Accessibility links

logo-print logo-print

5 საკითხი, რომელთა მიმართ საზოგადოება ტოლერანტული არ არის


ბექა მინდიაშვილი

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა.

რადიო თავისუფლებამ ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს, ჰკითხა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება ამ კუთხით თხუთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ.

1. უმრავლესობის სახელით ჩადენილი დანაშაული - ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის სახელით ჩადენილ დანაშაულზე წლების განმავლობაში არავინ რეაგირებდა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. საუბარია ისეთ ფაქტებზე, როდესაც უმრავლესობის წევრი, შესაძლოა თავად სასულიერო პირი, ჩაგრავს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესობის წევრს და ის დაუსჯელი რჩება.

2. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნება - არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ დაუბრუნდა ის ქონება, რომელიც გასაბჭოებამდე ჰქონდა (დიდი ნაწილი დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას). განსაკუთებით სავალალოა ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, რადგან ბევრი მათგანი მოუვლელობის გამო ან დაზიანდა და დაინგრა, ან მფლობელი შეეცვალა. მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების ნაწილი გადავიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში.

3. პროზელიტიზმი სკოლებში - სკოლებში პროზელიტიზმი და რელიგიური ნივთების გამოფენა კანონით აკრძალულია, მაგრამ კანონის ეს მუხლები, წლებია, უხეშად ირღვევა. სკოლებში არ არის სეკულარული გარემო. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ სკოლებში ხშირად ატარებენ ქადაგებას, მასწავლებლები კი მოსწავლეებს ავალებენ ილოცონ.

4. სახელმწიფოს რელიგიური ფავორიტიზმი - ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო რელიგიის საკითხთა სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს, კრიტიკას ვერ უძლებს - იქნება ეს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება თუ სახელმწიფოს მცდელობა აკონტროლოს და მართოს ესა თუ ის რელიგიური გაერთიანება, განსაკუთრებით, მუსლიმი თემი.

5. ბათუმის მეჩეთი - წლებია, მუსლიმი თემი ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთის საჭიროებაზე ლაპარაკობს, რომლის აშენების საშუალება მათ არ მიეცათ. დავა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში გრძელდება. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო წლებში ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმებმა ყველა მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, თავად შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, მაგრამ ბათუმის მერიამ მათ მშენებლობის ნებართვა არ მისცა. მერიის შეფასებით, მიწა, რომელზეც მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, ინტენსიური საცხოვრებელი განაშენიანების ზონაში მდებარეობს და იქ რელიგიური ნაგებობის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.

ტოლერანტობის ცენტრმა დღეს 15-წლიანი მუშაობის შედეგი შეაჯამა. ანცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრმა შეძლო მთელი რიგი საკანონმდებლო თუ სხვა სახის საკითხების მოგვარება, თუმცა პრობლემების დიდი ნაწილი ამ დრომდე რეაგირების გარეშე რჩება.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG