Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან 8 თვის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ცნობით, საუბარია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მცხოვრებზე, 46 წლის გიორგი ხარაიშვილზე.

მას ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ის „დაკისრებული სასჯელის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ გაათავისუფლეს.

ხარაიშვილმა უკანონო პატიმრობაში 8 თვეზე მეტი - 252 დღე - გაატარა.

სუსის ცნობით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, პროცესში იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG