Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პირველივე გასროლით მივხვდი, რომ ეს იყო იარაღი" - თავდასხმები საჯარო სივრცეებში


გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული დანაშაულების ფაქტები
გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული დანაშაულების ფაქტები

მოსაშვილის 11 ნომერში მდებარე რესტორანი „სტრადა“, სადაც 25 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, დღეს ჩვეულებრივად მუშაობს.

რესტორნის ღია სივრცეში, სადაც რამდენიმე საათის წინ სროლის ხმა ისმოდა და ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული, ახლა კვლავ სტუმრები სხედან. იმ მაგიდასთანაც, სადაც გუშინ დამიზნებით ესროლეს ახალგაზრდა კაცს.

რესტორანი "სტრადა"
რესტორანი "სტრადა"

მოსაშვილის ქუჩაზე არც სხვა რესტორნებისა და კაფეებისთვის შეცვლილა რამე.

ვაკის პარკის შესასვლელის გასწვრივ მდებარე ამ პატარა ქუჩისთვის, სადაც დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში, ქუჩის ორივე მხარეს, კვების 9 ობიექტია, ეს ყოველდღიური რუტინაა. დღის განმავლობაში, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში, ამ ქუჩაზე ათეულობით ადამიანი იყრის თავს, მათ შორის ბავშვები.

მოსაშვილის ქუჩა
მოსაშვილის ქუჩა

აქვე, 150-170 მეტრში მდებარეობს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბინა, სადაც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები.

რა მოხდა მოსაშვილზე?

25 მაისს, საღამოს შვიდი ხდებოდა, ნინო ჟვანიამ სოციალურ ქსელში რომ დაწერა, მოსაშვილზე სროლა იყო და კაფეებში მსხდომი ხალხი მაგიდების ქვეშ ვიმალებოდითო.

რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ მოსაშვილის 11 ნომერში, რესტორან „სტრადას“ ღია სივრცეში, ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გასროლით დაჭრა 26 წლის ახალგაზრდა. მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრილი კაცი ყოფილი ფეხბურთელი, გუგა ფირცხალავაა.

თავდასხმა მოსაშვილის ქუჩაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:07 0:00

თავდასხმა დეტალურად აღწერა „სტრადას“ სათვალთვალო კამერამ, რომლის კადრებიც მალე გავრცელდა მედიასა და სოციალურ ქსელში - ღია ტერასის შესასვლელში, ოთხადგილიან მაგიდასთან ზის სამი ახალგაზრდა, მათგან სამ-ოთხ მეტრში, ქუჩის მხრიდან ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც პისტოლეტის ტიპის იარაღიდან ისვრის სწორედ ამ მაგიდის მიმართულებით.

სამივე მამაკაცი გარბის. რამდენიმე წუთში ირკვევა, რომ მათგან ერთ-ერთი დაჭრილია.

რა გახდა 25 მაისს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ახალგაზრდა კაცზე თავდასხმის მოტივი, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას არ აკეთებს.

უწყებაში, ამ დრომდე, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

თავდამსხმელი, რომელმაც 25 მაისს საჯარო სივრცეში კაცი დაჭრა, დაკავებული არ არის.

ტვ პირველის ინფორმაციით, თავდამსხმელი ისევე, როგორც დაჭრილი გუგა ფირცხალავა, ყოფილი ფეხბურთელია და თავდასხმა ერთ დროს თანაგუნდელებს შორის, წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

იმ დროს, როცა „სტრადაში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, რესტორნის ღია და შიდა სივრცეში, 8-10 მაგიდა იყო დაკავებული, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სტრადას“ თანამშრომელი.

სათვალთვალო კამერაში ჩანს, რომ ტერასაზე, სულ მცირე, ორი ბავშვია, რომლებიც სროლისას გარბიან. მათ გარდა, ტერასაზე დაახლოებით კიდევ 15-16 ადამიანია, რომელთაგან ერთი თავდამსხმელის სამიზნეა. რესტორნის სტუმრების მეორე ნაწილი, რომლებიც არ გარბიან, მაგიდების ქვეშ აფარებენ თავს.

ნინო ჟვანია, რომელმაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მოსაშვილზე სროლის შესახებ, „სტრადას“ გვერდით, დაახლოებით 15 მეტრში მდებარე სხვა კაფეში, მეგობართან და მეგობრის 4 წლის შვილთან ერთად ვახშმობდა. სროლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ იქ მყოფები იატაკზე დაწვნენ და მაგიდების ქვეშ შეძვრნენ.

25 მაისის ღამეს, ნინო რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც ვაკის პარკის მიმართულებით გაქცეული თავდამსხმელი დაინახა.

ამბობს, რომ სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავთ 25-27 წლის ახალგაზრდა, რომელიც გარდა „სტრადას“ და იქ მდებარე სხვა კაფე-რესტორნების კამერებისა, ასევე დააფიქსირა ვაკის პარკში მდებარე სათვალთვალო კამერებმა:

ნინო ჟვანია, თვითმხილველი
ნინო ჟვანია, თვითმხილველი

„სხვადასხვა ფოტო მანახეს. ერთ-ერთში გარკვევით ჩანდა მისი სახე. სამართალდამცავმა მითხრა, რომ ეს ფოტო ვაკის პარკის ტერიტორიის კამერით იყო გადაღებული. აქედან შევიტყვე, რომ ეს პირი გაქცევის შემდეგ ვაკის პარკის ტერიტორიაზე შევიდა. სამართალდამცავებმა იციან, ვინ არის ეს პიროვნება“.

ნინოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სროლის მომენტი არც მას და არც იმ კაფეში მსხდომ სხვა სტუმრებს არ დაუნახავთ, ბოლო პერიოდში, საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში გახშირებული თავდასხმების გამო, ყველამ მაშინვე გააცნობიერა, რომ მოსაშვილის 11 ნომერში, იმ მომენტში არც ფოიერვერკს ისროდნენ და არც მანქანის საბურავი გამსკდარა:

„პირველივე გასროლიდან მივხვდით, რომ ეს იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ისროდნენ ჩვენგან 10 მეტრში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მსგავსი სიტუაციები თითქოს ჩვენს თანმდევ პროცესად იქცა. ამ ტიპის ხმა რომ გესმის, უკვე ხვდები, რომ ეს ფოიერვერკი არ უნდა იყოს. მეგობრებმა ჩემი პოსტის ქვეშ ხუმრობითაც კი მომწერეს, რა გინდოდათ ბავშვთან ერთად ვაკეშიო”.

25 მაისის საღამოს, „სტრადაში“, სწორედ იმ მაგიდასთან იჯდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის 21 წლის შვილი, რომელი მაგიდის მიმართულებითაც გაისროლა თავდამსხმელმა. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციაში გამოკითხვაზე:

ნინო ზამბახიძე
ნინო ზამბახიძე

„ძალიან მძიმეა, როცა უყურებ ასეთ კადრს. ტყვიამ შეიძლება იმსხვერპლოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც კაფეში, დღისით, მზისით, დასასვენებლადაა გამოსული. ამ შემთხვევაში, ჩემი შვილი მიუჯდა თავის მეგობრებს და ზუსტად 10 წუთში მოხდა თავდასხმა. კადრიდან ისე ჩანს, რომ პირდაპირ ესვრის ჩემი შვილის მეგობარს.

რა იყო მიზეზი, ვინ იყო ეს ახალგაზრდა, წარმოდგენა არ გვაქვს. მეც ველოდები გამოძიებას და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად მოახდენს გამოძიება რეაგირებას, რადგან ეს არ არის ერთი ადამიანის ისტორია, ეს არის პრობლემა, რომელიც ყველას მოსაგვარებელია და მარტო სახელმწიფო უძლურია. ადამიანების უსაფრთხოება საჯარო სივრცეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

26 წლის ახალგაზრდა მუცელსა და ზურგშია დაჭრილი. მას გადაუდებელი ოპერაცია ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მოსაშვილის ინციდენტი მხოლოდ ერთ-ერთია ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში მომხდარ თავდასხმებს შორის. იმ თავდასხმებს შორის, რომლებიც მოხდა მათ შორის, ქალაქის ცენტრში, საჯარო სივრცეებში, იქ სადაც რიგითი მოქალაქეები, ბავშვები დადიან.

ამ ფაქტებს კარგად აღწერენ სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც სროლის დროს, ქუჩაში მყოფი გამვლელები ან გაქცევით ცდილობენ თავის გადარჩენას, ან იქვე მდგომ მანქანებს, ხეებსა თუ მაგიდებს ეფარებიან.

რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა თბილისის ცენტრსა და მის შემოგარენში მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ თავდასხმას, რომლებსაც ბოლო ორ წელში არაერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაიჭრა რამდენიმე პირი, მათ შორის, რიგითი გამვლელიც.

საჯარო სივრცეებში ჩადენილი დანაშაულების პარალელურად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ „ქვეყანაში კრიმინალი დაკლებულია“ და, რომ ამაზე კონკრეტული მონაცემები და რიცხვები მეტყველებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა 5 მაისს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმიდან მეორე დღეს.

„შარშან, მაგალითად, პირველად იყო, რომ წელიწადში 74 მკვლელობა მოხდა. 2012 წლამდე კი ეს მაჩვენებელი იყო 300-330 შემთხვევა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 მკვლელობა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა? ეს უბედურებაა, არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ და ტყუილი უთხრათ. ციფრები დევს ჩვენ საიტზე, შეხედეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი? მე გელაპარაკებით ციფრებით, ფაქტებით და თქვენ გინდათ 50-იანები, გინდათ 90-იანი წლები დაარქვით. ფაქტები მომიყვანეთ და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“.

მკვლელობა ფიქრის გორაზე

ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული დამნაშავე
სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული დამნაშავე

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

2022 წლის 15 აპრილს, თბილის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამნაშავეებად ცნო ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის ტარების მუხლით. სასჯელის ზომად ალეკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელია

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ცხრატომიანი საქმიდან ცალკეა გამოყოფილი საქმე, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰყავდა თუ არა 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას დამკვეთი და მოქმედებდნენ თუ არა ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თანამზრახველებთან ერთად.

მკვლელობა გაზაფხულის ქუჩაზე

რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ანასტასია შატალოვა 2021 წლის 18 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე, გაზაფხულის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, დაახლოებით 00:30 წუთზე მოკლეს.

ანასტასია შატალოვა
ანასტასია შატალოვა

გამოძიების თანახმად, მას ბაჩუკი ლატარიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები. შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებამ ქალის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიის თანახმად, ბაჩუკი ლატარია და ბიძინა ხასაია ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბაჩუკი ლატარია კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაბრუნებას დაელოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ბევრჯერ ესროლა და ბიძინა ხასაიასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ლევან რაჯავს, გამოძიების თანახმად, სწორედ მასთან აფარებდა თავს ბიძინა ხასაია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 2022 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. ბრალდებულებს 20, 17 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სროლა და დაჭრა არაყიშვილზე

ძმები, გურამ და დავით კაკულიები გამოძიებამ 2022 წლის 29-30 მაისის ღამეს დააკავა.

გურამ და დავით კაკულიები სასამართლოს სხდომაზე
გურამ და დავით კაკულიები სასამართლოს სხდომაზე

ბრალდების თანახმად, დაკავებამდე სამი დღით ადრე, „27 მაისს, დაახლოებით 16:30 წუთზე, თბილისში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად, განზრახ მოკვლის მოტივით, სხეულზე არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენეს სერგო ქურთიაშვილს.

თავიანთი ქმედებით ბრალდებულებმა ასევე საფრთხე შეუქმნეს ადგილზე მყოფ სხვა პირებს, მათ შორის, ერთ-ერთს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, რომელსაც ფეხის არეში აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა“.

ძმების განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. ისინი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდებას, ეს ბრალდება მათ სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

ძმებ კაკულიებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გურამ და დავით კაკულიების სახელები ფიგურირებს რამდენიმე თვით ადრე მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეში.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ პირზე, ე.წ. კანონიერი ქურდ, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

ძმები კაკულიები აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორ პირს, გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით უკვე შეეფარდათ 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოკლულის ოჯახი დღემდე ითხოვს მკვლელობის დამკვეთთა გამოვლენასა და დასჯას.

მკვლელობა ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე

2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, ბაგებში, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ავტომობილში მოკლეს. ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლი ვაკე-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ლევან კაჭარავას დედა, ელენე მხეიძე აცხადებდა, რომ მისი შვილი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, რომელმაც საქართველო იმავე დღეს დატოვა:

„მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის", - ამბობდა მოკლული ბიზნესმენის დედა.

ლევან კაჭარავამ 1995–1996 წლებში დააფუძნა კომპანია „Silk Road Group“-ი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. 2006 წლიდან კაჭარავა გამოეყო „Silk Road Group“-ს და დააარსა კომპანიების ჯგუფი „MULTIPLEX“-ი, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოგისტიკა.

სხვადასხვა დროს იყო როგორც ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ (2012 წელს), ისე „ქართული ოცნების“ შემომწირველი (2017 წელს).

საჯარო რეესტრის მიხედვით, ლევან კაჭარავა წილებს ფლობდა 20-მდე კომპანიაში. ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2008 წელს თბილისის წყალმომარაგების კომპანიის, „თბილისის წყლის“ (დღეს "Georgian Water and Powers"-ი (GWP)) გაუმჭვირვალე პრივატიზების პროცესის ერთ-ერთი ფიგურანტიც იყო.

სროლა ჟვანიას ქუჩაზე

2023 წლის 8 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში 7 აპრილს გავრცელდა.

სროლა ჟვანიას ქუჩაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ავტომობილი გამიზნულად ეჯახება მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ვიდეოში ისმის სროლის და გინების ხმა. კადრები საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდანაა გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 აპრილს განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.

ორმხრივი სროლა და მკვლელობა გოგებაშვილზე

სროლა გოგებაშვილის ქუჩაზე 2023 წლის 4 მაისის საღამოს გაისმა.

რესტორან „ლა ვერასთან“ მყოფ გივი მარგველაშვილს, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა (როგორც შემდეგ გაირკვა, საბა გახოკია), რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სწორედ ამ დროს დაედევნა მას გივი მარგველაშვილის პირადი მცველი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, კახა კამლაძე და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა. კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

თავდასხმა გოგებაშვილის ქუჩაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გივი მარგველაშვილსა და საბა გახოკიას წლების განმავლობაში ჰქონდათ კონფლიქტი და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა.

მკვლელობიდან მალევე, მედიაში დაპირისპირების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ბიზნეს- და ფინანსური დავები. თუმცა, ამ ვერსიას მათი ოჯახების წევრები პირად საუბრებში კატეგორიულად უარყოფდნენ.

გამოძიებამ კახა კამლაძე ინციდენტის ადგილზე დააკავა, მას მიმალვა არც უცდია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თუმცა, ორ დღეში, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებული მუხლით წაუყენეს. მას გამოძიება „დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას“ ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG