Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ იმედი აქვს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, სწორედ მას დაუჭერს მხარს:

„აბსურდი იქნება ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ მექნება, ეს არ იმოქმედებს მოსახლეობაზე. ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც მხარს დამიჭერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ამ იმედზე არ არის დაფუძნებული, ეს გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელი. და რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ ამ კანდიდატურით და არ დავიხევ უკან“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მმართველი გუნდიდან მას ჯერ არავინ შეხმიანებია საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე კონსულტაციების გამართვის მიზნით. კონსულტაციების გამართვის ინიციატივის შესახებ არაფერია ცნობილი თავად მმართველი გუნდიდანაც. ერთადერთი, რაც ცნობილია, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში არ ეყოლება საკუთარი კანდიდატი.

სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" მხარდაჭერის იმედი აქვს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

​თუმცა გარკვეული მინიშნებები სალომე ზურაბიშვილის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, მხარდაჭერის თაობაზე, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა:

“საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა, დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია, ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება დაფიქრება და შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა“.

იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები...
ირაკლი კობახიძე

გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმული მკაცრი კრიტიკისა, რომელიც 8 აგვისტოს მოჰყვა მის განცხადებას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 15 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო განმარტება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის თაობაზე გააკეთა, მმართველი გუნდისთვის მისაღებია. საქმე ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილს 9 აგვისტოს მოუწია განმარტების გაკეთება აგვისტოს ომის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო. წერილობითი ფორმით გავრცელებულ განმარტებაში ის წერს: „კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი. რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის, სააკაშვილს და მის გარემოცვას. 2008 წლის აგვისტოში პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული. მეორე კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ. მეტიც, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უგუნურება და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა... ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი, რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლე ნაციონალებისა და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვებით, სალომე ზურაბიშვილის სწორედ ეს განცხადება არის მისაღები „ქართული ოცნებისთვის“:

"ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონ სალომესგან. მე არ მინდა შევიდე სიღრმეში, ვინაიდან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ნათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს".

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკოში განცხადება 13 აგვისტოს შეიტანა. ამჯერად ის ცესკოში წარსადგენად ხელმოწერებს აგროვებს, 16 აგვისტოს კი საკუთარ საპრეზიდენტო პროგრამას საზოგადოებას დიდი ჯიხაიშიდან გააცნობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობის შესახებ განცხადება მან 6 აგვისტოს გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია. ამჟამად ის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

2004-2005 წლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG