Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამიზნე პანკისელი: ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში


რუსეთის სამიზნე პანკისელი: ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:30 0:00

- ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე -ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს; - რუსეთის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება ბერლინში (2019 წელს) - როცა ხანგოშვილი მოკლეს და თბილისში (2015 წელს) - როცა ის დაჭრეს; - რატომ ამოიღეს მიზანში ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის სპეცსამსახურებმა? - როგორ იმოქმედა საქართველოს სახელმწიფომ ხანგოშვილზე თბილისში თავდასხმის შემდეგ? - რატომ აქვთ დაუცველობის განცდა პანკისელებს?

- ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე
-ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს;
- რუსეთის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება ბერლინში (2019 წელს) - როცა ხანგოშვილი მოკლეს და თბილისში (2015 წელს) - როცა ის დაჭრეს;
- რატომ ამოიღეს მიზანში ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის სპეცსამსახურებმა?
- როგორ იმოქმედა საქართველოს სახელმწიფომ ხანგოშვილზე თბილისში თავდასხმის შემდეგ?
- რატომ აქვთ დაუცველობის განცდა პანკისელებს?

პანკისის ხეობაში მტკიცედ სჯერათ, რომ ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობაში დაბადებული ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში (23 აგვისტოს) რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოკლეს. მას მკვლელმა ბერლინის ერთ-ერთ პარკში ესროლა, პარასკევის ლოცვაზე მიმავალს.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია 49 წლის მამაკაცი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. თუმცა უცხოეთის მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული გამოძიებით, ბრალდებულის პასპორტი შესაძლოა ყალბი იყოს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს საქმეში რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობის შესახებ.

უცხოეთის მედია ხანგოშვილის საქმეს სულ უფრო მეტად ადარებს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის დიდ ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუკი დამტკიცდება, რომ ჩეჩნეთის ომების ყოფილი საველე მეთაური გერმანიაში კრემლის დაკვეთით მოკლეს, ეს კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობებს რუსეთსა და დასავლეთს შორის.

პანკისელები (თავად ზელიმხან ხანგოშვილის მონათხრობზე დაყრდნობით) დარწმუნებული არიან, რომ მასზე 2015 წელს განხორციელებული თავდასხმაც რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო. ხანგოშვილს მაშინ საკუთარ სახლთან 8 ტყვია ესროლეს, 4 ტყვია მოხვდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. პანკისელები ამბობენ, რომ თავდამსხმელის დაკავება შესაძლებელი იყო, თუკი ხელისუფლება დროულად იმოქმედებდა.

თავდამსხმელმა მაშინ საქართველოს დატოვება უპრობლემოდ შეძლო და საქმე ამ დრომდე გაუხსნელია, რასაც ადგილობრივები ასევე რუსეთის სპეცსამსახურების ზეგავლენას უკავშირებენ. იმას, რომ თბილისში თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილს სახელმწიფომ არც დაცვა დაუნიშნა და არც იარაღის ტარების უფლება მისცა, პანკისელები სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქის დაცვაზე უარის თქმად აღიქვამენ. საფრთხის შეგრძნების გამო ხანგოშვილმა საქართველო 2016 წელს დატოვა, მალე ოჯახიც წაიყვანა და გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა.

პანკისელები გამორიცხავენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს შურისძიებას 2012 წელს ლაფანყურში ჩატარებული და 10-ზე მეტი ადამიანის სიკვდილით დასრულებული სპეცოპერაციის გამო. მაშინ ზელიმხან ხანგოშვილმა, იმჟამად თბილისში მცხოვრებ ახმედ ჩატაევთან ერთად, ხელისუფლების თხოვნით შეასრულა შუამავლის როლი ხეობაში გამაგრებულ შეიარაღებულ მებრძოლებთან მოლაპარაკებებში. ამის არგუმენტად პანკისელები იხსენებენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლის მცდელობა ლაფანყურის სპეცოპერაციამდე, 2009 წელსაც იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG