Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ტოვებდა უკრაინის არმია ავდეევკას. და რა მოხდა შემდეგ?


უკრაინელი ჯარისკაცი ალმოდებული შენობის ფონზე. ავდეევკა, უკრაინა. 2023 წლის 17 მარტი
უკრაინელი ჯარისკაცი ალმოდებული შენობის ფონზე. ავდეევკა, უკრაინა. 2023 წლის 17 მარტი

ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას.

ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ - ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.


ორშაბათს კრემლში, ვლადიმირ პუტინთან მოხსენებისთვის მისულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტს აცნობა ისიც, რომ რუსეთის არმია ავდეევკის გარდა მთლიანად აკონტროლებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სოფელ კრინკის, რაც, შოიგუს თქმით, ფაქტობრივად წერტილს უსვამს უკრაინის არმიის კონტრშეტევას.

მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას ეჭვქვეშ აყენებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები. ისინი ღია წყაროებით მიღებული ვიზუალური მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხერსონის რეგიონის მთელ მარცხენა სანაპიროზე კონტროლის დამყარების შესახებ ცნობა გაზვიადებულია და ის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სასურველი საინფორმაციო ეფექტის მიღწევას ემსახურება.

"ისინი უბრალოდ შემოდიოდნენ პოზიციებზე და ხვრეტდნენ დაჭრილებს"

ქალაქი ავდეევკა არის დონეცკის ოლქის დედაქალაქ დონეცკის მახლობლად მდებარე დაახლოებით 29 კვადრატული კილომეტრის სიდიდის ინდუსტრიული ქალაქი, რომლის ხელში ჩაგდებასაც პრორუსი სეპარატისტები და მათი მომხრე რუსეთის რეგულარული საჯარისო ნაწილები ჯერ კიდევ 2014 წლიდან ცდილობენ.

ეს პატარა დასახლება მნიშვნელოვანი კვანძია უკრაინის არმიის ლოგისტიკურ და თავდაცვით ჯაჭვში.

ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, რუსეთის არმია არაერთხელ შეეცადა ავდეევკის მიმართულებით ოპერაციის განხორციელებას, მაგრამ დიდი დანაკარგებით ყოველთვის უკან იხევდა.


უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ავდეევკაზე რუსეთის სარდლობამ მასშტაბური შეტევა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ერთ თვეში, შეძლო ქალაქის სამხრეთში მდებარე ე.წ. პრომზონამდე (სამრეწველო ზონა) მიღწევა.

ავდეევკაში განთავსებული იყო უკრაინული არტილერია, რომელიც ეფექტიანად უშენდა ცეცხლს დონეცკის მისადგომებს.
ავდეევკაში განთავსებული იყო უკრაინული არტილერია, რომელიც ეფექტიანად უშენდა ცეცხლს დონეცკის მისადგომებს.

გასული წლის მთელი დეკემბრის განმავლობაში რუსეთის არმია ქალაქს უკვე 4 მიმართულებიდან უტევდა.

აი, როგორ იხსენებს ამ პერიოდს უკრაინის არმიის 47-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის 26-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იგორ კრივორუჩკო:

„ჩვენ ფაქტობრივად მოუმზადებელ პოზიციებზე გაგვიშვეს, და სანგრების თხრა ნაჩქარევად გვიწევდა, ამიტომ რუსები, რომლებსაც საბრძოლო მასალის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, საკმაოდ სწრაფად ახერხებდნენ ამ პოზიციებს დაბომბვას შორი მოქმედების არტილერიით.

შემდეგ კი ბრძოლაში ებმებოდა უამრავი FPV-დრონი და უპილოტო ავიაცია, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ყრიდა.

რაოდენობრივი უპირატესობა მათ ამ ასპექტშიც ჰქონდათ. იმ დროისთვის, ჩვენ ფაქტობრივად არ გაგვაჩნდა სანგრის პირობებში ბრძოლის რადიოელექტრონული საშუალებები.

იმხანად ყოველი რუსული იერიში მთავრდებოდა იმით, რომ ისინი იოლად შემოდიოდნენ ჩვენს პოზიციებზე და ხვრეტდნენ დაჭრილებს“, - წერს თავის ფეისბუკში იგორ კრივორუჩკო, რომელიც ავდეევკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფლების, სტეპოვოესა და ბერდიჩის დაცვაში მონაწილეობდა.

სოციალურ ქსელებში დამწვარი და განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის არაერთი ფოტო გავრცელდა.
სოციალურ ქსელებში დამწვარი და განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის არაერთი ფოტო გავრცელდა.

უკრაინის სარდლობის თანახმად, რუსეთის არმიის ჯარების საერთო დაჯგუფება ავდეევკის მიმართულებით დეკემბრისთვის შეადგენდა 40 ათას ჯარისკაცს. ამ დროისთვის უკრაინის არმიამ ძლიერი თავდაცვითი ხაზი ააგო და კოლექტიური დასავლეთის დახმარებით სერიოზულ შეიარაღებასაც მოუყარა თავი რუსეთის არმიის იერიშის მოსაგერიებლად.

მხოლოდ აქტიური შეტევის პირველ თვეში რუსულმა ჯარებმა, კიევის თანახმად, განიცადეს უზარმაზარი დანაკარგი - 10 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელებში დამწვარი და განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის არაერთი ფოტო გავრცელდა.

რა ფასად დაუჯდა რუსეთს ავდეევკაზე კონტროლის დამყარება?

ამის შემდეგ რუსებმა კვლავ შეცვალეს ტაქტიკა: მოიერიშე ჯგუფი მაქსიმალურად უახლოვდებოდა უკრაინული დანაყოფების პოზიციას, მაგრდებოდა ზღუდეზე, ელოდებოდა დამხმარე ძალას და კვლავ გადადიოდა შეტევაზე.

47-ე ბრიგადის ჯარისკაცის თქმით, რუსეთის არმია იერიშის დროს ამჟამად სულ უფრო ხშირად იყენებს რეგულირებად მართვად ბომბებს, რომელთა რაოდენობა დღეში რამდენიმე ათეულს აღწევს.

„ერთ-ერთი ბომბი ცოტა ხნის წინ მოხვდა ავდეევკის მახლობლად მდებარე კოქსოქიმიურ ქარხანას. აფეთქების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა კუპრის ცისტერნას და მთელი კვამლი ჩვენს პოზიციებს მოედო. ხილვადობა აღარ იყო, ჰაერი დამძიმდა“, - იხსენებს კრივორუჩკო.

ქალაქ ავდეევკისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი თებერვლის შუა რიცხვები აღმოჩნდა. 13 თებერვალს რუსეთის არმიამ მძლავრი საავიაციო და საარტილერიო მხარდაჭერით მოახერხა ავდეევკის მთავარი მაგისტრალის, ინდუსტრიული პროსპექტის ბლოკირება, რომელიც ქალაქს კოქსოქიმიურ ქარხანასთან აკავშირებს და დასავლეთისკენ მიემართება.

სწორედ 13 თებერვალს უკრაინის სარდლობამ ქალაქ ავდეევკის დამცველთა დასახმარებლად ახალი ძალა, ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ქვედანაყოფი, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა გადაისროლა.

მაგრამ რუსეთის აღმატებული ძალებისა და ქალაქის გარშემო პოზიციების დაკარგვის პირობებში წარმოიშვა ელიტური ბრიგადის განადგურების საშიშროება, რაზეც სოციალურ ქსელში ღიად წერდა არაერთი უკრაინელი სამხედრო თუ ექსპერტი.

„სარდლობა ერთი წლის წინანდელ შეცდომებს უშვებს, ისინი არაფერზე არ სწავლობენ. შედეგად კიდევ რამდენიმე ძლიერი ბრიგადა აღიგვება „ქედუხრელობის მორიგი სიმბოლოსთვის“.

ცოცხლად გადარჩენილებს კი ბოლო მომენტში გამოიყვანენ და ამას კეთილშობილურად დაარქმევენ პირადი შემადგენლობის გაფრთხილებას.

ჩვენ ვკარგავთ დროს, რესურსს და, რაც მთავარია, საუკეთესო მებრძოლებს“, - წერდა 16 თებერვალს სოციალურ ქსელ Х-ში უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ევგენი „სტუს“ ჩერეპნია.

მან მოგვიანებით შეაქო ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა ავდეევკიდან ჯარის გამოყვანისთვის.

ავდეევკის დამცველებმა ქალაქი 17 თებერვალს დატოვეს, მაგრამ მოწინააღმდეგეს ამ დასახლებული პუნქტის აღება საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

რუსეთის დიდ დანაკარგებზე წერდა რუსი სამხედრო და ბლოგერი, ალექსანდრ მოროზოვი, მეტსახელად „მურზი“, რომელმაც, მეგობრებისა და რუსეთის არმიის მხარდამჭერი ტელეგრამარხების ცნობით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოროზოვმა, რომელიც უფროსი სერჟანტის წოდებით უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი ბლოგერობაც დაიწყო და ტელეგრამარხზე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა, 18 თებერვალს დაწერა, რომ რუსეთს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღება დაუჯდა 16 ათასი სამხედროს სიცოცხლედ და 300 ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურებად.

მოროზოვის ამ პოსტმა, რომელიც 20 თებერვალს წაიშალა, რუსი პროპაგანდისტები აღაშფოთა.

ცნობები „მურზის“ თვითმკვლელობის შესახებ დღეს, 21 თებერვალს გავრცელდა. ცოტა ხნით ადრე მოროზოვის ტელეგრამზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ „საკუთარ თავს თავად დახვრეტს“ მას შემდეგ, რაც ავდეევკაში დიდი მსხვერპლის შესახებ პოსტის წაშლა აიძულეს „პოლიტიკურმა მეძავებმა“ ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვის ხელმძღვანელობით და მოკვლით დაემუქრნენ.

ცნობები ალექსანდრ მოროზოვის თვითმკვლელობის შესახებ, ჯერჯერობით არ არის გადამოწმებული დამოუკიდებელი წყაროებით.

"ეს გამყიდველი და მოღალატე მორალურ გვამად იქცა"

ჯერჯერობით არც დამოუკიდებელი წყაროები და არც ესპანეთის ხელისუფლება არ ადასტურებს თავის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მფრინავის მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობის ფაქტს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მტკიცებით, მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში უკრაინაში Mi-8 სამხედრო შვეულმფრენით გაიქცა, 13 თებერვალს, ქალაქ ლა ვილაჰოიოსაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს. მაქსიმ კუზმინოვს სხვა გვარით უკრაინის დატოვებაში სწორედ უკრაინა დაეხმარა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ გარდაცვალების ფაქტი“, - განუცხადა 19 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა სააგენტო RBC-უკრაინას.

ამასთან, რუსი პილოტის გარდაცვალების მიზეზზე იუსოვს არ უსაუბრია.

14 თებერვალს, ესპანურმა გამოცემა abc-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 თებერვალს, ლა ვილაჰოიოსაში აღმოაჩინეს უკრაინის 33 წლის მოქალაქის ცხედარი, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარი ჭრილობა ჰქონდა. მოკლულის ვინაობა არ დასახელებულა.

მაშინ იტალიური პრორუსული რესურსი Il Corrispondente იყო პირველი, ვინც დაწერა, რომ კუზმინოვი მოკლეს და ყოფილ პილოტს „რუსეთის მოღალატე“ უწოდა. ეს ინფორმაცია, საკუთარი ინტერპრეტაციებით, რამდენიმე რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეარხმა და მედიამ აიტაცა.

2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ყოფილი GRU) ოფიცრებმა ტელეკომპანია „როსია 1“-ის სიუჟეტში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ბრძანება კუზმინოვის ლიკვიდაციის შესახებ.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიასა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარი თქვეს უკრაინაში გაქცეული რუსი მფრინავის ვინაობის დადასტურებაზე.


რუსეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინაში გაქცეული Mi-8 სამხედრო შვეულმფრენის პილოტის მაქსიმ კუზმინოვის ესპანეთში გარდაცვალება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა კუზმინოვს „მორალური გვამი“ უწოდა.

„რუსეთში მიღებულია, რომ გარდაცვლილ ადამიანზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ეს მოღალატე და დამნაშავე მორალური გვამი გახდა იმ მომენტიდან, როდესაც თავის ბინძურ და საშინელ დანაშაულს გეგმავდა“, - განაცხადა რუს ჟურნალისტებთან კომენტარში სერგეი ნარიშკინმა.

  • 2023 წლის აგვისტოში რუსული Mi-8 ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინაში გაფრინდა და მალე უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა.
  • მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ეს სააგენტომ დაარწმუნა რუსი პილოტი უკრაინაში გადაეყვანა შვეულმფრენი.
  • ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ბუდანოვის თქმით, მათი დახმარებით კუზმინოვის ყველა ნათესავმა ოპერაციის დაწყებამდე მოახერხა რუსეთის უსაფრთხოდ დატოვება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG