Accessibility links

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი შეზღუდვები დარჩა


მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, აღარ მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.
  • მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.
  • დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“); სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.
  • დასაშვებია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციულად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
  • გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.
  • მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
  • საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
  • ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
  • სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
  • სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
  • კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
  • შეზღუდულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
  • დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.
  • სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG