Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამოკვლევა: სასამართლოს სრულად მხოლოდ 5% ენდობა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 5%. ამდენივეა პარლამენტის მიმართ სრული ნდობის ხარისხიც. სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC).

სრული ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს ეკლესიასა და რელიგიური აღმსარებლობის სხვა ორგანიზაციებს - 55%, მას მოსდევს მასწავლებლების მიმართ სრული ნდობის 31%, ექიმები - 22%-ით და პოლიცია - 19%-ით.

სრული ნდობა ყველაზე ცოტა ადამიანმა გამოხატა მედიის მიმართ - 3%.

CRRC-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის 53% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, 48%-ის აზრით, სასამართლო მიკერძოებულია. გამოკითხულთა 43% თვლის, რომ სასამართლო სისტემა გავლენიანი ჯგუფების კონტროლს ექვემდებარება. 40% სასამართლო სისტემას კვალიფიციურად აფასებს, 35% - მიკერძოებულად. სამართლიანად მას 25% თვლის.

გამოკითხულთა 83% თვლის, რომ სასამართლო სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოკითხულთა 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ჯგუფი (კლანი). მათგან 87% ფიქრობს, რომ კლანს მხარს უჭერენ ხელისუფლების წევრები.

გამოკითხულთა იმ ჯგუფის 94%, ვინც კლანის არსებობას აღიარებს, თვლის, რომ კლანის წევრებმა უნდა დატოვონ სასამართლო სისტემა.

სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისთვის სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებას თვლის საჭიროდ გამოკითხულთა 46%.

41%-ის აზრით, ნდობის გაზრდას ხელს შეუწყობდა ის, რომ ხელისუფლება აღარ ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG