Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: 20-21 ივნისს, შსს-მ ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც სწავლობდა 20-21 ივნისის აქციის დარბევის და სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან რეაგირებების მართებულობას და ამავდროულად იცავს აქციის დარბევისას დაშავებულ მოქალაქეთა უფლებებს, გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ."

ანგარიშში მოყვანილია შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომლის ინტერვიუდან ნაწყვეტი, სადაც ის ამბობს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთვის არ არსებობდა ცენტრალიზებული მითითება: „...მათ გამოყენებაზე მითითება ცენტრალიზებული არ ყოფილა. იყო მითითება ცრემლსადენი გაზის გამოყენებასა და, შემდგომ, წყლის ჭავლის გამოყენებაზე [...] გაზის გასროლის პირველ ნაკადს მოჰყვა მომიტინგეების მეორე, უფრო აგრესიული შემოტევა და ეს აგრესია იზრდებოდა და იზრდებოდა. მე, როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც წინა ხაზზე ვიდექი და ვითარებას ვუყურებდი, post factum აღმოვჩნდი ამ სიტუაციის შემსწრე, გავაცნობიერე, რომ რეზინის ტყვიები იყო გასროლილი. პოლიციელებს რეზინის ტყვიების გამოყენება მოუწიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში, თავისი და თავიანთი კოლეგების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად და, ასევე, იმ ინსტიტუტის დასაცავად, რომელში შესვლასაც მომიტინგეები ცდილობდნენ.“

საიას მიერ შესწავლილი შემთხვევები ადასტურებს, რომ რეზინის ტყვიების სროლა ხდებოდა იმ პირების მიმართ, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე, დასტურდება, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცალკეულ შემთხვევებში რეზინის ტყვიებს არაპროპორციულად, ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ.​

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG