Accessibility links

site logo site logo

რუსულ-ქართული სტუმარ-მასპინძლობა - სად გავავლოთ ზღვარი?


გასული წლის აპრილისგან განსხვავებით, 2019 წლის აპრილში საქართველოში თითქმის 24 ათასით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა. საერთაშორისო ტურისტების სიაში რუსეთის მოქალაქეები 114 ათასი ვიზიტორით პირველ ადგილს იკავებენ.

უკვე ერთი წელია ეკა ჭითანავა ელოდება ორი გამოძიების დასრულებას. ერთ შემთხვევაში, ის მოპასუხეა, მეორე შემთხვევაში კი მომჩივანი.

ერთი წლის წინ, რუსი ეროვნების ტურისტმა მას ძალადობის ბრალდებით უჩივლა. ინციდენტი ბათუმში, რუსეთ-ხორვატიის საფეხბურთო მატჩისას მოხდა. ტრიბუნაზე რუსი ტურისტი რუსეთის ფედერაციის დროშის აფრიალებდა, ეკა ჭითანავამ ეს ხმამაღლა გააპროტესტა რასაც შელაპარაკება მოჰყვა. რუსეთის მოქალაქემ პოლიციაში ძალადობის ბრალდებით იჩივლა.

ის ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეკა ჭითანავამ ბრალდება უარყო და ცრუ დასმენის საფუძველზე რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლოში თავად შეიტანა სარჩელი:

„დროშა არის სახელმწიფო სიმბოლო და მე ამ დროშის გამო გამიჩნდა პროტესტი და არა იმიტომ, რომ ეთნიკურად რუსი ტურისტი საქართველოში ჩამოვიდა. არ მინდა განვაზოგადო, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან გამაღიზიანებელია ჩვენი კოლონიალური დამოკიდებულება რუსი ეროვნების ტურისტების მიმართ. ისინი ჩამოდიან, ჩვენ კი ფეხქვეშ ვეგებით, სერვისს ვთავაზობთ რუსულ ენაზე, ვუკრავთ რუსულ მუსიკას და ა.შ“. - ამბობს ეკა ჭითანავა.

“რუსულადაც ვილაპარაკებ და რუსულ მუსიკასაც დავუკრავ”

საქართველოში არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც მეწარმეს არ მისცემს ნებას საკუთარი პროდუქციის შესათავაზებლად გამოიყენოს რუსული ენა, რუსული სიმბოლიკა - დროშიდან დაწყებული პუტინის ქანდაკებით დამთავრებული.

საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით, ცენტრალურ უბნებსა და ტურისტულ ზონაში,ბევრგან შეხვდებით რუსულ ენაზე გამოკრულ ბანერებსა და რუსულად მოლაპარაკე პერსონალს, რომლებიც ტურისტებს თავაზიანად იწვევენ მაღაზიებსა და რესტორნებში. მათი არგუმენტი მყარია:

„რატომაც არა, რუსულადაც ვილაპარაკებ და რუსულ მუსიკასაც დავუკრავ. ჩემი ბიზნესია და მე ვწყვეტ, ვის რას და როგორ შევთავაზებ“, - ამბობს ძველი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ღვინის მაღაზიის მენეჯერი.

მენეჯერს მხარს უბამენ იქვე მდებარე კაფე-რესტორნების თანამშრომლებიც: „ფულს ესენი ხარჯავენ“, „ჩვეულებრივი სტუმრები არიან...“, „ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ჩვენ ჩვენი ბიზნესი გვადარდებს“...

„როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის მათი ბიზნესი და ამ გზით შოულობენ ფულს, ვერ შეეწინააღმდეგები,თითის ქნევას ვერ დაუწყებ, რატომ ელაპარაკება მათ რუსულ ენაზე, ან რატომ უკრავს რესტორანში რუსულ მუსიკას. მათი გადასაწყვეტია, რად უღირთ საკუთარი თავმოყვარეობა“ - ამბობს ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე და იხსენებს, რომ თავადაც არაერთხელ ყოფილა შემსწრე იმის, თუ როგორ აგრესიულად მოითხოვენ რუსი ტურისტები რუსულ ენაზე ურთიერთობას და ამცირებენ მომსახურე პერსონალს.

“არსებობს კომუნიკაციის მეთოდი, რომელიც ასეთ სიტუაციებში გამოგვადგება, ამბობს ირინა ტაბუცაძე - “პირველ რიგში ვეუბნებით, მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვედით და მოგწონთ აქაურობა, თუმცა მივუთითებთ, რომ არ მოგვწონს, როდესაც ის აგრესიულად იქცევა და ბოლოს, ვეუბნებით, რომ ჩვენ მისი საქციელის გამო თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. ეს არის კლასიკური სქემა, თუ როგორ უნდა მივცეთ ადამიანს შენიშვნა ისე, რომ არც ის დარჩეს შეურაცხყოფილი და არც ჩვენ.”

„ტურიზმს ვერ ავკრძალავთ, შეგვიძლია შევცვალოთ საზოგადოების ცნობიერება“

„დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისევე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს... იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში“, - განაცხადა 2012 წლის 28 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.

სწორედ ამ წელს, ომიდან 4 წლისთავზე, საქართველომ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ გზით „უფრო დიდ შანსს აძლევდა მშვიდობას“.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა და ვიზის გარეშე დარჩენა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. 2012 წლიდან რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და 2018 წელს მათმა რიცხვმა თითქმის 1,5 მილიონს მიაღწია.

„რუსი ტურისტის ბრალი არ არის, რომ რესტორნებში ისმის რუსული მუსიკა. სახელმწიფომ საზოგადოების ცნობიერების შეცვლაზე უნდა იზრუნოს“, - ამბობს „რონდელის ფონდის" მეცნიერ-თანამშრომელი შოთა უტიაშვილი. მისი თქმით, პრობლემა საკანონმდებლო ჩარევით ვერ გადაიჭრება:

„ბოღმას რუს ტურისტზე ვერ ამოვიყრით. ვასწავლოთ ბავშვებს სკოლაში ვინ იყო გიორგი ანწუხელიძე. იმას კი ნუ ვასწავლით, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არამედ ვასწავლოთ, რეალურად როგორ დაიწყო 2008 წლის ომი და ა.შ. სწორი მიმართულებით განვავითაროთ საზოგადოების ცნობიერება და მაშინ, დიდი ალბათობით, მივიღებთ შედეგს, როდესაც მაღაზიებში აღარ გაიყიდება პუტინის ქანდაკებები და რესტორნებში აღარ დაუკრავენ რუსულ სიმღერებს“.

პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ტურისტებთან საინფორმაციო ხასიათის მუშაობის წამოწყება. მაგალითად, მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას, საზღვარზე ბუკლეტების სახით მივაწოდებთ ინფორმაციას რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის შესახებ:

„ეს ინფორმაცია უნდა გადავცეთ არა მხოლოდ რუსი ეროვნების, არამედ სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებსაც, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთიდან ტურისტები შემოდიოდნენ და საქართველოში ფულს ხარჯავდნენ. ეს, ერთის მხრივ, საშუალებას აძლევს ჩვენს მცირე ბიზნესს, რომ განვითარდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ მიმართ მონური დამოკიდებულება უნდა გამოვავლინოთ. თავაზიანობა, თავშეკავება და ღირსება - მხოლოდ და მხოლოდ ამ სამი კრიტერიუმით უნდა შემოვიფარგლოთ მათთან ურთიერთობისას“.

პრინციპულობა - ეს არის კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელიც ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების მიმართ. ამ შემთხვევაში, ის აქცენტს აკეთებს ე.წ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებაზე, რომელიც საქართველოში კანონითაა აკრძალული და გაიგივებულია ფაშისტურ სიმბოლიკასთან. მაგალითად, მისი თქმით, დაუშვებელია ქვეყანაში რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოს, ე.წ. „გეორგიევსკის ბაფთებით“ გადაადგილება.

„გიორგის ბაფთა“ 2005 წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც პატრიოტულ-პოლიტიკური სიმბოლიკა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემოიღო. ამ ბაფთამ კრემლისთვის განსაკუთრებული პროპაგანდისტული დატვირთვა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმის ანექსია განხორციელდა.

ე.წ. „გეორგიევსკის ბაფთები“ განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე მაისის დასაწყისში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის პარალელურად. გასულ წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, არაერთი დაპირისპირება მოჰყვა რუსეთიდან შემოსულ „გეორგიევსკის ბაფთებით“ შემკულ ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG