რა ნიშნავს ეს ტექტონიკური ცვლილება რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, რა პოლიტიკურ გამოცდებს უქადის ეს ევროკავშირსა და უკრაინას, და რამდენად არის მზად კონტინენტი იმ გამოწვევებისთვის, რომელთა კონტურები დღემდე განუსაზღვრელია? ამ საკითხებზე - აშშ-ის ახალი სტრატეგიით დაწყებული და უკრაინის მომავლით დასრულებული - რადიო თავისუფლება ესაუბრა უსაფრთხოების პოლიტიკის ბრიტანელ მკვლევარს, ბუკინჰემის უნივერსიტეტის პროფესორ ენტონი გლისს.
არის ადგილებიც, სადაც ტექსტი უხეშად ცდება… მაგალითად, იქ არის აბსოლუტურად მცდარი დაშვება, რომ პუტინის რუსეთის მიზნები და ტრამპის ამერიკის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, ან უნდა ემთხვეოდეს...
რადიო თავისუფლება: აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნება და შემდეგ თავდაცვის მდივნის, ჰეგსეტის, გამოსვლა რეიგანის ფორუმზე - ბევრმა უნიპოლარულ მსოფლიო წესრიგთან ოფიციალურ დამშვიდობებად აღიქვა. ამერიკა მიდის და სადავეებს თმობს - ასეა?
ენტონი გლისი: ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ბევრად უფრო რთული და მრავალმხრივია, ასეთ სწორხაზოვან ინტერპრეტაციას არ იმსახურებს. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ 2027 წლისთვის ევროპამ თავად უნდა გადაიბაროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთი - რომ შეერთებული შტატები დარჩება, თუმცა დარჩება უფრო „ფონად“ და არა ფუნდამენტურ საყრდენად; და 2027 ნამდვილად არ არის შორს. დოკუმენტი ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოება ევროპული პროექტი უნდა გახდეს, ამერიკულის ნაცვლად და ბევრია, ვინც ამ აზრს ეთანხმება, მათ შორის, რაღა დაგიმალოთ და - მეც…
სამწუხაროდ, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, „ისტორიის დასასრულის“ იდეამ, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში, გაგვაბრიყვა: მშვიდობა გარანტირებულად ჩავთვალეთ და არაფრის დიდებით არ გვსურდა ფულის დახარჯვა თავდაცვაზე; გვინდოდა სოციალური პოლიტიკის განვითარება, კეთილდღეობის [welfare] პროგრამები, ფულის „გადანაწილება“. მაგრამ როგორც დღევანდელი ბრიტანული პოლიტიკა გვაჩვენებს, როცა კეთილდღეობის პოლიტიკაში ფულის ჩაყრას იწყებ, ვეღარ ჩერდები. ძალიან სახიფათო მდგომარეობაა.
მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექით: კი, ბევრად მეტის დახარჯვა გვმართებს თავდაცვაზე - არა მხოლოდ შეიარაღებასა და დაზვერვაზე, არამედ იმ პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც საჭიროა ევროპული კონტინენტის დასაცავად პუტინის აგრესიისგან. ამ მხრივ, დოკუმენტი სწორად ეხმიანება რეალობას - ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს და უნდა გააკეთოს მალე, სასწრაფოდ.
თუმცა არის ადგილებიც, სადაც, ჩემი აზრით, ტექსტი უხეშად ცდება… მაგალითად, იქ არის აბსოლუტურად მცდარი დაშვება, რომ პუტინის რუსეთის მიზნები და ტრამპის ამერიკის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, ან უნდა ემთხვეოდეს.
ფარაჟი თავს მომავალ ბრიტანელ პრემიერად ხედავს; ბევრისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ ის კრემლის აგენტია და პუტინი მოსწონს, მაგრამ მას მძაფრი, მძვინვარე სიძულვილით სძულს ევროკავშირი...
რადიო თავისუფლება: ნიშანდობლივია, რომ თითქოს მოსკოვიც ამ ხედვებს იზიარებს - ხმამაღლაც განაცხადეს ამის შესახებ.
ენტონი გლისი: დიახ, და ვფიქრობ, ბევრ ამერიკელს, ბევრ რესპუბლიკელს ეს დროთა განმავლობაში სრულიად მიუღებელ დოგმად ექცევა. ყველამ იცის, რომ პუტინის რეჟიმი კლეპტოკრატებისა და ოლიგარქების რეჟიმია; რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ადამიანის ღირსების, ადამიანის უფლებების, ანაც ადამიანის სიცოცხლის ელემენტარული პატივისცემაც კი.
ამერიკელებს არ სურთ იმის გამეორება, რასაც პუტინი ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს. კი, ფულის კეთება უყვართ, შანსსაც ყველას აძლევენ - ზოგჯერ მეორე და მესამე შანსებსაც კი, მაგრამ პუტინის ძალაუფლების შენარჩუნების "ნოუჰაუ" მათთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი.
მეორე მონაკვეთი, სადაც უსაფრთხოების სტრატეგია სახიფათოდ არეულ-დარეულია, არის შემდეგი: ერთი მხრივ, დოკუმენტი ამბობს, რომ ევროპამ უნდა „იკაცოს“ [man up], თავად უნდა მართოს უსაფრთხოება და აღარ დაეყრდნოს აშშ-ს - მაქსიმუმ, როგორც უკანა ზღუდეს და არა გალავანს, რომელიც იერიშისგან დაიცავს; კი ბატონო, ასეა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ევროპაში „კონსერვატიული მთავრობები“ უნდა მოვიდნენ და ევროკავშირს დაუპირისპირდნენ.
ეს კი რეალური საჭიროების სრულიად არასწორი აღქმაა. თუ გვინდა ძლიერი ევროპული თავდაცვის სისტემა - და როგორც პრეზიდენტი ამბობს, მასაც სურს ეს - მაშინ აუცილებელია ძლიერი ევროპული პოლიტიკური იდენტობაც, რაც პრეზიდენტს რატომღაც არ სურს და მხარს უჭერს იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ ერთიანობას ასუსტებს.
მინდა ვთქვა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს წინააღმდეგობები, გარკვეულწილად მაინც, ნაიჯელ ფარაჟისა და მისი დამქაშების „დამსახურებაა“: ის თავის თავს მომავალ ბრიტანელ პრემიერად ხედავს; ბევრისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ ის კრემლის აგენტია და პუტინი მოსწონს, მაგრამ მას მძაფრი, მძვინვარე სიძულვილით სძულს ევროკავშირი, თანაც აცნობიერებს, რომ ევროკავშირი შეიძლება ძალიან ძლიერი მოთამაშე გახდეს აშშ-სა და რუსეთს შორის.
ფარაჟი და მისი თანამოაზრეები დიდი ხანია, ყურში აწვეთებენ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ოვალურ კაბინეტს, რომ: „დიახ, ევროპამ უნდა გადაიღოს ტვირთი აშშ-ის დაღლილი მხრებიდან, მაგრამ ასევე, მხარი უნდა დაუჭიროთ პოლიტიკოსებს, ვინც ევროკავშირს ასუსტებს“. ეს კი უბრალოდ არ მუშაობს, ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, და ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა უმტკიცებდნენ ახლა გერმანელები და ფრანგები სახელმწიფო დეპარტამენტს და პრეზიდენტ ტრამპს.
ტრამპი მერყევი ფიგურაა - არა მხოლოდ მიდასია, არამედ მერკურიც. ვერცხლისწყალივით სწრაფად ცვალებადი. ოდნავ ოქრო, ოდნავ ვერცხლი. აქვს შეხედულებათა სპექტრი, რომელიც ძნელად ერწყმება, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოცაა - მაგრამ თავად მას საღ აზრად (common sense) მიაჩნია.
რადიო თავისუფლება: და ამ მერყევი ბუნების გათვალისწინებით - რამდენად რეალურია, რომ ეს დოკუმენტი გრძელვადიან პოლიტიკად იქცეს? თუ უფრო „საყიდლების სიაა“, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო და ამერიკა?
ენტონი გლისი: ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშნებს, რომ ეს დოკუმენტი გრძელვადიან პოლიტიკად არ იქცევა. ვერ ვხედავ სცენარს, სადაც დემოკრატები შეძლებენ შემდეგი არჩევნების მოგებას და მიმართულების შეცვლას.
სახელმწიფო სტრუქტურებში ვინც მელაპარაკება, ყველა მუშაობს ერთი, უცვლელი დაშვებით: აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი იქნება ჯეი-დი ვენსი, რომლის შეხედულებებიც ზუსტად იმეორებს, რაც ამ დოკუმენტში წერია.
ეს არის ახალი, MAGA–ამერიკა. 21-ე საუკუნის ფენომენი. კი, ძველ ისტორიას, ძველ სენტიმენტებს ეხმიანება, მაგრამ დღევანდელი რეალობა, რომელშიც ეს დოკუმენტი იმოქმედებს, მე-19 საუკუნისგან კარდინალურად განსხვავდება.
გავიხსენოთ, მაშინ დიდი ძალები ცდილობდნენ მშვიდობის შენარჩუნებას. ცხადია, ვერ შეძლეს - პირველი მსოფლიო ომი დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც ცდილობდნენ.
დღეს კი გვაქვს ორი რევიზიონისტული რეჟიმი - რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აქტიურად ეძებენ კონფრონტაციას, კონფლიქტში ხედავენ გამოსავალს.
რადიო თავისუფლება: ის პოსტულატი, რომ ევროპამ 2027 წლამდე უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, საერთოდ რამდენად რეალურია? შეუძლია ევროპას ამის გაკეთება 2027 წლამდე?
ენტონი გლისი: ვფიქრობ, შესაძლებელია. ნამდვილად შესაძლებელია, თუ სერიოზულად ვართ განწყობილნი.
მიკროდონეზე, მაგალითად, ბრიტანეთში, ფინანსთა მინისტრის [Chancellor of the Exchequer] „ოქროს წესებიც“ შეიძლება შეიცვალოს და მეტი სესხის აღება გახდეს შესაძლებელი. თავდაცვითი ხარჯვა ქვეყნის ეკონომიკისთვის ხშირად კარგი სტიმულია - იქმნება სამუშაო ადგილები, ვითარდება ადგილობრივი წარმოება და ა.შ.
1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთმა უზარმაზარი თანხა ისესხა - რათა სათანადო შეიარაღება ჰქონოდა და გერმანულ აგრესიას წინ აღსდგომოდა.
ახლა ისე წარმოაჩენენ თითქოს არჩევანის წინაშე ვდგავართ: „სოციალური მომსახურება თუ თავდაცვა“, ფული არაა და ა.შ. ეს უბრალოდ ტყუილია. ბრიტანეთში არსებობს დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ამ ქვეყანაში ფული ბევრს აქვს. შეგვიძლია თავდაცვაზე გაცილებით მეტი დავხარჯოთ ისე, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაწირვა არ დაგვჭირდეს.
იდიოტური შეცდომები, რომლებიც ანგელა მერკელმა დაუშვა კანცლერის პოსტზე ყოფნისას - უხეში შეცდომები, რომელთა შედეგებსაც გერმანია დღემდე ყოველდღიურად იმკის...
რადიო თავისუფლება: სამხრეთით გადავინაცვლოთ და გერმანიას შევავლოთ თვალი. თქვენ წიგნი დაწერეთ იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა გერმანიამ საკუთარი თავის „ხელახლა გამოგონება“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისევ ხომ არ მოუწევს იგივე გააკეთოს? თუ კი - მზად არის ამისთვის? სურს კი ამის გაკეთება?
ენტონი გლისი: ვფიქრობ, გერმანიის მდგომარეობა ძალიან რთულია. შემთხვევითი არაა, რომ ფედერალური რესპუბლიკის სტაბილურობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ გერმანიის აღმოსავლეთიდან, ყოფილი გდრ-იდან მოდის. ეს სისტემური პრობლემაა, რომლის წინაშეც გერმანია მრავალი წელია დგას.
ამას ემატება ის იდიოტური შეცდომები, რომლებიც ანგელა მერკელმა დაუშვა კანცლერის პოსტზე ყოფნისას - უხეში შეცდომები, რომელთა შედეგებსაც გერმანია დღემდე ყოველდღიურად იმკის. პირველ რიგში, მისი სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება, გაეჩერებინა ენერგიის წარმოება ბირთვული წყაროებიდან. ეს პირადად მერკელის გადაწყვეტილება იყო, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თავადაც მეცნიერი იყო და მშვენივრად იცოდა, რომ ეს ნაბიჯი სრულიად არაადეკვატურია და არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნდა.
თუ, ვთქვათ, მას ეშინოდა „ფუკუშიმის ტიპის“ ქარის და რადიაციის გერმანიამდე მოღწევის, მას მშვენივრად უნდა სცოდნოდა, რომ გერმანიაში ქარების დიდი უმრავლესობა დასავლეთიდან უბერავს და დასავლეთით, საფრანგეთში, უამრავი ბირთვული სადგურია. ასე რომ, თუ რაიმე კატასტროფა მოხდებოდა, გერმანია მაინც დაბინძურდებოდა.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იყო - მიმართული გარემოს დაცვასა და კლიმატის საკითხზე მომართულ ამომრჩევლებზე. მაგრამ შედეგად მიიღო ის, რის გამოც დღეს ყველა აკრიტიკებს: გერმანია დამოკიდებული გახადა რუსულ ნავთობზე და გაზზე. ეს იყო წმინდა წყლის სიბრიყვის აქტი.
