Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ წინ წაიწია დონეცკში, კურსკის ოლქში კი დანაკარგით უკან დაიხია


უკრაინის მე-5 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ტანკ Leopard 1A5-ის ეკიპაჟი პოზიციებზე. დონეცკის ოლქი, 2025 წლის თებერვალი
უკრაინის მე-5 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ტანკ Leopard 1A5-ის ეკიპაჟი პოზიციებზე. დონეცკის ოლქი, 2025 წლის თებერვალი

17 თებერვალს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაახლა საბრძოლო შეტაკებების ქრონიკა, რომლის თანახმად განვლილ დღე-ღამეში მოწინააღმდეგეებს შორის 129 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ტრადიციულად, ყველაზე ცხელი რჩება პოკროვსკის მიმართულება, დონეცკის ოლქში, სადაც სადამკვირვებლო პორტალ DeepState-ის ცნობით, რუსეთის არმიამ ოთხი სოფლის მიმართულებით წინ წაიწია და კონტროლი დაამყარა სოფელ სრიბნეზე (რუსულად სრებრიანოე).

თავის მხრივ, დონეცკის მიმართულებაზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ხორტიციას" მებრძოლებმა გაათავისუფლეს პოკროვსკის მახლობლად მდებარე სოფელი პიშჩანე.

პარალელურად რუსეთი განაგრძობს გააფთრებულ იერიშებს კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინული ძალების პოზიციებზე. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს, რუსეთის სამხედრო სარდლობამ გადაისროლა ელიტური 155-ე ბრიგადა, რომელმაც უკრაინელთა საპასუხო ცეცხლის შედეგად ბრძოლის ველზე რამდენიმე ათეული ტექნიკა და მებრძოლი დატოვა.

ჩაფუშული შეტევა საბჭოთა პერიოდის "გამარჯვების დროშებით"

საომარი ქრონიკის თანახმად, უკრაინის ფრონტის ხაზს
ჯერჯერობით არ დასტყობია ომის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულების შესახებ გააქტიურებული საუბრები. მეტიც, რუსეთის არმია ფრონტის ხაზს მიღმაც განაგრძობს ავიაციით უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინის ძალებმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში ჩამოყარეს 83 დრონი, 59 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

რუსეთის დრონები მისწვდნენ კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონს, სადაც ოთხ რაიონში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთ საამქროსა და საწყობში. 15-მდე სახლი დაზიანდა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის რაიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა ტექნიკური მომსახურების სადგურს. დაზიანებულია შენობა და ტერიტორიაზე მყოფი ავტომობილები. მსხვერპლი არ არის.

17 თებერვალს, შუაღამის შემდეგ უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთსა და მის მიერ ანექსირებულ ყირიმს. დილით თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ილსკის რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, თუმცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ უხსენებია. გუბერნატორის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა 12 სახლი, დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის სარდლობამ დაადასტურა დრონებით შეტევა, რადგან რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

უკრაინის სარდლობის ცნობით, დრონებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებაში. სააგენტო "უნიანის" ცნობით, ეს მოხდა 16 თებერვალს, ხუტორ ნიკოლსკის მიმართულებაზე. უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებულ კურსკში, რუსეთმა "ელიტური" 155-ე ბრიგადა გადაისროლა იმ პოზიციებზე, რომელზეც უკრაინის ცალკეული მექანიზებული ბრიგადა "მაგურა" მოქმედებს.

უკრაინულმა ბრიგადამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ანადგურებენ უკრაინელი სამხედროები დრონების საშუალებით ოკუპანტების ცოცხალ ძალას და ტექნიკას, რომელიც საბჭოთა პერიოდის წითელი დროშებით მიდიოდა იერიშზე. ამასთან, რუსების ზოგიერთი ტანკი დანაღმულ მინდორზე ფეთქდება.

თუ რამდენი ჯარისკაცი და ტექნიკა დაკარგა 155-ე ბრიგადამ, უცნობია.

რუსეთის სარდლობა ამ წარუმატებელი ოპერაციის შესახებ დუმს. საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

პოკროვკსის მიმართულებაზე "გარკვეული გარდატეხა" შეიმჩნევა

უკრაინის და რუსეთის სამხედრო ცნობების თანახმად, ტრადიციულად ყველაზე მძაფრი შეტაკებები დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, კერძოდ, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ პოკროვსკის მიმართულებაზე მიმდინარეობს. ბრძოლის ველზე მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული არმია ერთ წელზე მეტია წინ მიიწევს აღმოსავლეთ უკრაინაში და ცდილობს, გაწყვიტოს პოკროვსკთან მისასვლელი.

15 თებერვალს რუსეთის არმიამ განაცხადა, რომ მან დაიპყრო სოფელი ბერეზივკა, რომელიც მდებარეობს პოკროვსკის მნიშვნელოვანი სამთამადნო ცენტრის საკვანძო ქალაქ კოსტიანტინივკასთან დამაკავშირებელ გზასთან.

ვებსაიტ DeepState-ის თანახმად, რომელიც ახლოსაა უკრაინის არმიასთან, რუსულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს გზაჯვარედინს პოკროვსკსა და კოსტიანტინივკას შორის გზაზე.

ვებსაიტის მიერ 17 თებერვალს განახლებული რუკის მიხედვით, რუსეთის არმიამ კონტროლი დაამყარა პოკროვსკის მიმართულებაზე მდებარე სოფელ სრიბნეზე (რუსულად სრებრიანოე) და წინ მიიწევს საავტომობილო გზა Т0515-ის გაყოლებით.

მაგრამ ინტენსიური იერიშების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალები ვერ ახერხებენ ნახევრად ალყაში მოქცეული და ნანგრევებადქცეული ქალაქ პოკროვსკის ბოლომდე აღებას. ოკუპანტებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ხორტიციას" და უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები.

"რუსები ძალიან სერიოზულად ცდილობდნენ ქალაქ პოკროვსკის მოქცევას ნახევარრკალში. მაგრამ გასულ თვეში მათ სერიოზული დანაკარგი განიცადეს სწორედ ამ მიმართულებაზე. ამ თვეში კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი შეტევა შევაჩერეთ, ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან კი უკუვაქციეთ", - განაცხადა დილის ეთერში "ხორტიციას" სპიკერმა ვიქტორ ტრეგუბოვმა.

მან ვითარება პოკროვსკის მიმართულებაზე აღწერა, როგორც "გარკვეული გარდატეხა", რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სოფელი პიშჩანეს გათავისუფლება უკრაინელი სამხედროების მიერ.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა კვლავ გაააქტიურეს იერიშები ხერსონის მიმართულებით და სცადეს დაეკავებინათ ქალაქის მახლობლად მდებარე კუნძულები. მაგრამ უშედეგოდ. უკრაინის არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ხერსონის" სპიკერმა, ლეიტენანტმა პაველ დროჰალმა ვიდეობრიფინგის დროს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 135 ჯარისკაცი და 53 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.

რუსეთის სამხედრო უწყებას ხერსონის მიმართულებით შეტევის შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია, ისევე როგორც არ ავრცელებს ცნობებს პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ.

მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო.

რაც შეეხება უკრაინის არმიის მხრიდან დანაკარგებს, სულ ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ იმყოფება.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის.

საბრძოლო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია კონფლიქტში მონაწილე მხარეების დანაკარგების ზუსტად შეფასება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG