Accessibility links

საფრთხედ ქცეული მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ქუჩებში


ბათუმი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკმაოდ იმატა ძაღლების დაკბენის შედეგად დაშავებული პაციენტების მიმართვიანობამ. ბოლო შემთხვევა საავადმყოფოში 17 იანვარს დაფიქსირდა. ძაღლების თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავებულ მოქალაქეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ გაწერეს. დაშავებული შუახნის მამაკაცი იხსენებს, რომ საღამოს, ბათუმის ბულვარში სეირნობისას, 20-ზე მეტი მაწანწალა ძაღლი დაესხა თავს და რომ არა უცხოელი ტურისტები, აგრესიულ ცხოველებს თავს ვერ დააღწევდა:

„ეშმაკის ბორბალს ვუახლოვდებოდი, რა დროსაც ორი ძაღლი მომვარდა, მათ კიდევ მოჰყვა მთელი ხროვა ძაღლების. ალბათ, 25 ძაღლამდე იქნებოდა. ჩემს ბედზე იმ ადგილას თურქმა ტურისტებმა ჩამოიარეს და დამიხსნეს ძაღლებისგან. მე გადავრჩი, მაგრამ სხვა, ვისაც დახვდებიან? ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, შემჭამდნენ. მე აქვე ვცხოვრობ, ბულვართან, და ვეღარ უნდა ვისეირნო? ამდენი ტურისტი დადის და არ შეიძლება ასე“.

მიუსაფარი ცხოველების გაზრდილ რაოდენობას ბათუმის ქუჩებში ადგილობრივი მოსახლეობაც ამჩნევს. ბათუმის ბულვარში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ევროპის მოედანზე და ქალაქის სხვა ცენტრალურ ადგილებში ქუჩის ძაღლები ჯგუფურად ცხოვრობენ. განსაკუთრებით კი კვების ობიექტებთან ან იმ საცხოვრებელ სახლებთან იყრიან თავს, სადაც საკვები ეგულებათ. ბათუმელი ნინო ბერიძე ამბობს, რომ ქუჩაში მობინადრე ძაღლების მკვეთრად გაზრდილ რაოდენობას ამჩნევს, თუმცა ყურზე მათ შესაბამისი ნიშანი უკეთიათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ცხოველი აცრილია და ის ნაკლებად საშიშია. ადამიანზე თავდასხმის ფაქტები მანამდე არ სმენია, თუმცა ძაღლების გამალებული ყეფა ხშირად ესმის:

„აი, ამ ქუჩის კუთხეში იყრის თავს მთელი ჯოგი ძაღლების. ისინი ედევნებიან და უყეფენ მანქანებს, მაგრამ მოქალაქეზე თავდასხმის შესახებ ან რაიმე საშიში ფაქტი ამ დრომდე, მართალი გითხრათ, არ გამიგია. მაგრამ ეს დაკბენის ფაქტი სიგნალია, რომ ზომები აუცილებლად უნდა მიიღონ. ძაღლების რაოდენობა ნამდვილად მომრავლებულია, მაგრამ პარალელურად პრობლემაა მათი საკვებით მომარაგებაც. როგორც ვიცი, ერთმა ბათუმელმა საკუთარი სახსრებით ქუჩებში სახლები დაუდგა ძაღლებს და ცდილობს გამოკვებოს ისინი“.

მიუსაფარი ძაღლებისთვის ზამთრის ცივ დღეებში სპეციალური ხის სახლების ქალაქის ქუჩებში დადგმა და მათი გამოკვება ბათუმელების ნაწილმა აიტაცა. მათ შორის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ჯორბენაძე გვეუბნება, რომ ზამთარში ცხოველებს შიათ და სცივათ და შესაძლოა მათი აგრესიის მიზეზი სწორედ ეს იყოს, ამიტომ მათზე ზრუნვაა საჭირო:

„გავიგეთ, რომ ერთი ადამიანი აკეთებს ძაღლებისთვის სახლებს და ჩვენს სკოლაში გადავწყვიტეთ თანხა შევაგროვოთ, რომ ყველა მაწანწალა ძაღლისთვის სახლი გავაკეთოთ. მათ უნდა ჰქონდეთ ადგილი და საკვებითაც უნდა იყვნენ უზრინველყოფილი. ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მიუსაფარი ძაღლების პრობლემა გადაიჭრება“.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემას სწორედ მოქალაქეები ქმნიან, გვეუბნება კიდევ ერთი ბათუმელი, მარიამ თოფურია. ადამიანები შინაურ ცხოველებს ყიდულობენ, სახლში მიჰყავთ, ვერ უვლიან, ბეზრდებათ და შემდეგ გარეთ აგდებენ. ცხოველები კი, რომლებიც ქალაქის ქუჩებში აღმოჩნდებიან, თავის გადარჩენისთვის იბრძვიან, მრავლდებიან და შემდეგ ისევ ადამიანებს უქმნიან პრობლემას. თავად მარიამი ფიქრობს, რომ ქუჩის ძაღლებს ისევ ადამიანებმა უნდა უპატრონონ. წლების წინ მან ქუჩაში ნაპოვნი პატარა ლეკვი სახლში წაიყვანა და ახლა იგი მისი საუკეთესო მეგობარია:

„სტერილიზაცია ჰქონდა ძალიან პატარას გაკეთებული. ერთი თვისაც არ იყო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, როცა ავიყვანე. ახლა კარგად არის და უკვე დიდი გოგო გაიზარდა. ადამიანები ძაღლებს თვითონ უშვებენ და მერე თვითონვე წუწუნებენ, ბევრი ძაღლია ქუჩაშიო. ხშირად შეგხვდებათ მართლა სახლის ძაღლები. ჯიშიან ძაღლებს რომ უძახიან, ასეთი ძაღლები მხვდება ქუჩაში გამოგდებული ძირითადად და ეს უფრო ხალხის პრობლემაა, ვიდრე ამ ცხოველების. გამოსავალი იმაშია, რომ დავანგრიოთ სტერეოტიპი ოჯახში მხოლოდ ჯიშიანი ძაღლების მიყვანის და აიყვანონ ადამიანებმა ქუჩის ძაღლები და იზრუნონ მათზე. მაშინ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი და ამდენ პრობლემას აღარ წავაწყდებით“.

ბათუმი
ბათუმი

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა ბათუმის თვითმმართველობასაც ეხება, თუმცა ბათუმის მერიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ქუჩაში მობინადრე ცხოველებზე კი ამ დროისთვის მოქალაქეების გარდა არავინ ზრუნავს, რადგან ბათუმის მერიამ წელს ვერ გამოავლინა კომპანია, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობასა და პოპულაციის რეგულირებაზე აიღებდა პასუხისმგებლობას. სატენდერო წინადადებების მიღება 6 იანვარს დასრულდა, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია. 225 ათასი ლარის ღირებულების მომსახურებაზე ბათუმის მერია ტენდერის გამოცხადებას განმეორებით აპირებს. მსურველმა კომპანიამ ქუჩაში უმეთვალყურეოდ დარჩენილ 2 000 ცხოველის მოვლა-პატრონობაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. კერძოდ, უნდა მოიძიოს ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები და კატები, უნდა უზრუნველყოს მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია; ტრავმირებულ ცხოველებს უნდა აღმოუჩინოს მკურნალობა, მათ შორის ოპერაციული ჩარევითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG