Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჭრილი „ფანჯარა“ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში: როგორ ანადგურებს უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს

ილუსტრაცია: უკრაინელი დრონების ოპერატორი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტი პუტინის ფონზე
ილუსტრაცია: უკრაინელი დრონების ოპერატორი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტი პუტინის ფონზე

უკრაინის თავდაცვის ძალების იერიშები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმში შესამჩნევად გახშირდა, განსაკუთრებით — სევასტოპოლში. 2026 წლის მარტსა და აპრილში უკრაინის ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი და კატარღა.

ორმაგი დარტყმა დიდ სადესანტო ხომალდებზე

25-26 აპრილის ღამეს სევასტოპოლში იერიში იქნა მიტანილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზასა და სამხედრო აეროდრომ „ბელბეკზე“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) პრესსამსახურში.

იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტევის შედეგად დაზიანდა დიდი სადესანტო ხომალდები „იამალი“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვი“, ასევე სადაზვერვო ხომალდი „ივან ხურსი“.

თავდასხმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემზე სევასტოპოლში. 2026 წლის 25-26 აპრილი. სკრინშოტი „უკრაინსკა პრავდიდან“
თავდასხმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემზე სევასტოპოლში. 2026 წლის 25-26 აპრილი. სკრინშოტი „უკრაინსკა პრავდიდან“

„იამალისა“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვის“ დაზიანების შესახებ 20 აპრილსაც იუწყებოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

„ორივე ხომალდი, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ომში იყენებდა, მწყობრიდან არის გამოყვანილი. ჩვენი მებრძოლები ამცირებენ ფლოტის საბრძოლო შესაძლებლობებს, მიზანმიმართულად ურტყამენ ლოგისტიკას და მოწინააღმდეგეს ართმევენ ყირიმის, როგორც სამხედრო ბაზის, სრულფასოვანი გამოყენების შესაძლებლობას“, — აცხადებს СБУ.

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ დიდი სადესანტო ხომალდის, „იამალის“, სევასტოპოლში განადგურების ოპერატიული ვიდეოს ფრაგმენტი. 2026 წლის 20 აპრილი
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ დიდი სადესანტო ხომალდის, „იამალის“, სევასტოპოლში განადგურების ოპერატიული ვიდეოს ფრაგმენტი. 2026 წლის 20 აპრილი

26 აპრილის ღამეს, სავარაუდოდ, ამავე რუსულ ხომალდებს განმეორებით დაარტყეს. პროუკრაინული Telegram-არხი Крымский ветер-ი („ყირიმის ქარი“) წერს:

„დიდი სადესანტო ხომალდები „იამალი“ და „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ გადაიყვანეს სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, კარაბელნაიას ყურეში, დიდი ალბათობით, შესაკეთებლად, რაც ადასტურებს წინა დარტყმების ეფექტიანობას“.

თავდასხმა დიდ სადესანტო ხომალდ "ნიკოლაი ფილჩენკოვზე". სკრინშოტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვიდეოდან. სევასტოპოლი
თავდასხმა დიდ სადესანტო ხომალდ "ნიკოლაი ფილჩენკოვზე". სკრინშოტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვიდეოდან. სევასტოპოლი

ორივე შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებასა და სამხედრო სარდლობას ამ ობიექტების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა სევასტოპოლში რეგულარულად ისმის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და დრონების ხმა.

„რუსები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მაგრამ სამიზნეები მაინც დაზიანდნენ“

22 აპრილს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ სევასტოპოლში დაარტყეს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის საპატრულო ხომალდს, 22460 პროექტის კატერს. იმავე დღეს, უწყების ცნობით, დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების მოძრაობის მართვის პუნქტი „სტრელეცკი“.

შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ხომალდების მოძრაობის მართვის ცენტრი "სტრელეცკი" სევასტოპოლში
შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ხომალდების მოძრაობის მართვის ცენტრი "სტრელეცკი" სევასტოპოლში

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას რუსი ოკუპანტების შეტევითი პოტენციალის შესამცირებლად და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად“, — ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

22 აპრილის ღამეს სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი იტყობინებოდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინის იერიშს იგერიებდნენ, მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.

სევასტოპოლში აფეთქებების შესახებ იუწყებოდა პროუკრაინული Telegram-არხი Крымский ветер-ი („ყირიმის ქარი“):

„რუსები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მაგრამ როგორც ჩვენი გამომწერები იტყობინებიან, ორი აფეთქება მოხდა ფიოლენტის კონცხთან, სადაც რუსეთის საზენიტო-სარაკეტო პოლკია განლაგებული. კიდევ ერთი დარტყმა იყო მონასტირსკოეს გზატკეცილზე, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიოელექტრონული დაზვერვის ნაწილია დისლოცირებული“.

მინუს „საზღვაო კონვოის“ კატარღები

2026 წლის აპრილის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკში დააზიანეს რუსული ფრეგატი „ადმირალ მაკაროვი“ („კალიბრის“ ტიპის რაკეტების მატარებელი), რომელიც, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რეგულარულად უშვებდა რაკეტებს უკრაინის კონტინენტურ ნაწილზე.

თავდასხმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატ „ადმირალ მაკაროვზე“ ნოვოროსიისკის სამხედრო ნავსადგურში
თავდასხმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატ „ადმირალ მაკაროვზე“ ნოვოროსიისკის სამხედრო ნავსადგურში

მედია აღნიშნავს, რომ „ადმირალი მაკაროვი“ 2022 წელს კრეისერ „მოსკვას“ განადგურების შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ფუნქციას ასრულებდა.

მარტში ყირიმის ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს პროექტ 03160-ის კატარღის, დაზიანებული „რაპტორის“ ფოტო, გადაღებული საპორტო ქალაქ ევპატორიის მახლობლად.

რუსული საპატრულო კატარღის, „რაპტორის“ განადგურების ვიდეო, რომელზეც კომპანია Fire Point-ის FP-1 ტიპის უკრაინული მოიერიშე დრონის შეჯახებაა ასახული, გამოაქვეყნა უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომაც.

ყირიმში დააზიანეს რუსეთის საზღვაო ფლოტის კატარღა „რაპტორი“
ყირიმში დააზიანეს რუსეთის საზღვაო ფლოტის კატარღა „რაპტორი“

ამის შესახებ არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ განუცხადებიათ.

„რაპტორები“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იმ ხომალდებს აცილებენ, რომლებიც, Telegram-არხის, Крымский ветер-ის თანახმად, „ზღვაში მინიმუმ ორი სწრაფმავალი კატარღისგან შემდგარი კონვოის გარეშე აღარ გადიან, რათა თავი დაიცვან უკრაინული საზღვაო დრონებისგან“.

2026 წლის მარტში, ყირიმის დასავლეთში, ნოვოოზერნოეს რაიონში დაზიანდა პროექტ 02510-ის სადესანტო კატარღა БК-16, - იუწყებოდა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები.

პროექტ 02510-ის მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო-სადესანტო БК-16 კატარღები რუსული სადესანტო კატარღების სერიაა, რომლებიც პირველად საბრძოლო მოქმედებებში 2022 წლის მარტში ბერდიანსკის პორტში გამოიყენეს, შემდეგ კი — იმავე წლის ზაფხულში დნეპრის აკვატორიაში.

პროექტ 02510-ის სადესანტო ხომალდ БК-16-ის განადგურება. 2026 წლის მარტი
პროექტ 02510-ის სადესანტო ხომალდ БК-16-ის განადგურება. 2026 წლის მარტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ სადესანტო კატარღის დაზიანების შესახებ საჯარო პოზიცია არ გაუვრცელებია.

„რუსეთი კატარღებს ყირიმის ნახევარკუნძულის აკვატორიაში იყენებს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული თავდასხმების შემდეგ იქ პრაქტიკულად აღარ დარჩა რუსეთის საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სამხედრო ხომალდები“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი დმიტრო პლეტენჩუკი.

ახლა მტერი ძირითადად კატარღებს იყენებს, დმიტრო პლეტენჩუკი

„ახლა მტერი ძირითადად კატარღებს იყენებს. ესენია „გრაჩონოკის“, „მანგუსტისა“ და „რაპტორის“ პროექტები, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია პატრულირებისა და დივერსიების საწინააღმდეგო თავდაცვისთვის. ამ ერთეულების განადგურება გაცილებით რთულია და, პრინციპში, ისინი აღარც მიიჩნევიან პრიორიტეტულ სამიზნეებად“, — ამბობდა ის 2025 წლის ივლისში.

„რუსეთის საჰაერო თავდაცვას რაკეტების დეფიციტი აქვს“

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაზაფხულზე გაააქტიურეს იერიშები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ყირიმში, რადგან შეძლეს „რუსული საჰაერო თავდაცვის გარღვევა“ - ამბობს გლობალისტიკის ცენტრ „სტრატეგია-XXI-ის" უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი პაველ ლაკიიჩუკი.

„რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გარღვეულია, მასში გაჭრილია „ფანჯარა“. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, არარენტაბელურია დრონების გაშვება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამ „ფანჯარას“ სრულად, მთელი პროგრამით გამოიყენებენ — უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუტევენ ტუაფსესაც, ნოვოროსიისკსაც და ყირიმსაც. გამოიყენებენ მანამ, სანამ ეს „ფანჯარა“ ღია იქნება“, — უთხრა პაველ ლაკიიჩუკმა რადიო თავისუფლების პროექტის, krym.realii-ს რედაქციას.

პაველ ლაკიიჩუკი
პაველ ლაკიიჩუკი

26 აპრილს რუსულ ჯარებში რაკეტების დეფიციტზე, რომლებიც უკრაინული დრონებისა და სხვა საშუალებების წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ, ილაპარაკა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომელმაც კანადის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსს, ჯენი კარინიანს, უმასპინძლა კიევში.

„რუსეთის საწარმოო ობიექტებზე სისტემური იერიშები დამატებით ამცირებს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. რუსეთი განიცდის იმ რაკეტების სერიოზულ დეფიციტს, რომლებითაც უნდა გაუმკლავდეს უკრაინული უპილოტო სისტემებისა და მოიერიშე საშუალებების შეტევას“, — განაცხადა გენერალმა სირსკიმ.

ოლექსანდრ სირსკი
ოლექსანდრ სირსკი

სევასტოპოლი: „რუსეთისთვის „მინუსი“ და „პლუსი” უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის“

პაველ ლაკიიჩუკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებს სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ობიექტებზე წარმატებული იერიშების გაგრძელების პერსპექტივა აქვთ, რადგან იქ კვლავ რჩება ფლოტის მთავარი სარემონტო ბაზა და დამხმარე სამხედრო ნაწილები, მათ შორის — საავიაციო.

„ყველაფერი, რასაც გადაადგილება შეეძლო, სევასტოპოლიდან გაიყვანეს. იქ დარჩა დამხმარე გემების ნაწილი. რუსეთის შეცდომა ის იყო, რომ ფლოტის სარემონტო ბაზა სევასტოპოლში მოაწყო. უკრაინისგან მიტაცებული „სევმორზავოდი“, შავი ზღვის ფლოტის სხვა სიმძლავრეებთან ერთად, ამ ბაზის საყრდენ ობიექტად უნდა ქცეულიყო. ყველაფერი, რაც სერიოზულად ზიანდება, რუსებს სევასტოპოლში გადაჰყავთ. ეს მათი მთავარი „მინუსია“, რაც, თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უდავო „პლუსია“, — ამბობს პაველ ლაკიიჩუკი.

სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა
სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა

2022 წლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაახლოებით მესამედი შავ და აზოვის ზღვებში, ასევე საბაზო პორტებში. იერიში მიიტანეს სხვადასხვა კლასის დაახლოებით სამ ათეულ რუსულ ხომალდზე. ბევრი მათგანი სრულად განადგურდა. მათ შორისაა კრეისერი „მოსკვა“, უახლესი რუსული კორვეტი „სერგეი კოტოვი“, დიდი სადესანტო ხომალდები: „სარატოვი“, „ნოვოჩერკასკი“, „ცეზარ კუნიკოვი“, ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღა. სარაკეტო დარტყმით განადგურდა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობა — ფლოტისა და მისი შენაერთების კოორდინაციისა და კავშირის მნიშვნელოვანი ცენტრი.

ამის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ხომალდები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანეს.

უკრაინის თავდაცვის ძალების იერიში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე
უკრაინის თავდაცვის ძალების იერიში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე

განადგურებულის გარდა, რუსეთის კიდევ დაახლოებით ორი ათეული ხომალდი სერიოზულადაა დაზიანებული და სარემონტოდაა, ხოლო ის გემები, რომლებიც ჯერ კიდევ წყალზე რჩებიან, ასევე საფრთხის ქვეშაა, რადგან მოწყვეტილნი არიან თავიანთ ძირითად ლოგისტიკურ ბაზას სევასტოპოლში.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG