Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლებრივი ნონსენსი: მეჯვრისხეველი მღებრიშვილი რუსეთის საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლეს


საოკუპაციო ხაზი ერგნეთში
საოკუპაციო ხაზი ერგნეთში

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს -  ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის, თითქოს, 5 ათასიდან 10 ათასამდე დოლარს ჰპირდებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის, ირაკლი ანთაძის, ინფორმაციით, 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.

ტრადიციულად, დე ფაქტო სასამართლო საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო 2 000-რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებს ხოლმე, მაგრამ მღებრიშვილის შემთხვევაში ტრადიცია დაარღვიეს და მისი უფრო მკაცრად დასჯა გადაწყვიტეს. არადა, სოფელ მეჯვრისხევში ოჯახის წევრები დღესვე ელოდნენ მის გათავისუფლებას. ახლა კი, ე.წ. საასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ რომ შეიტყვეს, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულის უპირობოდ გასათავისუფლებლად 10-დღიან ვადას აძლევენ. მღებრიშვილები აცხადებენ, რომ მათ ფარული ნომრებიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ რადიკალურ ზომებს არ მიმართონ.

„მემუქრებიან, მაშინებენ, მაგრამ არ მეშინია. არ გავჩერდები. მთავრობა მუშაობს, მთავრობა აკეთებსო... თუ მთავრობა მუშაობს, სადაა ის ბიჭი?! ძალიან მწვავე განცხადებები გაქვთო, დაფარული ნომრებიდან გვირეკავენ და გვემუქრებიან“, - ამბობს ხვიჩა მღებრიშვილის რძალი, ლეილა მღებრიშვილი.

დაკავებულის ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი, აცხადებს, რომ მუქარის არ ეშინია და იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს 10 დღის ვადაში უპირობოდ არ გაათავისუფლებენ, პროტესტის ნიშნად ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ:

„მთავრობას არაფერი გაუკეთებია, რა უმუშავია? საზღვრის გადაკვეთაზე რომ სამთვიანს აძლევდნენ, არა ყოფილა ეგეთი პრეცედენტი აქამდე. ამ ყველაფერს კარგი სუნი არ უდის“.

დაკავებულის რძალი კი, ლეილა მღებრიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მიმართავს:

„ერთადერთს ვითხოვთ, სასწრაფო წესით გაათავისუფლონ ხვიჩა. მივმართავ უშუალოდ პრემიერს, ბატონ გიორგი გახარიას, და პრეზიდენტს: ქალბატონო სალომე, თქვენ დედაცა ხართ, დაც ხართ და ქალბატონიც ხართ და, როგორც თქვენი საკუთარი ოჯახის გულისტკივილს მიიღებთ, ასე მიიღეთ ჩვენი გულისტკივილიც. ყველანაირი ღონე იხმარეთ, რომ უმოკლეს ვადაში... გევედრებით, ბატონო გიორგი, მაქსიმუმ ათი დღის ვადაში ხვიჩა მღებრიშვილზე მიიღოთ გადამწყვეტი ზომები“.

ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა. აი, რა წერია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლში:.

„რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ შესვლა, მათი უკანონოდ ყოფნა ფედერაციის ტერიტორიაზე ან უკანონო ტრანზიტული გავლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე“.

გამოდის, რომ ამ სამართლებრივი აბსურდით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლემ მღებრიშვილი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დასაჯა, რაც ბუნებაში არ მომხდარა. მღებრიშვილი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ხვიჩა მღებრიშვილსა და ზაზა გახელაძესთან ამ დრომდე ვერ შედის და მონახულებას ვერ ახერხებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. გახელაძის ოჯახში დაკავებულის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ტელეფონით ეკონტაქტებიან და მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საქმეში წინსვლა აქვთ. ცხინვალიდან ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის თარიღთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG