Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის ჯარისკაცები თანამებრძოლებს სასიკვდილოდ იმეტებენ. რატომ?


მკვლელობის მცდელობები ხდება არა მხოლოდ რუს მობილიზებულ, არამედ დაქირავებულ სამხედროთა კონტინგენტს შორისაც.
მკვლელობის მცდელობები ხდება არა მხოლოდ რუს მობილიზებულ, არამედ დაქირავებულ სამხედროთა კონტინგენტს შორისაც.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, როსტოვისა და ნოვოჩერკასკის გარნიზონის სასამართლოებმა წარმოებაში სამხედროების მიერ ჩადენილი მკვლელობების 86 სისხლის სამართლის საქმე მიიღეს.

რუსეთის სასამართლოების მიერ გამოქვეყნებული მცირერიცხოვანი განაჩენებიდანაც კი ცხადი ხდება, რომ ყველაზე უფრო ხშირად თანამებრძოლების მიმართ სხვადასხვა დანაშაულს ფრონტის ხაზზე კონტრაქტის საფუძველზე გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები სჩადიან. ფრონტის ხაზზე მყოფ რუს ჯარისკაცებს შორის გავრცელებულია ასევე ისეთი არასაწესდებო ურთიერთობები, როგორიცაა ლოთობა, დისციპლინის დამრღვევი ჯარისკაცების სასტიკად ცემა და შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.

„კავკაზ.რეალიის“ საიტის მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ ძალადობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს რუსეთის არმიაში.

ომი-ომია!

გასული წლის სექტემბერში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჯარისკაც მურად გაზიევს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე სიცოცხლეს გამოასალმა თავისი თანამებრძოლი.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მთვრალმა ჯარისკაცმა თანამებრძოლის სმარტფონში თვალი მოკრა თავის ცოლთან მიმოწერას, რის გამოც კიდევ სამი კოლეგის თვალწინ თანამებრძოლი ავტომატის ცეცხლით სიცოცხლეს გამოასალმა.

სროლისას მოკლული საძილე ტომარაში იმყოფებოდა და არ შეეძლო თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოკლული ჯარისკაცის ნათესავები სასამართლო პროცესზე ცდილობდნენ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და ბრალდებულის უფრო მძიმე მუხლით გასამართლებას. მაგრამ სასამართლომ დაზარალებული მხარის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

კიდევ უფრო ადრე, 2022 წლის დეკემბერში, ნოვოჩერკასკის საგარნიზონო სასამართლომ კოლეგის დახვრეტის გამო მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში ცხრაწელიწად-ნახევარი პატიმრობა მიუსაჯა ვლადიმირ პუტინის ბრძანებით მობილიზებულ ალექსანდრ ჟარიკოვს.

განაჩენის თანახმად, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ მოკლულსა და ერთ-ერთ ჯარისკაცს შორის ღამით მომხდარი ჩხუბის შემდეგ ჟარიკოვმა მძინარე თანამებრძოლი ავტომატ АК-12-ის ჯერით გამოასალმა სიცოცხლეს. ჟარიკოვმა სასამართლოზე თქვა, რომ ის მოქმედებდა შურისძიების მოტივით, რადგან მოკლული სიმთვრალეში ხშირად სცემდა თანამებრძოლებს. სასამართლომ ალექსანდრ ჟარიკოვს კოლონიაში ხანგრძლივი პატიმრობის გარდა მის მიერ მოკლული თანამებრძოლის ქვრივისათვის 1 მილიონი რუსული რუბლის გადახდაც დააკისრა.

სამხედრო სამსახურში კონტრაქტის საფუძველზე მობილიზებული ვიტალი ნოვოსელოვი 2023 წლის პირველ იანვარს დანით დაესხა თავს თანამებრძოლს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე პანსიონატ „უტიოსში“. მთვრალმა ნოვოსელოვმა, რამდენჯერმე დაარტყა ტურისტული დანა სახესა და მკერდის არეში ჯარისკაც კალიევს. მისი მოკვლა სურდა, მაგრამ კალიევი გადარჩა. თავდამსხმელ ვიტალი ნოვოსელოვს კი ნოვოჩერკასკის რაიონულმა სასამართლომ კოლონიაში 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია.

მკვლელობის მცდელობები ხდება არა მხოლოდ მობილიზებულ, არამედ დაქირავებულ სამხედროთა კონტინგენტს შორისაც.

გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სამართალდამცველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფ „შტორმ-გლადიატორის“ მეთაური ალექსანდრ ოსტაშკოვი და მისი მოადგილე, 29 წლის დაღესტნის მკვიდრი მაგომედ მაგომედოვი. ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ ორი თანამებრძოლის, 60 წლის შაკირ აკბეროვისა და 57 წლის ანდრეი ლუკაშინის, მკვლელობაში.

ეს ინფორმაცია მხოლოდ ტელეგრამის არხებით გავრცელდა და უცნობია, თუ რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა დანაშაულს. ცნობილია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მსგავსად, დანაყოფი „შტორმ Z“-იც დაკომპლექტებულია იმ პატიმრებით, რომლებიც უკრაინაში საომრად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიბირა.

ყველა სამხედრო, როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ნასამართლევია: კერძოდ, მაგომედოვი - ქურდობისა და ყაჩაღობისთვის (ზოგი ცნობის მიხედვით, ასევე თაღლითობისთვის), ხოლო ოსტაშკოვი - თაღლითობის, ძარცვის, ქურდობისა და გაფლანგვისთვის. ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო. ნოვოსტი“ წერს, რომ მოკლულ აკბეროვსა და ლუკაშინს ასევე ჰქონდათ კრიმინალური წარსული: პირველი - ნარკოტიკებისთვის, მეორე - ქურდობის, ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის იხდიდა სასჯელს.

"ასეთ არმიებში ადამიანის სიცოცხლე მშვიდობიან დროსაც კი არ ფასობს"

სამხედროებს შორის მომხდარი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის მიზეზი ხშირად არის ალკოჰოლი. 2022 წლის მარტში ოცმეთაურმა ალექსეი პივნევმა თავისი ხელქვეითები გაკიცხა იმისთვის, რომ ისინი ალკოჰოლს იღებდნენ საბრძოლო მორიგეობის დროს და უმისამართოდ ისროდნენ მოწინააღმდეგის მიმართულებით. გაუფრთხილებლობით მკვლელობის თავიდან ასაცილებლად, მეთაურმა ხელქვეითებს ავტომატები ჩამოართვა. ისინი გაბრაზდნენ და შური იძიეს: მეთაური მიწაზე წააქციეს და სცემეს. პივნევმა მოასწრო და ერთ-ერთ შეურაცხმყოფელს „მაკაროვის“ პისტოლეტიდან თავში დაახალა ტყვია და მოკლა. მეორე კი მუხლში დაჭრა. ნოვოჩერკასკის საგარნიზონო სასამართლომ ალექსეი პივნევს კოლონიაში 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ჩამოართვა სამხედრო წოდება. მას უფრო მძიმე სასჯელი მხოლოდ იმიტომ არ შეუფარდეს, რომ კონფლიქტის დროს მის წინააღმდეგ უკანონოდ იმოქმედეს.

„მკვლელობების ერთ-ერთი მიზეზი სიმთვრალეა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ასეული ჯარისკაცი უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება უკრაინის დანგრეულ სოფელში, რომლის მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა, ნახევარი კი წავიდა. ისინი შეტევაზე აღარ მიდიან, უბრალოდ უმიზნოდ ელოდებიან. კონტინგენტის გათვალისწინებით, ბუნებრივია, იქ ყვავის სიმთვრალე, ჩხუბი და არასაწესდებო ურთიერთობები“, - ამბობს მოძრაობის „იდიტე ლესომ“ ხელმძღვანელი ივან ჩუვილიოვი.

მისი ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეებს მობილიზაციის თავიდან აცილებაში სამართლებრივად ეხმარება.

შეზღუდული ინფორმაციის პირობებში, დამოუკიდებელ მედიასთან თავად სამხედრო მოსამსახურეების მიერ ანონიმურად ნაამბობი ისტორიებით იქმნება სურათი, რომ რუსეთის არმიაში უბრალოდ დისციპლინა კი არ ირღვევა, არამედ მასობრივად არის გავრცელებული არასაწესდებო ურთიერთობები, მათ შორის სრულიად სასტიკი და გაუკუღმართებული ფორმით, - აღნიშნავს „კავკაზ. რეალიისთან“ საუბარში სამხედრო ანალიტიკოსი დევიდ შარპი.

„პრობლემა ძველ დროში იღებს დასაბამს. როგორც საბჭოთა, ისე ახალ რუსულ არმიაში დისციპლინა ყოველთვის რთული იყო მრავალი მიზეზის გამო: კონტინგენტის სპეციფიკა, მოტივაციის ნაკლებობა და ტრადიცია, როდესაც ოფიცრები თავიანთ მოვალეობებს გადასცემენ "ძველებს" (სტაჟიან სამხედრო მომსახურეებს - რედ.), და სიმთვრალე. ომზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ ტიპის არმიებში ადამიანის სიცოცხლე მშვიდობიან დროსაც კი არ ფასობს“ - ამბობს ექსპერტი.

ჯარში გალიმოვის ოთხთვიანი კონტრაქტი იქცა ექვსთვიან პერიოდად, რომელიც განუსაზღვრელი სამსახურის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.
ჯარში გალიმოვის ოთხთვიანი კონტრაქტი იქცა ექვსთვიან პერიოდად, რომელიც განუსაზღვრელი სამსახურის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.

სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, დევიდ შარპის დაკვირვებით, სარდლობას შეუძლია პრობლემის მოგვარება წესრიგის აღდგენით, მაგრამ დღევანდელ რუსულ არმიაში ასეთი არასაწესდებო ურთიერთობების წინააღმდეგ სისტემატური ბრძოლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

„აქ, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი". ღია პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, იქ, ანუ ყველაზე პრობლემურ კონტინგენტში, ყოფილ დამნაშავეებს შორის, დასახული ამოცანების შესრულების პირობებს კანიბალისტური დასჯის მეთოდებით მიაღწიეს. ამ მეთოდს არ შეიძლება ეწოდოს ცივილიზებული. მაგრამ ეს არის იმის მაგალითი, რომ სარდლობის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებული "ბეზპრედელის" დაძლევა“, - ამბობს დევიდ შარპი.

მოსაზრებას, რომ რუსეთის არმიაში თავისიანებისადმი სისასტიკე უკრაინაში გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომამდე დიდი ხნით ადრე, ისტორიულ წარსულში იღებს სათავეს, მოძრაობის „იდიტე ლესომ“ ხელმძღვანელი ივან ჩუვილიოვიც იზიარებს.

მაგრამ ჩუვილიოვი ფიქრობს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არმიის შიგნით სისასტიკის აღმოფხვრით არავინაა დაინტერესებული, რადგან სასტიკი მოპყრობა არის ის ფუნდამენტი, რასაც რუსეთის სარდლობა ეყრდნობა - გენერალიტეტიდან დაწყებული და სერჟანტთა შემადგენლობით დამთავრებული.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, სამხრეთ სამხედრო ოლქის გარნიზონის სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. მაგრამ, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ომში მონაწილეობის ფაქტი ყოველთვის ხდება შემამსუბუქებელი გარემოება დამნაშავე სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ საბოლოო განაჩენის გამოცხადების დროს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ექსპერტები, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG