Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: როგორ უნდა გამოცოცხლდეს კულტურული ცხოვრება?


პანდემია მძიმედ აისახა მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაზე - დაიხურა საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები, თეატრები, საგამოფენო სივრცეები. კრიზისი გრძელდება. საკარანტინო ზომების შემსუბუქების მიუხედავად, მნახველებისთვის კვლავაც შემზღუდველი წესები მოქმედებს. ევროპის პრესაში ბევრი იწერება იმაზე, რომ კულტურის ინდუსტრიას ძალების მოკრებაში სახელმწიფოები უნდა დაეხმარონ.

კულტურა ევროპის იდენტობის ცენტრალური კომპონენტიაო, წერს სლოვენიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Delo 27 მაისს:

„დადგა დრო, მთავრობების კეთილგონიერმა წევრებმა თავიანთი როლი შეასრულონ. მათ, თავიანთი ხედვით და გატარებული ზომებით, იმედი და მხარდაჭერა უნდა მისცენ კულტურის პროლეტარიატს. მათ წარმოსახვის უნარი უნდა გამოიყენონ და უნდა გვაჩვენონ, როგორ შეიძლება სიცოცხლე შეუნარჩუნდეს არაინსტიტუციურ კულტურას, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები. უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც ასეთი კულტურა კიდევ ერთხელ გადარჩება. .... კულტურა ევროპის იდენტობის შეუცვლელი ნაწილია და სწორედ მთავრობის ფუნქციაა გონივრული და ახლებური გადაწყვეტების მოძებნა ისეთი ახალი პარადიგმის შესაქმნელად, რომელიც დახმარების აღმომჩენი და სამართლიანი იქნება“.

თეატრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ფეხბურთიო, წერს კომიკოსი და ავტორი, შაპი ხორშანდი, ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ The Independent-ში 26 მაისს:

როგორც ჩანს, ხელოვნების ინდუსტრია ჯაჭვის ბოლოშია, როცა საქმე ეხება სფეროებს, რომლებსაც აღდგენაში დახმარება უნდა გაეწიოს. დღეს გამოაცხადეს, ფეხბურთელებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ წვრთნებს და მათ არ შეეხება ორი მეტრის დაცვის აუცილებლობაო. ცხადია, ფეხბურთი უზარმაზარი ბიზნესია, მაგრამ ვნება, რომელსაც ხალხი ფეხბურთის მიმართ გრძნობს, და ემოციები, რომლებსაც ის აღძრავს, ძალიან შორს არ არის თეატრისგან. გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია მატჩების ცოცხლად ყურება, რათა თავი წარმოდგენის

ნაწილად იგრძნონ. და ეს მესმის. ეს ყველას გვჭირდება და ამიტომაც გვჭირდება თეატრი. ... თეატრი ფუფუნება არ არის. ცოცხალი ხელოვნების გარეშე ნეტავი საერთოდ თუ ვიქნებით ადამიანები?“

მდიდარი ხელოვანები მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიანო, ჩივის ლატვიაში გამომავალი ნაციონალისტური ორიენტაციის Neatkarīgā 25 მაისს:

„კულტურის სფეროში მომუშავე ხალხი, რომელიც სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტებზეა დამოკიდებული, უმუშევრობის შემწეობას მიიღებს. ეს შემწეობა შესაძლოა არ იყოს დიდი, მაგრამ შიმშილით არავინ მოკვდება. თუმცა რა უნდა ქნან ფრილანსერმა ხელოვანებმა, რომელთა შემოსავალიც ღონისძიებებსა და კონცერტებზეა დამოკიდებული? მათი ჯიბეები ცარიელია. ... ჩვენი ყველაზე წარმატებული ბენდი, Brainstorm-ი, დიდად ვერაფერზე დაიჩივლებს. ... ჩვენმა კულტურის სამინისტრომ ამ ჯგუფს კომპენსაცია გადაუხადა გაუქმებული ტურნეს გამო რუსეთში. ზოგადად, კომპენსაცია ვისაც ერგო, მათ შორის დიდად ღარიბები არ იყვნენ. მაგრამ რა კომპენსაციას მიიღებენ ის მუსიკოსები, რომლებსაც აეკრძალათ დაკვრა ქორწილებზე, წვეულებებზე ან პაბებში?“

ლიეტუვაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Lietuvos rytas-ი 23 მაისის ნომერში მსჯელობს სამშენებლო და კულტურის სფეროებზე მთავრობის მიერ დახარჯული თანხების მიზანშეწონილობაზე:

„მილიონობით ევროს დიდი ნაწილი მოხმარდება განვითარების, სარემონტო და სამშენებლო პროექტებს, რომლებიც დაწყებული იყო და შემდეგ შეჩერდა. ... თანხების ამგვარი გამოყენება საკუთრივ კულტურის სექტორმაც გააკრიტიკა და ოპოზიციამაც. ამის პასუხად, პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნიალისმა პარასკევს განაცხადა, კულტურის გადარჩენას და განახლებას ფული ხმარდება, მაგრამ ეკონომიკის ფილტვებისთვის ჟანგბადს სამშენებლო პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები წარმოადგენსო. ... პოლიტიკოსები თანხების არასწორ ხარჯვას ერთმანეთს აბრალებენ, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG