრძელდება. პროექტ 636-ის თითქმის ყველა წყალქვეშა ნავი შენდებოდა ან შენდება სანქტ-პეტერბურგის საადმირალო გემთსაშენ ქარხანაში.
„ვარშავიანკებს“ აქვს ორმაგი კორპუსი, რომელიც დაყოფილია ექვს განყოფილებად. შეიარაღებულია „კალიბრის“ სარაკეტო სისტემით, ტორპედოებით და „იგლა-1“ და „ვერბას“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემით. ეკიპაჟი შედგება 12 ოფიცრისა და 40 მეზღვაურისგან.
წყალქვეშ სვლის დიაპაზონი - 400 მილი 3 კვანძი/სთ სიჩქარით; პერისკოპულ სიღრმეზე (7-9 მ) სვლის დიაპაზონი - 7 კვანძი/სთ სიჩქარით 7,500 მილი.
სიჩქარე (ზედაპირზე) 11-17 კვანძი/სთ.
სიჩქარე (წყალქვეშ) 18-20 კვანძი/სთ.
სამუშაო სიღრმე - 240 მეტრი.
ავტონომიურ რეჟიმში წყალქვეშა ნავს შეუძლია ზღვაში დაყოს 45 დღემდე.
ფორუმი