4 სექტემბერს 164-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს XVI საუკუნიდან გამოყენებული ე.წ. მერკატორის პროექციის ჩანაცვლებას 2018 წელს შექმნილი მოდელით.
აშშ აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, კიდევ ექვსმა ქვეყანამ - უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ, სერბეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა - თავი შეიკავა.
სპეციალისტების განმარტებით, მერკატორის პროექციაში კონტინენტების ზომები ეკვატორიდან დაშორების კვალდაკვალ გაზრდილი და გაზვიადებულია. შედეგად, აფრიკის მასშტაბი შემცირებულად მოჩანს ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა რუსეთი, კანადა, გრენლანდია.
რეფორმას აქტიურად უჭერს მხარს აფრიკის კავშირი, რომელმაც განაცხადა, რომ რუკაზე არსებული დამახინჯებები ნიშნავს, რომ კონტინენტს მთელი მსოფლიოს თვალში „სიმბოლურად აკნინებდნენ“.
მოლაპარაკებებს ხელმძღვანელმა ტოგოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს კენჭისყრამ აღიარა, რომ მერკატორის პროექციამ „გრძელვადიანი კოგნიტიური, საგანმანათლებლო, კულტურული, გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გავლენა მოახდინა, რამაც გლობალურ კოლექტიურ ცნობიერებაში აფრიკისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების აღქმული ზომის მკვეთრი შემცირება გამოიწვია“.
გაეროს რეზოლუცია ქვეყნებს ძველი რუკის გაუქმებას არ ავალდებულებს, თუმცა ის მოუწოდებს მთავრობებს, სასწავლო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს, გამოიყენონ 2018 წლის Equal Earth-ის პროექცია, რომელიც ქვეყნების რეალურ ზომებს უფრო ზუსტად ასახავს.
ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერჰარდ მერკატორმა თავისი რუკა 1569 წელს შექმნა, რათა მეზღვაურებს ნავიგაცია გაადვილებოდათ - რუკაზე მიმართულებები კომპასის მიმართულებების შესაბამისი სწორი ხაზებით იყო გამოსახული. ეს რუკა თითქმის 500 წლის განმავლობაში მსოფლიოს სტანდარტად რჩებოდა.
თუმცა დედამიწის მისი მეთოდით გამოსახვის შედეგად კონტინენტები ეკვატორიდან დაშორების კვალდაკვალ უფრო დიდი ჩანს. ზომების მიხედვით, გრენლანდია აფრიკის დაახლოებით ტოლად მოჩანს, მაშინ როდესაც დანიის კუთვნილი ეს ტერიტორია აფრიკის კონტინენტზე 14-ჯერ პატარაა.
ტოგოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ დიუსემ განაცხადა: „რუკა არასოდეს არის ნეიტრალური. ის აყალიბებს წარმოდგენებს, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქმება ხალხებისა და კონტინენტების ადგილი მსოფლიოში და შეუძლია, ზოგჯერ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის ადრეული წლებიდანვე, გაამყაროს წარმოდგენები, რომლებიც გეოგრაფიულ რეალობას არ შეესაბამება“.
კრიტიკოსთან ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ გერჰარდ მერკატორის პროექციამ ხელი შეუწყო კოლონიური აზროვნების განმტკიცებას - აფრიკის ქვეყნების მასშტაბების დაკნინებით და ევროპული, ჩრდილოამერიკული და სხვა რეგიონების ზომების გაზვიადებით.
4 სექტემბრის კენჭისყრის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას. ექსპერტთა ნაწილმა მინისტრის ეს პოზიცია საფრანგეთის ყოფილი კოლონიების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობად შეაფასა.
„ჩვენ უარს ვიტყვით მერკატორის პროექციაზე და უპირატესობას მივანიჭებთ კონკრეტულ ამოცანებზე მორგებულ კარტოგრაფიულ გამოსახულებებს, რომლებიც უფრო ზუსტად ასახავენ ზედაპირების რეალურ ფართობს და შეესაბამება კარტოგრაფებისა და მეცნიერების რეკომენდაციებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ფორუმი