და მეორე ბრიყვული ნაბიჯი - რასაც მაშინვე ვამბობდი და რისთვისაც მაშინ მძიმედ გამაკრიტიკეს - იყო 2015 წელს მილიონზე მეტი მიგრანტის მიღება, ადამიანებისა, რომელთა შესახებ არც მერკელმა იცოდა რამე, არც გერმანულმა უწყებებმა და არც რიგითმა გერმანელებმა. მორალურად, ჰუმანურად - შეიძლება სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან კატასტროფული შეცდომა აღმოჩნდა, რადგან ამას მოჰყვა გერმანელი მოქალაქეების განცდა, რომ მათი ქვეყანა უცხო კულტურის ადამიანებით „წაილეკა“, რომელთა შესახებაც არაფერს იცნობდნენ.
მაშინვე ვთქვი - მერკელი წესების მიხედვით არ თამაშობს-მეთქი. ეს ნაბიჯი ნატოს წესებსაც ეწინააღმდეგებოდა: ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება, საკუთარი საზღვრები დაიცვას. სწორედ ამიტომ ვეძახი გერმანიას „ჰიპების სახელმწიფოს“ - ჰიპისათვის წესები სხვებისთვისაა დაწერილი, თვითონ კი მათ არ იცავს. ასე იქცეოდა გერმანიაც.
ეს ორივე საკითხი დღემდე დიდ პრობლემად რჩება გერმანიისთვის. ჩემი აზრით, „ხელახლა დაბადება“ აუცილებელი არ არის, მაგრამ გერმანია გზაგასაყარზე დგას. ევროპისა და ევროკავშირის, როგორც სტრუქტურის სადარაჯოზე გერმანია ახლა ბევრად უფრო ხმამაღლა და მტკიცედ უნდა დადგეს. ეს ერთადერთი სწორი პასუხია.
იცით, ბრიტანეთშიც კი, ბრექსიტის მომხრეებს შორის, დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ბრექსიტი შეცდომა იყო, ვიდრე 2016-ში. ამიტომ შანსი არსებობს, რომ ბრიტანეთმაც ნელ-ნელა მხარი აუბას გაძლიერებულ, უფრო ღონიერ ევროკავშირს. ეს ერთადერთი გამოსავალია მერცისთვის, და ერთადერთი პასუხი ორბანისა და ბარდელასათვის. მათ შეიძლება ძლიერი ევროპა არ მოსწონდეთ - არა უშავს, აიტანონ.
პუტინი ტრამპს ყოველდღე ჩასჩურჩულებს: „უკრაინელები "ლუზერები" არიან, შანსი არ აქვთ, აგებენ, ჩვენ კი წინ მივიწევთ. უკრაინა რეალურად რუსეთის ნაწილია, ეს ომი უაზროა“. და ვფიქრობ, ტრამპმა ეს დაიჯერა...
რადიო თავისუფლება: გადავიდეთ იმ ლურჯ-ყვითელ სპილოზე, რომელიც ამდენი ხანია ოთახშია და არ შევიმჩნიეთ - უკრაინაზე. რას ნიშნავს ეს ახალი სტრატეგია უკრაინისთვის, განსაკუთრებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე?
ენტონი გლისი: მილიონზე მეტი მოკლული ან დასახიჩრებული რუსი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ამ სრულიად გიჟურ ომში კიდევ ერთხელ ცხადყოფს მარტივ ჭეშმარიტებას: პუტინი მკვლელი ტირანია, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე - იქნება ეს უკრაინელის თუ საკუთარი მოქალაქის - არაფრად უღირს.
მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ვერ გამოსდის უკრაინის ომიდან საბოლოოდ გამოთიშვა, ისინი თითქოს ნელა, ტაატით, მაგრამ მაინც იგებენ, წინ მიიწევენ.
რატომ განვითარდა ასე მოვლენები? ამას ბევრი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ამდენად მტრულად იქნებოდა განწყობილი სუვერენული უკრაინული სახელმწიფოს იდეის მიმართ.
პუტინი ტრამპს ყოველდღე ჩასჩურჩულებს: „უკრაინელები "ლუზერები" არიან, შანსი არ აქვთ, აგებენ, ჩვენ კი წინ მივიწევთ. უკრაინა რეალურად რუსეთის ნაწილია, ეს ომი უაზროა“. და ვფიქრობ, ტრამპმა ეს დაიჯერა - მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საუკეთესო დიპლომატები უმტკიცებდნენ და დღემდე უმტკიცებენ საპირისპიროს.
ამიტომ, ალბათ, ძალიან მძიმეა ამის გაჟღერება, ძალიან უსამართლოც, მაგრამ ალბათ დროა, ზელენსკიმ დონბასი და სხვა ტერიტორიები რუსეთს დაუთმოს, სანაცვლოდ კი მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარანტია - ფრანგული, გერმანული და ბრიტანული მშვიდობისმყოფელებით უკრაინაში - რათა ეს გადაწყვეტილება უკრაინელებისთვის როგორმე მაინც მისაღები იყოს. უკრაინელებს, რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი გაკეთება არ უნდათ.
ზელენსკის ეუბნებიან: "6 თვეში შეთანხმებაც ბევრად უარესი იქნება და თანც ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპება.“ ზელენსკის მოუწევს ამ მწარე აბის გადაყლაპვა, და ეს აბი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან ამით ზელენსკის პრეზიდენტობა, ალბათ, დამთავრდება...
რადიო თავისუფლება: და ეს გარანტია რამდენად რეალურია? ცოტა ხნის წინ უიტკოფის და კუშნერის გეგმა რომ გამოქვეყნდა, გარანტიასთან ყველაზე ახლო, რაც წინადადებებში ფიგურირებდა, იყო დაუსაბუთებელი „დაპირებები“ [assurances] - რამაც ბევრს ბუდაპეშტის ავბედითი მემორანდუმი მოაგონა. სად არის ეს გარანტიები? რამდენად მოსალოდნელია, რომ უკრაინა მათ მართლაც მიიღებს?
ენტონი გლისი: იცით, როგორც მარკ ტვენი ამბობდა - „არასოდეს იწინასწარმეტყველო არაფერი, განსაკუთრებით კი… მომავალი“. შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რა დევს ახლა მაგიდაზე. და ვფიქრობ, დღეს მაგიდაზე რაც დევს, საკმაოდ არაორაზროვანია.
ის, რასაც კირ სტარმერი, მაკრონი და მერცი ეუბნებიან ზელენსკის, ალბათ, ასე ჟღერს:
„გვისმინე - ეს ჩვენც ისევე გვზარავს, როგორც შენ. მაგრამ სხვა გზა აღარ არის. დღეს რასაც გთავაზობენ, უკეთესია, ვიდრე ის, რასაც 6 თვეში შემოგთავაზებენ. 6 თვეში შეთანხმებაც ბევრად უარესი იქნება და თანაც ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპება. და ამას ვერცერთი პრეზიდენტი ვერ აიღებს საკუთარ თავზე.“ ზელენსკის მოუწევს ამ მწარე აბის გადაყლაპვა, და ეს აბი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს - რადგან ამით ზელენსკის პრეზიდენტობა ალბათ დამთავრდება.
ახლა, ალბათ, მკითხავთ: „განა შეგვიძლია პუტინს ვენდოთ, რომ მოცემულ სიტყვას შეასრულებს?“ - რა თქმა უნდა, არა. ისტორია მკაფიოდ გვეუბნება, რომ ის არ ასრულებს დაპირებებს.
მაგრამ რაც შეიცვალა - ან შეიძლება შეიცვალოს - არის ევროპის პოლიტიკური ლიდერობა.
შედარებისთვის, ისევ მერკელს დავუბრუნდეთ - ის ძალიან რთული ფიგურა იყო: მისი პოლიტიკური კარიერის საწყისი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურ რეჟიმში ჩამოყალიბდა. ბერლინის კედელი რომ არ ჩამოშლილიყო, ფრაუ მერკელი - უდიდესი ალბათობით უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკოსი - აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტბიუროს წევრი იქნებოდა.
და იქ, იმ სამყაროში, შენს ქვეცნობიერებაში ილექებოდა განცდა, რომ რუსეთი შენი „მცველი“ იყო, შენი უსაფრთხოების წყარო და გარანტორი.
დღეს კი სხვანაირი ლიდერები გვყავს. მაკრონი სხვა ტიპის ფიგურაა, მერციც. და ვინც ბრიტანეთის ლიდერი გახდება - კემი ბადენოხსაც კი - მოუწევს, ევროპის სცენაზე იდგეს და არა რუსეთისკენ.
აი, რა მიტეხს ძილს: ის, რომ როცა ჩემი შვილიშვილები გაიზრდებიან, ისინი ან რუსული დიქტატით იცხოვრებენ, ან რუსეთთან ომში...
რადიო თავისუფლება: კი, მაგრამ მაკრონი მალე აღარ იქნება პრეზიდენტი. და გერმანიას კი, როგორც თავად თქვით, კიდევ დიდხანს მოუწევს წარსულ შეცდომებთან გამკლავება. ამ პირობებში ზელენსკის რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს?
ენტონი გლისი: არც აქვს. და ეს მოსვენებას არ მაძლევს. გულწრფელად ვამბობ, ღამით ძილი მიჭირს იმ ფიქრით, რა ელოდება მამაც უკრაინელ ხალხს - და შესაბამისად, მთლიანად ევროპას.
ყოველდღე ვხედავთ, რომ დასავლეთ ევროპის მოსახლეობას - ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში - სირაქლემასავით თავი ქვიშაში აქვთ ჩარგული, არ სურთ მოისმინონ პუტინის პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ნათქვამი: რომ მისი მთავარი სურვილი არის იმ გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
მან ღიად განაცხადა: არ სურს, რომ 1997 წლის შემდეგ ნატოში მიღებული ქვეყნები ალიანსის წევრებად დარჩნენ. და როცა უკრაინას გადაყლაპავს, დაიწყებს ყველა 1997 წლის შემდგომი ქვეყნის - მათ შორის პოლონეთის - შთანთქმას.
ეს მხოლოდ ბალტიის პატარა ქვეყნები აღარ არის - საუბარია დიდ, მნიშვნელოვან სახელმწიფოებზე.
აი, რა მიტეხს ძილს: ის, რომ როცა ჩემი შვილიშვილები გაიზრდებიან, ისინი ან რუსული დიქტატით იცხოვრებენ, ან რუსეთთან ომში.
რუსები არ არიან „უძლეველი ტიტანები“. ჩვენ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ – თუ მათი МиГ-ები განზრახ, დემონსტრაციულად დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, უნდა ჩამოვაგდოთ...
რადიო თავისუფლება: დავაკონკრეტოთ - რომელი ქვეყანა მიგაჩნიათ პუტინის შემდეგი სამხედრო აგრესიის ყველაზე რეალურ სამიზნედ? პოლონეთი, ბოლოს და ბოლოს, ევროპის ერთ-ერთი დიდი და კარგად მომზადებული ქვეყანაა, ასე რომ, პუტინი ალბათ ეცდება მანამდე უფრო სუსტი სამიზნე მოძებნოს, არა? და როგორი იქნება დასავლეთის, უფრო სწორად კი, ევროპული პასუხი პუტინის ახალ აგრესიაზე?
ენტონი გლისი: მოვლენების განვითარებას ასე ვხედავ: ჯერ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, რომლის შემდეგაც პუტინს ლეგიტიმურად შერჩება ყველაფერი, რასაც ბრძოლის ველზე დაეუფლა – და, შესაძლოა, კიდევ მეტიც – სანაცვლოდ იმისა, რომ ცეცხლი შეწყდეს. შემდეგი ეტაპი იქნება დროებითი, მყიფე მშვიდობა; ამან შესაძლოა, რამდენიმე წელი გასტანოს. ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით, პუტინი მიუბრუნდება უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და საბოტაჟის ტაქტიკას – გამოიყენებს კრემლის უბის წიგნაკში არსებულ ყველა მახინჯ და მავნე ტრიუკს: მოწამვლას, დესტაბილიზაციას და ასე შემდეგ.
ამავდროულად, ველოდები, რომ იგი უფრო აგრესიულ, ინტენსიურ სადაზვერვო-დივერსიულ ზომებს მიმართავს ბალტიის რესპუბლიკების და პოლონეთის წინააღმდეგ; ფაქტობრივად გარდაუვალია, რომ გერმანიის პოლიტიკაშიც ეცდება ჩარევას – შეეცდება დესტაბილიზაციას.
მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინს ასე უნდა და ასე გეგმავს, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. რუსები არ არიან „უძლეველი ტიტანები“. ჩვენ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ – თუ მათი МиГ-ები განზრახ, დემონსტრაციულად დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, უნდა ჩამოვაგდოთ. თუ ასეთ პასუხს არ გავცემთ, ეს ინციდენტები გახშირდება. სწორედ ასეთი, უფრო „ღონიერი“ ევროპული ნატო შეძლებს პუტინის შეკავებას.
ფორუმი