Accessibility links

საკეისრო კვეთისთვის კლინიკები დაჯარიმდნენ


დაჯარიმებული სამშობიარო სახლი

სოციალური მომსახურების საააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის პირველი მარტიდან ამ დრომდე დიდი რაოდენობით საკეისრო კვეთის ოპერაციების გამო, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 17 სამშობიარო დაწესებულება, 5 კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექციურ კონტრაქტირებას 2017 წლის პირველი მარტიდან ახორციელებს და დიდი რაოდენობით საკეისრო კვეთის შემთხვევაში კლინიკას სანქციას აკისრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ოპერაციების ხვედრითი წილი 15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11 %-ია. საქართველო აპირებს საერთაშორისო სტანდარტებს ეტაპობრივად მიაღწიოს, მანამდე კი კლინიკებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში პროცენტული მაჩვენებლები ინდივიდუალურად განისაზღვრება. სანქციები ეკისრება იმ კლინიკებს, რომლებშიც საკეისრო კვეთის პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირებულა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე, დადგენილებით კი, ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით იანგარიშება. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, კლინიკებისთვის ჯარიმის დაკისრების მიზანი საკეისრო კვეთის ოპერაციების შემცირებაა.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი არ შემცირებულა და თითქმის 45 %-ია. ხელშეკრულების პირობების დარღვევის მოტივით ქუთაისში სანქციები დაეკისრა სამ კლინიკას - ნომერ მეორე და მესამე სამშობიარო სახლებს და ხონელიძის კლინიკას.

მშობიარობის დაფინანსება

  • საქართველოში ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისრო კვეთის ოპერაციას კი 800-ით.
  • 500 ლარით ფინანსდება პაციენტი იმ შემთხვევაშიც, თუ საკეისრო კვეთა კეთდება მშობიარის მოთხოვნით და არა სამედიცინო ჩვენებებით, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა საფრთხეს უქმნის დედის ან ბავშვის სიცოცხლეს.

ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი 100 ათასი ლარით დაჯარიმდა. კლინიკის იურისტის ზაზა ხაჟალიას განცხადებით, სანქცია სოციალური მომსახურებისსააგენტოში გაასაჩივრეს და ამჟამად ელოდებიან პასუხს, თუ რის საფუძველზე დაეკისრათ დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა.ზაზა ხაჟალიას ინფორმაციით, ორსული ქალების დიდი უმრავლესობა თავად ითხოვს საკეისრო კვეთას და თუ კლინიკა დაწესებულ ლიმიტს ამოწურავს და პაციენტს მომსახურებაზე უარს ეტყვის, ის სხვა კლინიკაში ჩაიტარებს ოპერაციას, რაც რეალურად სურათს არ შეცვლის და საკეისრო კვეთის ოპერაციების რაოდენობას ვერ შეამცირებს:

„ასეთ ჯარიმას არ მოველოდით. საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ უნდა შეგვემცირებინა საკეისრო კვეთის ოპერაციების რაოდენობა, მაგრამ საანგარიშო პერიოდი შეიცვალა. ამჟამად არის მოცემულობა, რომელშიც პაციენტს შეუძლია აირჩიოს ფიზიოლოგიური მშობიარობა ან საკეისრო კვეთა, მაგრამ კლინიკამ თუ ამოწურა ლიმიტი, მას უარი უნდა უთხრას. მაგრამ ეს უარი პრობლემას არ ხსნის“.

ქუთაისის ნომერ მეორე სამშობიარო სახლის იურისტის ზაზა ხაჟალიას განცხადებით, სოციალური მომსახურებისსააგენტოსგან პასუხის მიღების შემდეგ გადაწყდება, მიმართავს თუ არა კლინიკა სასამართლოს. დაკისრებული საჯარიმო თანხის ოდენობა მოულოდნელი აღმოჩნდა ქუთაისის N 3 სამშობიარო სახლის ადმინისტრაციისთვისაც. კლინიკის დირექტორის ზურაბ უგრეხელიძის ინფორმაციით, 2016 წელს პაციენტთა 47 %-ს ჩაუტარდა საკეისრო კვეთის ოპერაცია, გასულ წელს კი ეს მონაცემი 4 %-ით შემცირდა, თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო, რის გამოც კლინიკა 65 ათასი ლარით დაჯარიმდა:

„ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წელს ჩვენ საკეისრო კვეთის ოპერაციების რაოდენობა უნდა შეგვემცირებინა 39 %-მდე, თუმცა ვერ მოვახერხეთ და 43 % შეადგინა ოპერაციების რაოდენობამ. რადგან დავარღვიეთ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი პირადად მოვაწერე, დავჯარიმდით 65 000 ლარით. მოდის პაციენტი და ითხოვს საკეისრო ოპერაციას, ხელს აწერს, თანხას იხდის რეგისტრატურაში და სახელმწიფოსგან არ ვითხოვთ ოპერაციის დაფინანსებას, მაგრამ მაინც ვჯარიმდებით, რადგან პროცენტულად ყველა პაციენტი იანგარიშება“.

დაჯარიმებული სამშობიარო სახლი
დაჯარიმებული სამშობიარო სახლი

ქუთაისის N 3 სამშობიარო სახლის დირექტორის ზურაბ უგრეხელიძის განცხადებით, ორსულთა დიდი ნაწილი თავად მოითხოვს საკეისრო კვეთას. მისივე თქმით,ამ ტიპის ოპერაციის რაოდენობის შესამცირებლად კლინიკის ექიმები პაციენტებს ინფორმაციას აწვდიან საკეისრო კვეთის უარყოფით მხარეებსა და რისკებზე და ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობის შესახებ, რისი შედეგიცაა 2017 წელსპროცენტული მაჩვენებლის კლება.

საქართველოში ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისრო კვეთის ოპერაციას კი 800-ით. 500 ლარით ფინანსდება პაციენტი იმ შემთხვევაშიც, თუ საკეისრო კვეთა კეთდება მშობიარის მოთხოვნით და არა სამედიცინო ჩვენებებით, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა საფრთხეს უქმნის დედის ან ბავშვის სიცოცხლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG