Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წერდნენ და ხატავდნენ ცნობილ პლაკატებს დემონსტრანტები


დღეს, გუშინ, გუშინწინ და იმის წინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის გარშემო, ვერ წაიკითხავდი პლაკატს, მაგალითად, ასეთს, ბანალურს: „საქართველო ევროპისკენ“, „გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს“, „წინ ევროპისკენ“ და ა.შ.

ამ დღეებში, რუსთაველი ისეთი შინაარსის პლაკატების საგამოფენო სივრცედ იქცა, რომელიც აქამდე აქციებზე არ გვინახავს. აი, ზუსტად ისე შეგეძლო დაგეთვალიერებინა ეს პლაკატები, შეჩერებულიყავი მათ წინ, წაგეკითხა და მერე ფოტო გადაგეღო, როგორც, რა ვიცი, სადმე გალერეაში გამოფენილი ექსპონატებისთვის.

„აგენტების“ კანონმა და პროტესტმა ამ დღეებში სრულიად ახალი, თვისობრივად განსხვავებული, კონკრეტული, ხშირად პირადი ამბებით გაჯერებული პლაკატები და გზავნილები წარმოშვა, რომელიც გადამდები აღმოჩნდა დემონსტრანტებისთვის და საბოლოოდ, პლაკატების ერთ დიდ და მრავალფეროვან ექსპოზიციად იქცა.

„საპატრიარქომ წყლის ჭავლი მაინც გვიკურთხოს, არ გავცივდეთ”, „მათ ცადეს ჩვენი დამარხვა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ თესლები ვართ“, „300 არაგველი, 76 გველი“, „მეგრელების წიწაკის არ გვეშინია“, „ჩემ ქმარს ჩემი არ ეშინია, წიწაკის სპრეით ვერ შეაშინებთ“, „ხალხი მარსზე მიდის და მე გიჟი ვარ, მოსკოვში წავიდე?“ „ალო, 112-ია, 76 ვართ, რაღაც კანონი მივიღეთ და სუყველას დედა გვაქვს მოტყ...“, „ბებიაჩემის ნასროლი ჩუსტის უფრო მეშინია, ვიდრე თქვენი“ ... და ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ პლაკატების, რომლებიც რუსთაველზე მისულებს ზოგს გულზე ეკიდა და ზოგს ყველას დასანახად, ხელებაწეულს, ზევით ეჭირა.

წყლის ჭავლთან მოთამაშე წითელშარვლიანი გოგო
წყლის ჭავლთან მოთამაშე წითელშარვლიანი გოგო

ახალმა თაობამ, GEN Z-ის (1997-2012) თაობამ, რომლებიც აქამდე ნაკლებად ჩანდნენ აქციებზე და მათ ხშირად აკრიტიკებდნენ ინერტულობის გამო, იმის გამო, რომ მათი ხმა არ ისმოდა საპროტესტო აქციებზე, საკუთარი ძალა და ხმა სწორედ ბოლო დღეებში, მარტის აქციებზე გამოაჩინეს და ისეთი საპროტესტო ხატები შექმნეს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს საპროტესტო აქციების ისტორიაში, ერთ-ერთ მთავარ ადგილს დაიკავებს - წყლის ჭავლთან მოთამაშე წითელშარვლიანი გოგო, სპეცრაზმელების წინ, „სქროლით“ მოსეირნე ბიჭი, გამაყრუებელ სირენაზე აცეკვებული დემონსტრანტები და, რაც მთავარია, გზავნილები - რომ მათ არ ეშინიათ.

„ვერ მომწამლავ შენი გაზით, იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი უფრო ტოქსიკური იყო“

ეს ლაშა მღებრიშვილია. 19 წლის. აი, ზუსტად ის, ვისაც ტიკ-ტოკერებს უწოდებენ - კონტენტ კრეატორი. 9 მარტს პარლამენტის წინ ამ პლაკატით რომ გამოჩნდა, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში - სარკაზმი, ცოტა პირადი ისტორია და მისმა გზავნილმა მიზანს მიაღწია.

ლაშა მღებრიშვილი
ლაშა მღებრიშვილი

პლაკატი ინგლისურ ენაზე სპეციალურად დაწერა. სახლში დაბრუნებულმა ყოფილი შეყვარებულისგან მესიჯიც მიიღო: „რა იყო ახლა ეს?“ და ღიმილის „სმაილები“. ლაშამ პასუხად „გული“ დაუბრუნა:

„მგონი, რომ არ სწყენია“, - მეუბნება.

„მეც, სხვებივით ვიფიქრე, რომ სუბიექტური, თემატური მესიჯი უნდა გამეკეთებინა, რასაც ყველა გაიგებდა და იქნებოდა მარტივი და პირდაპირი. მეც მომიწია, გამომეყენებინა ჩემი პირადი ამბავი. ვიცოდი, რომ ეს პლაკატი ბევრის ყურადღებას მიიქცევდა. მინდოდა, რომ პლაკატის შინაარსი სხვებისთვისაც გადამდები ყოფილიყო და ეგრძნოთ ის ემოცია, რასაც მე ვგრძნობდი - თან ბრაზი და თან ირონია. ადგილობრივებთან ერთად ძალიან ბევრი ტურისტი მაჩერებდა, მიღებდნენ ფოტოებს“.

„ნაცებთან ერთად ვერ დავდგები“ გამართლება არაა, მე ჩემს ყოფილთან ერთად ვდგავარ“

თათო ქარჩავას ამ პლაკატის ინსპირაცია ლაშას პლაკატი გახდა, რომელიც თათომ მეგობრების საერთო ჩათში ნახა:

თათო ქარჩავა
თათო ქარჩავა

„ვიფიქრე, რომ ჩემი პირადი ისტორიიდან გამომდინარე, მეც შემეძლო მსგავსი პლაკატის დაწერა, ჩემს ამბავსაც ესადაგებოდა. საბოლოოდ იუმორში გადავიტანე ჩემი და ბევრის სათქმელი და აღმოჩნდა, რომ გაამართლა“.

26 წლის თათო, რომელიც პროფესიით მარკეტინგის მენეჯერია, მარტის აქციებზე პირველად გამოჩნდა ე.წ. არატრადიციული პლაკატით. საპროტესტო თუ სოლიდარობის აქციებზე მანამდე ის ძირითადად დროშებით დადიოდა ხოლმე:

„მართალია არ ვარ GEN Z, ვარ მილენიალი, მაგრამ აქტიური ვარ ტიკ-ტოკზე, მყავს ბევრი გამომწერი, ვარ იქ, სადაც ამ თაობის და მათი ტრენდების პლატფორმაა. ზუსტად ის ტრენდები, ე.წ. ჩელენჯები, რაც ტიკ-ტოკისთვისაა დამახასიათებელი, ამ ადამიანებმა ქუჩაში, აქციებზე გადმოიტანეს. თუკი აქამდე მათ თითქოს აქილიკებდნენ, ტიკ-ტოკერების თაობას აბუჩად იგდებდნენ, ახლა ყველამ დაინახა, რომ ისინი ტიკ-ტოკზე მხოლოდ ტრენდულ ცეკვებს თუ გამოწვევებს არ ასრულებენ. იუმორი და ხალისი ალბათ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეიტანო და სწორედ ამ აქციებმა გამოაჩინა, რა ძალა აქვს იუმორის, სიმსუბუქისა და მასთან ერთად შეუპოვრობის სინთეზს, რამდენად განსხვავებულად და ეფექტურად აზროვნებენ ეს თაობა“.

„სირენებისა და კვამლის გამო კლუბებში დავდივართ ყ..ო“

21 წლის იაკობ ჯანგავაძე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტია. ეს პოსტი ორი დღის წინ, ფეისბუკზე დაწერა. მეორე დღეს კი მისი გზავნილი აქციის მონაწილეებმა პლაკატად აქციეს.

იაკობ ჯანგავაძე
იაკობ ჯანგავაძე

„ამ პოსტის და შემდეგ უკვე პლაკატის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ხელისუფლებას კარგად გაეცნობიერებინა, რომ ჩვენ, ამ თაობას, ვერ დაგვიპირისპირებენ იმ მეთოდებს, რომელსაც ბოლო წლებში აქციების დასაშლელად იყენებდნენ. ეს აქციები, ამ აქციების მთავარი გმირები გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე წყლის ჭავლი და მხუთავი აირი. სისტემისთვის უნდა მეთქვა, რომ ვერც წყლის ჭავლით და ვერც მხუთავი აირით ვერ შეგვაჩერებდნენ და თუ კიდევ რაიმე ახალს გამოიგონებდნენ, მასაც აუცილებლად ვუპოვიდით გასაღებს და მასაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებდით. ეს ჩვენთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. ეს იყო GEN Z-ის ხმა იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც უქმნის საფრთხეს ჩვენს ევროპულ მომავალს. სწორედ ამის პასუხი იყო ის, რაც გააკეთა GEN Z-იმ“.

„თქვენ გაგიწვიათ ეშმაკმა“

ანა ლობჟანიძეს, როგორც აქტივისტსა და ქალთა უფლებადამცველს, აქციებზე სიარულის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აქციაზე პლაკატით გასვლა გადაწყვიტა. განსხვავებული შინაარსის პლაკატების ტალღა მასაც გადაედო.

პლაკატი შინაარსით „თქვენ გაგიწვიათ ეშმაკმა“, სახლიდან გასვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე დაწერა. წინასწარვე იცოდა, რომ პლაკატი არ უნდა ყოფილიყო ბანალური შინაარსის, მას ყურადღება უნდა მიექცია, იუმორითაც უნდა ყოფილიყო გაჯერებული და, რაც მთავარია, ზუსტად უნდა ეთქვა სათქმელი ხელისუფლებისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა, მაგრამ, ერთი მხრივ, საერთაშორისო წნეხისა და, მეორე მხრივ, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების ფონზე, იძულებული გახდა ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ორ დღეში უკანვე გაეწვია:

ანა ლობჟანიძე
ანა ლობჟანიძე

„მინდოდა ამ პლაკატით რაღაცნაირად ისიც მეთქვა, რომ აი, ხომ მაინც გავიტანეთ ჩვენი. ყველაზე კარგი იცით რა იყო? ხალხის რეაქცია. შექმნილი სიტუაციის გამო, გარშემო ყველა შეწუხებული და აფორიაქებული იყო, მაგრამ ჩემს პლაკატს რომ დაინახავდნენ, ხარხარი უტყდებოდათ. GEN Z თაობამ სულ სხვა თვალით დაინახა და ჩვენც სხვა თვალით დაგვანახა ეს პროცესები. ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, როგორც წესი, სტანდარტულად ვუყურებთ ხოლმე, მაგრამ მათ ეს სტანდარტები და ჩარჩოები დაანგრიეს“.

„კოვზი მოგიტანეთ“

აქტივისტი მარიამ ყანჩაველი, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 10 მარტს ორსიტყვიანი პლაკატით და ხის კოვზით მივიდა. პლაკატზე სულ ორი სიტყვა ეწერა: „კოვზი მოგიტანეთ“.

10 მარტს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

„ცენზურა უნდა დავიცვა? იქნებ პირდაპირ ვთქვა?“, - მეკითხება მარიამი, „მძ...ს ჭამენ და კოვზი მოვუტანე“, - ასე მიხსნის თავისი გზავნილის შინაარსს:

მარიამ ყანჩაველი
მარიამ ყანჩაველი

„აქტივიზმში თვითცენზურა არ შეიძლება. GEN Z-იმ სულზე მოგვისწრო. ეს არ არის ის თაობა, რომელიც ბოდიშს მოიხდის, გაჩუმდება და ცენზურას დაიცავს. ეს არის თავისუფალი თაობა, სხვა რეალობაში გაზრდილები, მათ ზუსტად იციან, რა უნდათ, რა უნდა თქვან და როგორ. 2017 წელს, როცა ქალთა მარშზე მქონდა პლაკატი „ფუჩუ LIBERATION“, მაშინ ამ ამბავს ჯოჯოხეთი მოყვა. მახსოვს, ქუჩაში გამოსვლაც კი საშიში გახდა. რამდენჯერმე ცხელი ყავა შემასხეს სახეში. და აი, რამდენიმე წელში დადგა ის მოცემულობა, რომ ამ ტიპის პლაკატები აღარ გვიკვირს. სიტყვებს ტაბუ მოეხსნა და ეს ამ თაობამ მოახერხა“.

„თქვე ჩემის 78-იანებო“

არაერთხელ მდგარა საპროტესტო აქციებზე ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი.

აქციაზე პლაკატით ხელში იდგა ის 10 მარტსაც. იმ აქციაზე, სადაც მარტის დემონსტრანტებმა „აგენტების“ კანონპროექტის ჩაგდება გამარჯვების ხმაურით აღნიშნეს.

მის პლაკატს კონკრეტული ადრესატები ჰყავს. ის 76+2 დეპუტატი, რომლებმაც 7 მარტს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს:

ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი ხვადაგიანი

„ეს არის მესიჯი იმ 78 მონის მიმართ, რომლებმაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორ დღეში ალოკეს საკუთარი გადაფურთხებული. ახალმა თაობამ ალბათ ეს ფრაზა არ იცის, მაგრამ წარსულში, არსებობდა ერთი ასეთი ფრაზა, „შე ჩემის 18-იანო“*, ეს ფრაზა ქუჩური მენტალიტეტის მქონე ე.წ. პარლამენტარებისთვისაა გასაგები. ფრაზა მოდიფიცირდა და გაჩნდა მისი ახალი ვერსია, „თქვე ჩემის 78-იანებო“.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, მარტის აქციებზე თანამედროვე ახალი ქართული იდენტობა დაიბადა:

„დამოუკიდებლობაში დაბადებულმა და გაზრდილმა თაობებმა აჩვენეს და თქვეს საკუთარი სათქმელი და ეს გააკეთეს სრულიად გულწრფელად, ემოციურად. ეს იყო უძლიერესი, იკონური მესიჯები, რომლებიც მთელმა სამყარომ დაინახა. მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ერი და ჩვენ გავიმარჯვებთ. იმდენი სიმბოლური და გულწრფელი სცენა შექმნეს ამ დღეებში ახალგაზრდებმა, რომ მართლა ათწლეულების განმავლობაში ეყოფა ეს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას. ვიზუალური სიმბოლური გამოხატვის აქტები, ათწლეულების განმავლობაში გაუმაგრებს ზურგს ამ ქვეყნის დემოკრატიულ თავისუფალ მომავალს“.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უკან გაეწვია, რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

*„შე ჩემის თვრამეტიანო არსებობს იმ დროიდან, რაც ქვეყანაში, უპირველესად კი თბილისში, თანამედროვე ავტომანქანები მომრავლდა. ყოველ მძღოლს უკვე საბარგულში ედო იმ ხელსაწყოების ყუთი, რომლითაც გზაზევე შეაკეთებდა მანქანას. ყუთის შემადგენლობა თანდათან რთულდებოდა და ქანჩის გასაღებებსაც, სახალხოდ კლუჩებად წოდებულს, თავისი სახლები ჰქონდა, თუმცა, მძღოლები მათ უფრო ნომრებით იხსენიებდნენ. არსებობდა და არსებობს ასეთი კლუჩი, თვრამეტმილიმეტრიანი ქანჩის მომჭერი. თვრამეტიანი თავისებური იერისა იყო და ამიტომაც მიიქცია ქუჩის ენის ყურადღება და მძღოლთა წარმოსახვის ერთი მოსახვევიც დაგვანახა: ამ ხელსაწყოს ერთ ბოლოზე გახსნილი პირი ჰქონდა, მეორეზე – ტეხილად თავშეკრული. სწორედ ამ თავშეკრულმა პირმა შვა გამოთქმა. შე ჩემის თვრამეტიანო-ს დაბადებაში ალბათ ცოტა ხუმრობაც ერია, მაგრამ ის სრულად იმეორებს დამცირების და შეურაცხყოფის შეჩემურ ფორმას“ - აკა მორჩილაძე, „ლალა და თვრამეტიანი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG