Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეზობლოში ცვლილებებს უნდა ველოდეთ


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ ლაიენმა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობა წარმოადგინა და აშკარა ხდება, რომ ბლოკის სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებას რთული დრო შეიძლება დაუდგეს.

სურთ ლასლო ტროჩანის, უნგრეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ჩააბარონ თანამდებობა, რომელზე მყოფი იურისტი თუ პოლიტიკოსი საქართველოს, მოლდავეთს, უკრაინას და ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის ფასეულობებს უნდა აწონებდეს. ტროჩანი კი ის კაცია, რომლის იუსტიციის მინისტრობის დროს გატარებული რეფორმების გამო ევროკაშირმა მისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, პოლიტიკური მოკავშირე გასულ წლებში ზედამხედველობას უწევდა ქვეყნის სამართლებრივ სფეროში გატარებულ ცვლილებებს, რომელთაც მძაფრად აკრიტიკებდნენ ბრიუსელში სწორედ იმის გამო, რომ ეს ცვლილებები იწვევდა კანონის უზენაესობის შესუსტებას და მთავრობას ანიჭებდა ფართო უფლებამოსილებას მოსამართლეების არჩევასა და სასამართლოების ფინანსების გაკონტროლებაში.

ტროჩანის სახელს უკავშირდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობის კრიმინალიზაციის კამპანია, რომლებიც ეხმარებიან მიგრანტებს. მანვე შეიმუშავა განათლების შესახებ კანონის პროექტი, რომელმაც, როგორც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს, აიძულა ეს უმაღლესი სკოლა დაეტოვებინა უნგრეთი.

ცხადია, ტროჩანის თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება დაინახოთ ნათელი მხრიდანაც, კერძოდ, რომ კომისიაში კვლავ არსებობს პოსტი, რომელზე მყოფი ადამიანი გააგრძელებს სამეზობლო პოლიტიკას და გაფართოებას. ბრიუსელში, ევროკავშირში ბოლო წლებში გაიგონებდით ხოლმე ძალიან ხმადაბლა ნათქვამს, რომ ბრიუსელში წლითიწლობით იკარგება სურვილი გაფართოებისა, განსაკუთებით ისეთ საკვანძო ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და ნიდერლანდი. თუ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელი ესპანელი ჟოზეპ ბორელი უნდა გახდეს, „აღმოსავლეთევროპელმა“ უნდა წარმართოს სამეზობლო პოლიტიკის სფერო. ბორელი სამხრეთ ხმელთაშუა ზღვითა და სამხრეთ ამერიკით უნდა დაკავდეს.

მაგრამ 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებიდან ყველაზე სადავო კანდიდატისთვის ამ პოსტის ჩაბარება მის აღსასრულს უნდა მოასწავებდეს, მით უმეტეს, თუ გადახედავთ სხვა, პოტენციურ, კანდიდატებს, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელი, სლოვენი იანეს ლენარჩიჩი, ბულგარეთიდან მარია გაბრიელი და ახლანდელი კომისარი, იოჰანეს ჰანი.

ტროჩანის მიმართ კრიტიკულად განწყობილნი მას ქარცეცხლში გატარებას უპირებენ ევროპის პარლამენტის კომიტეტში და მისი დამტკიცება ვერ ჩაითვლება უზრუნველყოფილად. ამ პალატამ ადრე თავისი ძალა აჩვენა და ევროპის კომიტეტის თანამდებობაზე კანდიდატების სიიდან, სულ მცირე, ერთი გვარი მისი მეშვეობით ამოიღეს.

ყველაფერი აჩვენებს, რომ ტროჩანისაც ექნება სიძნელეები. უნგრეთმა ბოლო წლებში ევროკავშირი მწყობრიდან გამოიყვანა არაერთი მიღებული კანონით, რაც უკავშირდება ფიდესის პარტიის მმართველობას. ეს პარტია ახლა ევროპის სახალხო პარტიას ჩამოშორებულია, რაც ნიშნავს, რომ ტროჩანის არ ექნება საკუთარი პარტიის მხარდაჭერა, რითიც ის ადრე სარგებლობდა.

ფონ დერ ლაიენმა წერილი მისწერა ტროჩანის და მისი ამოცანები განუმარტა, მაგალითად, რომ დასავლეთ ბალკანეთში უნდა დაჩქარდეს სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმები, განსაკუთრებული ყურადღებით კანონის უზენაესობის საფუძვლებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმირებაზე. ფონ ლაიენი თავის წერილში ტროჩანის ასევე სწერს, რომ მიზანია კორუფციასთან ბრძოლა მთელ რეგიონში, ასევე სწრაფვა კარგი მეზობლური ურთიერთობებისკენ და ორმხრივი უთანხმოებების მოგვარება. რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, უნგრეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ახლანდელ მიზნებზე, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მიიჩნევს ურზულა ფონ ლაიენი. ამ ადამიანისთვის კი, რომელიც ახლახან წარმოადგენდა მთავრობას, რომელსაც აკრიტიკებდნენ მედიის, სასამართლოებისა და ოპოზიციის შეზღუდვისთვის, რომელსაც ორმხრივი პრობლემები აქვს უკრაინასა და სხვა მეზობლებთან მთელი რიგი საკითხების გამო და რომელიც იფარებდა გაქცეულ მაკედონიელ პოლიტიკოსს, ამ ამოცანების შესრულება ცოტა ზედმეტი ტვირთი უნდა იყოს.

მთავრობები თბილისში, კიევსა და კიშინიოვში, ასევე დასავლეთ ბალკანეთში, ალბათ, იმედოვნებენ, რომ ევროპის პარლამენტი საფუძვლიან კვლევას ჩაატარებს, რამდენადაც შემოდგომა კარსაა მომდგარი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG