Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება არ აკეთებს კომენტარს ოკუპირებულ აფხაზეთში AirBnB-ის ოპერირების განახლებაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, არ აკეთებს კომენტარს AirBnB-ის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოპერირების განახლების თაობაზე.

ინფორმაცია, რომ Airbnb-ზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, ონლაინპლატფორმის ოფიციალურ საიტზე 10 აპრილს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, მიმდინარე წლის იანვარში, აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისმა მიიღო გადაწყვეტილება, წაეშალა განცხადებები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან. კომპანიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:

„კომპანიამ შეიმუშავა სტრუქტურა იმის შესაფასებლად, თუ როგორ უნდა მივუდგეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებს. მათ შორის არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ითვლება ოკუპირებულად, სადაც სახლები, ჩვენი ბიზნესის საფუძველი, წარმოადგენს დავისა და კონფლიქტის გაღრმავების მიზეზს."

საიტზე ბინების განცხადებები დაბრუნდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის დასახლებებიდანაც. განცხადებები ამ ტერიტორიებიდან წაიშალა გასული წლის ნოემბერში. კომპანიას განცხადებების წაშლისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდნენ პალესტინის ოფიციალური პირები და ადამიანის უფლებების დამცველები. საბოლოოდ კომპანიამ საიტიდან წაშალა 200-მდე განაცხადი ამ დასახლებებიდან. ამ გადაწყვეტილებამ ისრაელის პროტესტი გამოიწვია. ამ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, იარივ ლევინმა კომპანიის გადაწყვეტილებას „დისკრიმინაციული“ და „სამარცხვინო კაპიტულაცია“ უწოდა.

რაც შეეხება კომპანიის ახალ გადაწყვეტილებას, სადავო ტერიტორიებიდან განცხადებების კვლავ გამოქვეყნების შესახებ, პორტალის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა არამომგებიან ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით არიან დაკავებულნი. ამგვარად, Airbnb სადავო რეგიონებში მდებარე ობიექტების გაქირავებისგან მიღებულ შემოსავალზე უარს ამბობს.

„ევროპული საქართველო“ AirBnB-ის აფხაზეთში ოპერირების განახლებაში საშიშ ტენდენციას ხედავს და მთავრობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო სანქციებში ინკორპორირების დავალების გაცემის ინიციატივით გამოდის.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ამერიკული კორპორაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განდევნილი ქართველების უძრავი ქონების გაქირავება რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაციაა.

„სწორედ ამას ვგულისხმობდით როცა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე სტრასბურგში ევროსაბჭოს ტრიბუნის არგამოყენებისთვის გავაკრიტიკეთ. პრემიერმა აღწერა ჩვენი პრობლემები, მაგრამ არ უთქვამს, რას ვითხოვთ, არ მოუთხოვია ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემატიკის შეტანა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის სანქცირება“.

გიორგი კანდელაკის თქმით, ყირიმში AirBnB და მსგავსი კომპანიები ვერ ოპერირებენ სწორედ იმიტომ, რომ იქ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.

პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომლის თანახმადაც, პარლამენტი მთავრობას რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას დაავალდებულებს.

15 აპრილის მონაცემებით, პორტალზე აფხაზეთიდან 1000-ზე მეტი განცხადება დევს. გასაქირავებელი ბინებისა და სახლების ფასი 11 ამერიკული დოლარიდან იწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG